მეუფე მაქსიმე: ახლანდელი უთანხმოება უკრაინაში არის დროებითი პრობლემა

vladika-zapadnoamericki-maksim

კორესპონდენტი: წელს აღინიშნება სერბეთის ეკლესიის ავტოკეფალიის 800 წლისთავი. თუ აღინიშნება ეს იუბილე თქვენს ეპარქიაში და როგორ აღიქვამთ სერბეთის პირველ მთავარეპისკოპოსს, წმინდა საბას, როდესაც მას გამოვყოფთ ჩვეულებრივი, ჩვენთვის კარგად ცნობილი, ყველასათვის მისაღები დისკურსისაგან?

მეუფე მაქსიმე: ჩემი მოკრძალებული აზრით, ავტოკეფალურობის ზეიმი არის ერთობის და არა „დამოუკიდებლობის“ ზეიმი, რადგან ეკლესიას და მის მიერ მთელ ქმნილებას აქვს ერთი ღერძი (დედა ბოძი), რომელიც წარმოადგენს ისტორიის საფუარს; მადლი, რომელიც განსწმენდს ყველას და ყველაფერს. 1219 წლის ისტორიულმა გარემოებებმა, მიიყვანა საბა ნიკეაში. მაშინდელი მსოფლიო პატრიარქი, რომელიც უძლურების სამოსელით შემოსილი (თავს აფარებდა ნიკეას), სერბული ტერიტორიების მთავარეპისკოპოსის დიმიტრი ხომატიანის გვერდის ავლით, ავტოკეფალიას აკუთვნებს სერბეთის ეკლესიას. XIII საუკუნის ეს ისტორიული მომენტი საინტერესოა, მაგრამ ამავდროულად არის ძლიერი ანალოგია მართმადიდებლურ სამყაროში განვითარებული უახლესი მოვლენებისა.

წმინდა საბას მთელი ცხოვრება არის პარადოქსული მოვლენებით აღსავსე. მშობლებისაგან გაქცეული იგი იქნა მომწყვდეული სულიწმინდის ბადეში, რათა მოგვიანებით თავისი თანამემამულეები მიეყვანა ქრისტეს სამწყსოში. ბერი, რომელსაც სწყუროდა განდეგილობა, გახდა ცნობილი აღმაშენებელი, უიშვიათესი დიპლომატი, შეუორგულებელი ეპისკოპოსი – მმართველი… ძე ურჩი მამისა, მოახერხებს მამა გახდეს მორძილი ძისა, ამიტომ საბას ნემანია მიჰყავს წმინდა მთაზე. თავისი ცხოვრების კოორდინატებად საბა უამრავ მიმართულებათა შორის ირჩევს შემდეგ ადგილებს: ათონის მთა, კონსტანტინეპოლი, სტუდენიცა, იერუსალიმი – წმინდა მიწა, სერბეთი, ბიზანტია, თესალონიკე, ალექსანდრია, ეგვიპტის უდაბნო, სინას მთა … ერთი სიტყვით, ეს არის სრულყოფილი წმინდა ტოპოგრაფია სრულყოფილი წმინდა ბიოგრაფიისათვის. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ქრისტეს თანამყოფობის საიდუმლოს წესს გარდაქმნის თავის modus existendi-ად. თავისი მყოფობით თავბრუს ახვევს და ფერს უცვლის ყველა საზოგადოებრივ წრეს – საეკლესიოს, საეროს, პოლიტიკურს, საერთაშორისოს… და ყველაფერი ამის შემდეგ კვლავ მიიჩქარის განდეგილობაში, საიდანაც აგზავნიდა ახალ კურთხევებს. ეს ქრისტეს მსგავსი (ქრისტეს ხატი) ადამიანი მთელ თავის ძალასა და საქმიანობას დებდა სხვის (მოყვასის) სამსახურში. ხელს კი აწერდა შემდეგნაირად: – ცოდვილთა შორის ყველაზე უღირსი – საბა. საბას საიდუმლოებრივი მოტო და მოდუსი გახლდათ – თანამყოფობა განშორებაში, რომელსაც იგი მიუსადაგებს მთელ მის ცხოვრებას. თავისი განშორებით იგი მამას იზიდავს ათონის მთაზე, განშორებული მოქმედებდა სტუდენიცადან, წმინდა მიწიდან და ახლა დიაქრონულად ცათა სასუფეველიდან. მისი სააშკარაოზე გამოსვლა გრძელდებოდა მხოლოდ იმდენი ხანი, რა დროც იყო საკმარისი დახმარებოდა ვინმეს, დადგომოდა მხარში, განემტკიცებინა, მიეცა ახალი შთაგონება და კვლავ მიდიოდა. საერო მანერებისაგან განსხვავებით იგი ადგილს უთმობდა სხვებს, ასე იქცეოდა დასაწყისშიც და შემდეგაც. სამეფო ტახტი, რომელიც მას ეკუთვნოდა, დაუთმო ძმებს, ხოლო მთავარეპისკოპოსის კათედრა გადასცა არსენს. ამავდროულად, თავის განდეგილობაში აღწევს მათთან ერთობას. მისი სიმდაბლის გამო ღმერთმა მას მისცა ძალა შეეერთებინა განხეთქილებები და ეპოვა გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან.

ჩვენი დღევანდელი ჩვევებისაგან განსხვავებით საბა ერთმანეთს არ უპირისპირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, არამედ ცდილობდა სინთეზში მოეყვანა ისინი. როგორც თქვა წმინდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩმა, „მასში ჰარმონიის სისავსით ერთმანეთს შეხვდა აღმოსავლეთი და დასავლეთი“. მას, როგორც აღმოსავლეთელს, ჰქონდა ღრმა ფიქრისაკენ მიდრეკილება და ამავდროულად, როგორც დასავლეთელი, იყო მოქმედებაში ენერგიული. ეს არის მოდელი, რომელიც კარგი იყო იმ დროისათვის და კარგია ახლაც. თუკი ყურადღებით წავიკითხავთ მის ბიოგრაფიას, ვნახავთ, რომ საბა პირადად ამშვიდებს უნგრულ-ლათინურ კავშირს, რომელიც მიმართული იყო სერბეთის წინააღმდეგ. იგი ლათინთა სამეფოში მოგზაურობს სრულიად მშვიდად, თითქოს და თავის სამეფოში მოგზაურობდეს. უგზავნის ელჩს რომის პაპს. უმიზეზოდ არ მოიხსენიებს ბიოგრაფი დომენტიანი, რომ კაიროს სულთანი საბას დიდ პატივს სცემდა და უწოდებდა მას ნამდვილ ღვთის კაცს.

კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიის და იერუსალიმის სიონის ეკლესიის ტრადიციათა ღრმა შეთვისებამ საბა აიყვანა კულტურულ-სულიერი განათლების ახალ საფეხურზე: არქიტექტურას, იკონოგრაფიას, მუსიკას, პოეზიას, პროზას … საბას დროიდან მიჰყავს სერბი ერი სულიერ სიმწიფემდე და განსაცვიფრებელ შემოქმედებამდე.

ახლა, როდესაც ვზეიმობთ ავტოკეფალიის იუბილეს, თუკი ამ ზეიმში არ ჩავრთავთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, ჩვენ ვერ ვიქნებით მოწოდების იმ სიმაღლეზე, რომელიც დავალებად დაგვიტოვა საბა ნემანიჩმა.

კორესპონდენტი: არსებობს ახალი მღელვარება მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიის დონეზე?

მეუფე მაქსიმე: არსებობს მღელვარება. ვინც კარგად იცნობს (არა ზედაპირულად) ეკლესიის ისტორიას, იცის, რომ ნაადრევი განსჯისაგან უნდა შევიკავოთ თავი. განსაკუთრებით თავი უნდა ავარიდოთ განკითხვას. ეკლესიის ისტორიისაგან ვსწავლობთ, რომ ღვთის განზრახვა ხშირად ვლინდება შემაძრწუნებელი და პარადოქსული შემთხვევების საშუალებით. საეკლესიო კრებები ერთობაში ღებულობდნენ სქიზმატებს მაშინაც კი, თუკი ისინი აჩვენებდნენ სინანულის მცირე ნიშანს მაინც.

წმინდა იოანე ოქროპირმა, როგორც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა, მცირე აზიაში, მისი იურისდიქციის გარეთ სრულიად „არაკანონიერი“ ჩარევა მოახდინა, რის გამოც მას აკრიტიკებდნენ მისი თანამედროვე მამები. მისი, როგორც მზუნველი მწყემსის ეს საქციელი იყო ღვთისთვის სათნო და შემდგომში დრომ აჩვენა, რომ ჰქონდა სოტირიოლოგიური დიმენზია.

ზემოთ ვახსენეთ, რომ 1219 წელს მსოფლიო პატრიარქმა სრულიად უგულვებელს-ჰყო კანონიკური მდგომარეობა სტეფანე ნემანიას სახელმწიფოში და კანონთა საპირისპიროდ ავტოკეფალია მისცა სერბეთის ეკლესიას. აქ აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ეს სახელწიფო კანონიკურად ექვემდებარებოდა ოხრიდის მთავარეპისკოპოსს დიმიტრი ჰომატიანს, რომელიც გვიანდელ ბიზანტიაში გახლდათ დიდი ავტორიტეტის მქონე კანონისტი. დღეს ყველანი მოხარულნი ვართ ამ თამამი, მაგრამ ამავდროულად არაკონონიკური ნაბიჯის გამო.Episkop-Maksim-Vasiljevic-774x575

ახლანდელი უთანხმოება უკრაინაში არის დროებითი პრობლემა და მჯერა არ აქვს ის გეოპოლიტიკური განზომილება, რომელსაც მას მიაწერენ. თუკი ეკლესია გაიყოფა ერთი ჩვეულებრივი კანონიკური ტურბულენციის გამო, ეს ნიშნავს, რომ იგი არც კი ყოფილა ისეთი დიდი რა სიდიდესაც მას მიაწერენ, არამედ ყოფილა პატარა და ამ პრობლემამდე უფრო ადრე დაკარგული. ახლა გამოვთქვამ ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას და ამ დროს შეგნებული მაქვს, რომ ეს აზრი უმცირესობას წარმოადგენს. მჯერა, რომ პირველი საყდრის ინტერვენცია ამ საკითხში არ წარმოადგენს მცდელობას, დაიკავოს ერთი გეოგრაფიული ნაწილი, არამედ მან ლიტურგიულ სამყაროში შეიყვანა უკრაინელი ხალხის უმეტესობა, რომელიც აქამდე, გამართლებული ან გაუმართლებელი მიზეზების გამო იმყოფებოდა ჭეშმარიტი ეკლესიის ევქარისტიული ერთობის მიღმა. ამ ტერიტორიაზე, ეკლესიის შვილების ის ნაწილი კი, რომელიც აქამდე იმყოფებოდა ეკლესიის ცხოვრების სისავსეში, არ უნდა იყოს უკმაყოფილო, არამედ ლოცვით უნდა მიხვდნენ, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც მათი თანამემამულეები სხვაგვარი წესით (ხერხით, მოქმედებით) შევიდნენ იგივე ეკლესიის მადლმოსილ სივრცეში.

უნდა გვჯეროდეს, რომ ეკლესიები გადალახავენ ამ განსაცდელს და შეიძლება მალე ყველა მადლობელი იყოს იმისთვის, რომ ასეთი განსაცდელი მოგვევლინა. ისტორიულად ქრისტეს ეკლესია ყოველთვის იმარჯვებდა მაშინ, როცა ერთი შეხედვით ჩანდა, რომ აგებდა. როგორც მოსკოვი და ბევრი სხვა ფიქრობს, ერთი შეხდვით შეიძლება კონსტანტინეპოლი აგებდეს (ჰქონდეს დანაკარგი). თუმცა, შორს თუ გავიხედავთ ეს შეიძლება იყოს საფუარი უფრო ღრმა ერთობისათვის, რომელიც შედგება ჩვენი თაობის შემდეგ. ბართლომეოსმა თავის თავზე იტვირთა ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღების ჯვარი და მომავალი დრო, და არა ახლანდელი წამი, აჩვენებს იმას, რომ ის მართალი იყო.

 

თარგმნა მღვდელმა დავით მირცხულაძემ

წყარო

 

ეპისკოპოსი მაქსიმე (ვასილიევიჩი) არის სერბეთის მართლმადიდებელი ეკელსიის დასავლეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი მღვდელმტავარი. თეოლოგიური განათლება მიღებული აქვს სერბეთში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ათენში (საბერძნეთი), პოსტ-ტოქტორანტურა გააკეთა პარიზში (საფრანგეთი). არის ბელგრადის უნივერსიტეტი პროფესორი და ლექსიებს კითხულობს, როგორც სერბეთში, ასევე ამერიკაში.

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment