მსოფლიო საპატრიარქო ტახტი და უკრაინის ეკლესია

4.-Ecumenical-Patriarchate
მსოფლიო საპატრიარქო ტახტი და უკრაინის ეკლესია

 

სამადლობელი
მსოფლიო საპატრიარქო მადლობას უხდის გამორჩეულ ბერძენ და რუს მკვლევრებს, რომლებმაც უტყუარი მეცნიერული არგუმენტების მოშველიებით, თავიანთი წვლილი შეიტანეს უკრაინის ეკლესიის დედა ეკლესიასთან ურთიერთობის საკითხში ისტორიული ჭეშმარიტების აღსადგენად.
განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ საბერძნეთის ეროვნულ ბანკთან არსებულ საგანმანათლებლო ცენტრს – ისტორიულ და პალეოგრაფიულ არქივს და მის დირექტორს, ისტორიკოსს, ფილოლოგსა და პალეოგრაფს, ბატონ აგამემნონ ცელიკასს, რადგან მსოფლიო საპატრიარქოს მიაწოდეს საპატრიარქო და სინოდალური დოკუმენტების მნიშვნელოვანი დედნები და ასლები, რომლებიც ეხება XVII საუკუნეში უკრაინის ეკლესიის ურთიერთობას კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებთან.
და ბოლოს, მხურვალე მადლობას მოვახსენებთ მკვლევარ კონსტანტინ ვეტოშნიკოვს, რომელმაც მსოფლიო საპატრიარქოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავისი ცოდნა გაუზიარა.

 

მსოფლიო საპატრიარქო

მსოფლიო საპატრიარქო ტახტი და უკრაინის ეკლესია

ტექსტები საუბრობენ

მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინაში ავტოკეფალური საეკლესიო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეკლესიის თვით კანონიკური წარმომადგენლების მიერ ჩამოყალიბდა თვალსაზრისები, რომელთა თანახმადაც, უგულვებელყოფილია საეკლესიო კანონები, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ასეთი ქმედების განხორციელების უფლება არა აქვს. მთავარ არგუმენტად წარმოდგენილია ის გარემოება, რომ უკრაინა „მოსკოვის საპატრიარქოს კანონიერ სივრცეს წარმოადგენს“ და ამიტომ მსოფლიო საპატრიარქოს ეს ქმედება სხვის საეკლესიო სივრცეში „შეჭრად“ იქნა მიჩნეული.
ამიტომ გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ყველას შეახსენოს ისტორიული და კანონიკური სიმართლე კონსტანტინეპოლისა და უკრაინის ეკლესიების იმ ურთიერთობის შესახებ, რაც ჩანს ჩვენამდე მოღწეული ოფიციალური დოკუმენტებიდან, რომლებიც, სამწუხაროდ, ან უცნობია ან, კეთილი განზრახვით, უგულვებელყოფილია.

 

კონსტანტინეპოლის და უკრაინის ეკლესიების ურთიერთობა.
მოკლე ისტორიული მიმოხილვა

როგორც ცნობილია, უკრაინელებმა, ისევე როგორც ყველა იმ ხალხმა, რომელთა წარმომავლობაც დაკავშირებულია ძველ როსებთან, ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მსოფლიო საპატრიარქოსაგან მიიღეს. ზედმეტია აქ ვისაუბროთ საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ მოვლენებზე, რომლებმაც X საუკუნეში ვლადიმირის კიევის სახელმწიფოს მოსახლეობის მონათლვა განაპირობა. ამის შემდეგ მართლმადიდებლობა გავრცელდა კიევის რუსეთის მთელ რეგიონში. მსოფლიო საპატრიარქო დედა ეკლესიაა როგორც უკრაინელთა, ასევე რუსებისა, ბელორუსებისა და იმ რეგიონის სხვა ხალხებისა.
რუსეთის მიტროპოლია აღწერილია მსოფლიო საპატრიარქოს ძველ სინტაგმატიონებში. მაგალითად, ლეონ ბრძენი (XI ს.) მას მსოფლიო საპატრიარქოს მე-600-ე ეპარქიად მოიხსენიებს. თავიდან იგი ერთიანი იყო და მოიხსენიებოდა ტიტულით „კიევისა და სრულიად რუსეთისა“, კათედრით კიევში. შემდეგ კიევის მიტროპოლიტებმა თავიანთი სამყოფელი ვლადიმირში გადაიტანეს, ბოლოს კი _ მოსკოვში, მაგრამ კანონიკურ კათედრად კვლავ ქალაქი კიევი მიიჩნეოდა. XV საუკუნის შუა წლებში კიევის მიტროპოლია ორად გაიყო. მოსკოვში მიტროპოლიტად აირჩიეს იონა (1448), ხოლო ჰენოტიკოსმა პატრიარქმა, გრიგორიოს მამასმა, აირჩია (1458) გრიგორიოსი. მოგვიანებით მიტროპოლიტი გრიგორიოსი ისევ დაუბრუნდა მართლმადიდებლობას და აღიარებულ იქნა მსოფლიო პატრიარქ დიონისე I-ის (1470) მიერ. მოსკოვში კი, მსოფლიო საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, 1561 წელს დაადგინეს ახალი მიტროპოლიტი — თეოდოსიოსი.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა იერემია II-მ 1589 წელს მოსკოვის მიტროპოლია საპატრიარქოს რანგში აღაზევა, კიევის მიტროპოლია მსოფლიო პატრიარქების განმგებლობაში რჩებოდა და ზედამხედველობას უფლებამოსილი ექსარხოსის მეშვეობით ან თავად უწევდნენ, როგორც ეს 1589 წელს მოხდა, როდესაც პატრიარქი იერემია II კიევს ეწვია, განკვეთა კიევის მიტროპოლიტი ონისიფორე, ვითარცა ორგზის ქორწინებაში მყოფი, და ასევე, ბევრი სხვა სასულიერო პირი; კიევის მიტროპოლიტად კი ხელი დაასხა მიქაელს (რაგოჟა). გარდა ამისა, დაამტკიცა და აკურთხა ღმრთის განცხადების (Богоявления) საძმო, რომელიც მოგვიანებით აკადემიად გადაკეთდა. და კიდევ, ბრძანება გასცა უკრაინის საეპარქიო სინოდის მოსაწვევად.
თუმცა, მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიას ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამაგი, ალბათ, მაშინ დასდო, როდესაც ეს ეკლესია მთლიანად გაკათოლიკურდა და, მის ეპისკოპოსებთან ერთად, უნიატებს შეუერთდა. მაშინ (1620) მსოფლიო პატრიარქმა უკრაინაში წასვლის უფლება მისცა იერუსალიმის პატრიარქ თეოფანეს, რომელმაც აკურთხა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, აღადგინა უკრაინის საეპარქიო სინოდი და აირჩია შესაფერისი მიტროპოლიტი, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა დაამტკიცა. იერუსალიმის პატრიარქის მიერ კიევის მიტროპოლიის მღვდელმთავართა ხელდასხმა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავდა, რომ მიტროპოლია მის დაქვემდებარებაში გადავიდა.
როდესაც 1654 წელს უკრაინა პოლიტიკურად რუსეთს შეუერთდა, ამ რეგიონის მოსკოვის საპატრიარქოსთან ეკლესიური შეერთების საკითხიც დადგა, მაგრამ მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, სამღვდელოება, დიდებულები და უკრაინელი ხალხი შეერთების წინააღმდეგი იყო. ამაო აღმოჩნდა რუსეთის მცდელობაც, რომ 1684 წელს მსოფლიო პატრიარქ იაკობისაგან უკრაინის მიტროპოლია მიეღო. კიევის მიტროპოლიტმა სილვესტროსმა და მისმა მემკვიდრეებმა: დიონისემ, იოსებმა და ანტონმა, ზეწოლის მიუხედავად, უარი განაცხადეს ხელდასხმა მოსკოვის პატრიარქისაგან მიეღოთ. მხოლოდ მათი მემკვიდრე, გედეონი, დათანხმდა, რომ მოსკოვის პატრიარქ იოაკიმესაგან ხელდასხმულიყო (1685), მაგრამ მაშინაც კიევში მოწვეულმა მრავალრიცხოვანმა სინოდმა არჩევა და ხელდასხმა უკანონოდ გამოაცხადა, რადგან ხელდასხმა მსოფლიო პატრიარქთან შეუთანხმებლად მოხდა. მოსკოვის პატრიარქის ეს ქმედება სერიოზული კანონიკური დარღვევა იყო, რადგან თავის პატრიარქთან შეუთანხმებლად, უცხო ეპარქიის ეპისკოპოსის მიტროპოლიტად დაწინაურება დარღვევაა იმ წმინდა კანონთა, როგორიცაა: მოციქულთა 35-ე, I მსოფლიო კრების მე-6, ანტიოქიის კრების მე-13 და 22-ე და სარდიკიის კრების 15-ე კანონისა; გარდა ამისა, ეს ქმედება განიხილება როგორც სხვის ეპარქიაში შეჭრა, რაც დასჯადია თანახმად შემდეგი კანონებისა: II მსოფლიო კრების მე-2, ანტიოქიის კრების მე-13 და 22-ე; ასევე, სარდიკიის კრების მე-3 კანონისა. სხვისი ეპარქიის მიტაცება ცალსახად დაგმობილია და ძველი საეკლესიო კანონების დარღვევად მიიჩნევა აგრეთვე III მსოფლიო კრების მე-8 და გუმბათიან პალატის (პენთექტის) მსოფლიო კრების 39-ე კანონების თანახმად.
გედეონისა და მოსკოვის პატრიარქისათვის ნათელი გახდა, რომ მსოფლიო პატრიარქის თანხმობის გარეშე, რაიმეს გაკეთება შეუძლებელი იყო. ამიტომ მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანეს, რომ მაშინდელი მსოფლიო პატრიარქი დიონისე IV დაერწმუნებინათ (ან იძულებული გაეხადათ), ეცნო გედეონის ხელდასხმა. ამ მიზნის განხორციელების პასუხისმგებლობა იტვირთა რუსეთის მეფისა და სახელმწიფოს მაშინდელმა ელჩმა ნიკიტა ალექსეევმა, რომელიც ჩავიდა ადრიანოპოლისში, სადაც მსოფლიო პატრიარქი დიონისე IV დროებით იყო დასახლებული. იქ გამართული მოლაპარაკებები და ფარული ქმედებები აღწერილია `დოდეკაბიბლონში~ იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსისა, რომლის დროებითი საცხოვრებელიც იქვე იმყოფებოდა. ვინაიდან დოსითეოსს მეფის ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ მოლაპარაკებებშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მოლაპარაკებების შედეგი და მოვლენათა მსვლელობა აღწერილია აგრეთვე 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალურ „საქმეში“, რომელსაც სხვაგვარად „გაცემის წერილს“ უწოდებენ და რომელსაც ხელს აწერენ მსოფლიო პატრიარქი დიონისე IV, მისი წმიდა სინოდის წევრები და მსოფლიო საპატრიარქოს სხვა მიტროპოლიტები. მართალია, „საქმის“ ბერძნული დედანი დაკარგულია, მაგრამ გადარჩენილია მისი რუსული თარგმანი და პატრიარქ კალინიკე II-ის დროინდელი ავთენტური ბერძნული ასლები (1688, 1689-1693, 1694-1702), რომელთა მეშვეობითაც, შესაძლებელი გახდა თავდაპირველი ბერძნული დედნის აღდგენა. ასევე, გადარჩენილია იმ წერილის ბერძნული დედანი, რომელიც პატრიარქმა დიონისე IV-მ გაუგზავნა რუსეთის მეფეებს, იოანესა და პეტრეს, და პრინცესა სოფიას. გამოქვეყნდა რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტების კრებულში 1826 წელს.
ეს ორი მნიშვნელოვანი ტექსტი, ანუ 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალური „საქმე“, რომლის თავდაპირველი სახე აღდგენილ იქნა რუსი ისტორიკოსების მიერ, და პატრიარქ დიონისე IV-ის მიერ რუსი მეფეებისადმი გაგზავნილი წერილის დედანი, დანართის სახით ერთვის ამ სტატიას. შემორჩენილია აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა ოფიციალური დოკუმენტები, რომელთაგან ერთი ბერძნულენოვანი დოკუმენტის ასლია, დანარჩენი კი — იმ ეპოქაში შესრულებული რუსულენოვანი თარგმანები. მათ შორისაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური თარგმანები, რომლებიც დაცულია მისსავე არქივებში. არსებობს სხვა დოკუმენტებიც, გაბნეული კოლექცია „იკონას“ იმ ხელნაწერებს შორის, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ეხება.
ზედმეტია იმის ხაზგასმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტებს შორის რაიმე განსხვავება შეინიშნება, უპირატესობა ენიჭება პირველს, რომელიც არა მხოლოდ საპატრიარქო, არამედ სინოდალური დოკუმენტიცაა, კანონიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით, სხვა დანარჩენს აღემატება, რადგან იგი მსოფლიო საპატრიარქო ტახტის ნების ჭეშმარიტი გამოხატულებაა.

 

რა დასკვნამდე მივყავართ ტექსტების შესწავლას

ამ ორი ფუნდამენტური ტექსტის შესწავლის შედეგად, განსაკუთრებით კი პატრიარქალური და სინოდალური „საქმიდან“, უფრო ზუსტად კი, „გაცემის წერილიდან“ ჩანს:
1. კიევის მიტროპოლიის გადაცემა მოხდა „შემწყნარებლობით“ და „იკონომიით“ (განგებულებით), იმ ეპოქაში შექმნილი კონკრეტული ისტორიული ვითარების, „ადგილზე გარდამეტებულ სივრცესა და ორ სახელმწიფოს შორის არსებული საომარი მდგომარეობის“ გამო, ვინაიდან „მართლმადიდებელ ქრისტიანთა მართალი, ჭეშმარიტი, წმინდა და შეუბღალავი რწმენის მტერმა ღვარძლი და ეკალი დათესა იფქლში, ანუ მართლმადიდებლობაში, და მის სხვაგვარად მოგვარებას საფრთხეს უქმნის“. იკონომიისა და შემწყნარებლობის დროებით ხასიათს, რასაც 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალური „საქმე“ ითვალისწინებს, ადასტურებს იერუსალიმის განსწავლული პატრიარქი დოსითეოსი, რომლის როლიც ამ მოლაპარაკებებში, როგორც უკვე ითქვა, მნიშვნელოვანი იყო, რადგან წერს, რომ ელჩს, ნიკიტა ალექსეევიჩს, უთხრა: „მიეცეს… მოსკოვის საპატრიარქოს კიევის მეურვეობა, არსებული ტირანიის გამო, ვიდრე ღვთაებრივი დღეების დაბრუნებამდე“.

2. 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალური „საქმიდან“ ჩანს, რომ მოსკოვის საპატრიარქოსთვის კიევის მიტროპოლიის „გადაცემაში“, არსებითად, კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის უფლების მინიჭება იგულისხმება: „რათა კიევის უწმიდესი ეპარქია დაექვემდებაროს დიდ და ღმრთივდაცულ ქალაქ მოსკოვის წმიდა საპატრიარქო ტახტს. კერძოდ, ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს, თუკი ამის საჭიროება იქნება“. განმარტება δηλαδή (= „კერძოდ“, „ანუ“, „ესე იგი“) ნათელ ყოფს სიტყვის „დაექვემდებაროს“ მნიშვნელობას. „საქმეში“ გარკვევითაა ნათქვამი: „კიევის მიტროპოლიის მეურვეობა დაევალოს მოსკოვის წმინდა საპატრიარქო ტახტს“, ანუ მოსკოვის პატრიარქს შეუძლია ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო პატრიარქის სახელით. ბერძნულ ასლებში კი ნათქვამია: „მიეცეს ნება… ხელდასხმისა“, „და მიეცეს იკონომიის სახით ასეთი უფლება“. ერთადერთ დოკუმენტში, რომელიც დედნის სახითაა შემორჩენილი (წერილი მეფეებისადმი) გარკვევით წერია: „მოსკოვის უნეტარეს პატრიარქს… უფლება აქვს ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს“. ანუ, მოსკოვის პატრიარქს შეუძლია ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს მსოფლიო პატრიარქის ნებართვით.
საკითხი რომ კიევის ეპარქიის მოსკოვის საპატრიარქოსთვის სრულად გადაცემას არ ეხება, ნათლად ჩანს იმ გარემოებიდან, რომ „საქმეში“ ნათქვამია: ა). უკრძალავს ხსენებულ პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის არჩევას, ბ). კიევის ყოველ მიტროპოლიტს ავალდებულებს, რომ წირვაზე „პირველყოვლისა“ მოიხსენიოს კონსტანტინეპოლის პატრიარქი. ამ ორი პირობის არსი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.

3. მოსკოვის პატრიარქისთვის ბოძება კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმისა, და მხოლოდ იმისა, რომელსაც ირჩევს კიევის ეპარქიის სამღვდელოება და ხალხი, ამ ეპარქიის მნიშვნელოვანი ავტონომიური და დამოუკიდებელი უფლებების დასტურია, რომელ ავტონომიასაც არ ანიჭებს მოსკოვის პატრიარქი, თითქოსდა ხსენებული ეპარქიის მამამთავარი, არამედ ვალდებულია მიიღოს ის ვითარცა პირობა, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ადგენს, და რომელიც უნდა დაიცვას. ამ პირობის თანახმად, მოსკოვის პატრიარქს უფლება არა აქვს ეს მიტროპოლია ან მიიერთოს ან დაანაწევროს ან გააუქმოს. ე. ი. გამორიცხულია, რომ მოსკოვის საპატრიარქომ ის თავის იურისდიქციაში მოაქციოს.
4. ის ვალდებულება, რომ კიევის ყოველმა მიტროპოლიტმა ჟამისწირვაზე `პირველყოვლისა~ მსოფლიო პატრიარქი უნდა მოიხსენიოს, ნათელი დასტურია იმისა, რომ კიევის ეპარქია მოსკოვის საპატრიარქოსათვის კანონიერ ტერიტორიად არ მიუციათ. ჟამისწირვაზე მსოფლიო პატრიარქის „პირველყოვლისა“ მოხსენიება, მოხსენიებულზე კანონიკური დამოკიდებულების დასტურია და არა უბრალო ლოცვითი ფრაზა ან თავაზიანობა. ამ კონკრეტულ საპატრიარქო და სინოდალურ „საქმეში“ ნათლადაა განმარტებული მოხსენიების მიზეზი, ვითარცა მისადმი დაქვემდებარებული მღვდელმთავრების „წყაროსი და საწყისისა“. მსოფლიო პატრიარქის შემდეგ რუსეთის პატრიარქის მოხსენიება კი ეფუძნება მის თვისებას, ვითარცა „უხუცესისა და უპირატესისა“, ანუ წარმოაჩენს ხელდასხმულის სულიერ ურთიერთობას ხელთდამსხმელის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციაში მდებარე ფილადელფიის მიტროპოლიტის „საქმე“ უფლებას აძლევს მას ხელი დაასხას კეფალონიისა და კითირას მღვდელმთავრებს, დადგენილია აგრეთვე ფილადელფიის მიტროპოლიტის მოხსენიება მის მიერ ხელდასხმული მღვდელმთავრებისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილადელფიის მიტროპოლიტი მათი მამამთავარია. ასევე, კიევის მიტროპოლიტის მიერ მსოფლიო პატრიარქის შემდეგ მოსკოვის პატრიარქის მოხსენიება იმას არ ნიშნავს, რომ მას [მოსკოვის პატრიარქს] რაიმე უფლება გააჩნია. სწორედ ამის გამო, რუსი მეცნიერი ვადიმ მირონოვიჩ ლურიე, რომელმაც შეისწავლა კიევის მიტროპოლიასთან დაკავშირებული 1686 წლის დოკუმენტები, და სხვა რუსი ისტორიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ ტერმინებით ნათლად იკვეთება კონსტანტინეპოლის პატრიარქის უფლებები კიევის ეპარქიაზე.

5. უფლება, რომელსაც მმართველი მღვდელმთავარი უცხო მღვდელმთავრებს აძლევს, რომ ხელი დაასხან მღვდლებს თავის ეპარქიაში, დღესაც კი კანონიკური და ჩვეული მოვლენაა, როდესაც ეს მათი მწყემსთავრის თანხმობით ხდება, მაგრამ ტერიტორიის კანონიკურ მინიჭებას სულაც არ ნიშნავს. სწორედ ამას ადასტურებს 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალური „საქმე“, როდესაც ითვალისწინებს, რომ კიევის ეპარქიის სამღვდელოებას და სამოქალაქო პირებს „ჰქონდეთ უფლება, ვითარცა კარგი და კანონებთან მისადაგებული ჩვეულება“, რომ მათ მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტი მოსკოვის პატრიარქთან წარგზავნონ ხელდასასხმელად. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მმართველი მღვდელმთავარი სხვის იურისდიქციაში მყოფ მღვდელმთავარს ხელდასხმის ნებართვას აძლევს.

6. მსოფლიო პატრიარქ დიონისეს მიერ მოსკოვის პატრიარქისადმი მინიჭებული უფლება, რომ ხელი დაესხა კიევის ყოველი მიტროპოლიტისათვის, მოხდა სინოდალური „გაცემის წერილით“. ასეთი ტიტული აქვს ყველა შესატყვის დოკუმენტს და მათ შორის უმთავრესსაც. „გაცემა“ ტექნიკური ტერმინია და იმ ეპოქაში, ფართო გაგებით, ნიშნავდა „უფლებას“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი – ხელდასხმის ან გადაადგილების უფლებას. შესაბამისად, აქ საქმე არა გვაქვს „საქმესთან“ ან „ტომოსთან“, რომლითაც მსოფლიო საპატრიარქო კანონიერ ტერიტორიას სხვა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს, როგორც ეს ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში ხდება (მაგალითისათვის იხ.: ელლადის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოს, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიების შესატყვისი დოკუმენტები); ასევე, სხვა ავტოკეფალური ეკლესიისათვის კონკრეტული რეგიონის გადაცემის დროს (მაგალითისათვის იხ.: 1908 წელს ელლადის ეკლესიისათვის იონიის კუნძულების, თესალიის ან დიასპორის გადაცემის, ხოლო 1922 წელს მსოფლიო საპატრიარქოსათვის დაბრუნების შემთხვევა). მსოფლიო საპატრიარქოს კანონიერი ტერიტორია სხვა ავტოკეფალური ეკლესიისათვის არასოდეს გადაუცია გაცემის წერილის~ მეშვეობით. რუსეთის ეკლესიის აღზევება საპატრიარქო რანგში და მისი იურისდიქციის საზღვრების დადგენაც ტომოსის მეშვეობით მოხდა. თუკი მსოფლიო საპატრიარქოს ენდომებოდა, რომ თავისი კანონიკური ტერიტორია (უკრაინა) მოსკოვის საპატრიარქოსათვის გადაეცა, მაშინ იმ შესატყვის დოკუმენტს გამოიყენებდა, რომელიც ყველა სხვა შემთხვევაში გასცა.
ყოველივე ზემოხსენებული იმის დასტურია, რომ 1686 წლის საპატრიარქო და სინოდურ „საქმეს“ ის მნიშვნელობა აქვს, რომელსაც აღგვიწერს ნეტარხსენებული იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, რომელიც, ვითარცა იმ მოლაპარაკებათა მონაწილე, საქმის ვითარებას ახლოს იცნობდა:
„იყოს კონსტანტინეპოლის ეპარქია, მოსკოვის უწმიდესი პატრიარქის ზედამხედველობის ქვეშ“,
და ეს, იმავე პატრიარქის თანახმად, „არსებული ტირანიის გამო, ვიდრე საღმრთო დღეების დაბრუნებამდე“, ანუ, გარკვეული ხნის განმავლობაში.

დღემდე არსებული მდგომარეობა

ის, რაც 1686 წლის შემდეგ მოხდა, საყოველთაოდ ცნობილია. მოსკოვის საპატრიარქოს არასოდეს დაუცავს საპატრიარქო და სინოდალური „საქმის“ პირობები როგორც კიევის მოტროპოლიტის არჩევის (უნდა არჩეულიყო სამღვდელოებისა და რეგიონის მოსახლეობის მიერ), ასევე კიევის ყოველი მიტროპოლიტის მიერ ჟამისწირვის დროს „უპირველეს ყოვლისა“ მსოფლიო პატრიარქის სახელის მოხსენიების საკითხში. ამ გზით, უმთავრესად კი კიევის მიტროპოლიტის მიერ მსოფლიო პატრიარქის სახელის მოხსენიების ანტიკანონიკური უგულვებელყოფით, შესაძლებელი გახდა კიევის მიტროპოლიის (და უკრაინის ეკლესიის) მსოფლიო საპატრიარქოზე დე-იურე დამოკიდებულების თვითნებური გაუქმება და მოსკოვის საპატრიარქოს მიერ მისი ანექსია და მიერთება.
ყოველივე ეს მოხდა იმ პერიოდში, როდესაც საშინელ განსაცდელში მყოფ მსოფლიო საპატრიარქო ტახტს ძალა არ შესწევდა „შექმნილი ვითარების გამო, ხმა აღემაღლებინა ამ თვითნებურ ქმედებათა წინააღმდეგ“, მაგრამ რომაული სამართლის ძირითადი კანონის თანახმად, რომელსაც წმინდა კანონებიც აღიარებენ, „ის, რაც თავიდანვე უსაფუძვლოა, დროის მსვლელობით არ მართლდება“. უკრაინის ეკლესია დე-იურე ყოველთვის მსოფლიო საპატრიარქოს კანონიერ ტერიტორიას წარმოადგენდა.
აპელირება 30-წლიანი ხანდაზმულობით, რასაც IV მსოფლიო კრების მე-17 და VI (პენთექტის) კრების 25-ე კანონები ითვალისწინებენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან ეს კანონები ეხება „სახნავ-სათეს“ ან „უშენ“ ადგილებს და არა საეპისკოპოესოებსა და მიტროპოლიებს. ამ საკითხში კანონთა ძველი განმმარტებლები ერთსულოვანნი არიან.
ეს ყოველივე მსოფლიო საპატრიარქომ იცოდა, მაგრამ „არსებული ვითარების გამო“, მოთმინებით აიტანა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ თვითნებურად შექმნილი რეალობა. ეს გამოჩნდა 1924 წელს მსოფლიო საპატრიარქო ტახტის მიერ პოლონეთის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში. შესატყვის ტომოსში გარკვევითაა ნათქვამი, რომ კიევის რეგიონი, რომლშიც პოლონეთიც შედიოდა, ყოველთვის კონსტანტინეპოლის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა და ისიც, რომ 1686 წლის „საქმის“ განჩინებანი რუსეთის ეკლესიას არასოდეს დაუცავს.

დასკვნა

ჩვენამდე მოღწეული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც შესწავლილი და აღდგენილი იქნა არა მხოლოდ ბერძენი, არამედ რუსი მეცნიერების მიერ, შეიძლება გაკეთდეს ასეთი დასკვნები:

1. მსოფლიო საპატრიარქოს არასოდეს გადაუცია კიევის მიტროპოლია, რათა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია გამხდარიყო. რუსეთის ეკლესიის კანონიკური საზღვრები მაშინ დადგინდა, როდესაც 1589 წელს ეს ეკლესია საპატრიარქო რანგში აღზევდა და ეს არასოდეს შეცვლილა საპატრიარქო ან სინოდალური ტომოსით. იმ განჩინებებში კიევის მიტროპოლია არ მოიხსენიება. ყოველი გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსში ასახული არ არის, მისი კანონიკური ტერიტორიის გარეთ იმყოფება, როგორც ეს ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართებაშია გათვალისწინებული.

2. კიევის მიტროპოლია (და მთელი დღევანდელი უკრაინა) დაარსებიდანვე მსოფლიო საპატრიარქო ტახტის ეპარქია იყო, რომელსაც სინტაგმატიონში შესატყვისი ადგილი ჰქონდა; XVII საუკუნემდე ყოველი მიტროპოლიტი ხელდასხმას ყოველთვის მსოფლიო პატრიარქისაგან იღებდა. უკრაინის ეკლესიის კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან იმდენად ძლიერი იყო, რომ ამ რეგიონის მოსკოვთან პოლიტიკური შეერთების (1654) შემდეგაც, კიევის მიტროპოლიტის კურთხევის ყოველი მცდელობისას, მოსკოვის პატრიარქი უკრაინის სამღვდელოებისა და ხალხის მძაფრ წინააღმდეგობას აწყდებოდა.
მოსკოვის საპატრიარქ იოაკიმეს მიერ 1685 წელს უკრაინის მიტროპოლიტად გედეონის უკანონო ხელდასხმამ ისევ გამოიწვია მიტროპოლიის სამღვდელოებისა და ხალხის წინააღმდეგობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმჟამინდელმა მსოფლიო პატრიარქმა დიონისე IV-მ, დიდი ზეწოლის შედეგად, 1686 წელს მოსკოვის პატრიარქს უფლება მისცა ხელი დაესხა კიევის ყოველი მიტროპოლიტისათვის, რეგიონის სამღვდელოება და ხალხი შეეგუა მოსკოვის პატრიარქის მიერ გედეონისა და მისი შემდგომი მემკვიდრეების ხელდასხმას.

3. ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მოსკოვის პატრიარქს ეს უფლება მიეცა, ცნობილია და ამას გვიჩვენებენ:

ა). დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოსკოვის პატრიარქს ეს უფლება მიეცა, ჩვენამდე მოღწეულ ყველა ოფიციალურ დოკუმენტის მიხედვით, ეწოდება «Γράμμα ἐκδόσεως» («ἐκδόσεως φημί γράμματος») (გაცემის წერილი). ეს ტექნიკური ტერმინი იმ ეპოქაში და დღესაც ნიშნავს ნებართვის მიცემას ხელდასმის ან რომელიმე სხვა კანონიკური ქმედებისათვის, მაგრამ არასოდეს არ გამოიყენება სხვა ავტოკეფალური ეკლესიისათვის კანონიკური ტერიტორიის სრული მიერთებისათვის.
ბ). ჩვენამდე მოღწეული ყველა დოკუმენტის თანახმად, მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის უფლება მიეცა „იკონომიით“ (განგებულებით), „არსებული ვითარების“, ანუ „ადგილზე გარდამეტებულ სივრცესა და ორ სახელმწიფოს შორის არსებული საომარი მდგომარეობის“, გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნებართვას დროებითი ხასიათი და ძალა ჰქონდა, ვინაიდან არსებობდა მიზეზები, რომელთა გამოც გაიცა.

გ). ის, რომ „საქმის“ ტექსტში კიევის მიტროპოლია მოიხსენიება როგორც მოსკოვის პატრიარქისადმი „დაქვემდებარებული“, იმავე ტექსტის მეშვეობით იხსნება, რაზედაც მიუთითებს სიტყვა δηλαδή (=ანუ, კერძოდ, ე. ი). „ანუ, ხელი დაესხას მიტროპოლიტს იქ (კიევის მიტროპოლიაში)“ მოსკოვის პატრიარქის მიერ. „საქმის“ მიზანი და არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვის პატრიარქს მიეცეს „ნებართვა“ კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმისა და არა კანონიკური ტერიტორია. ამასთან, თხოვნაც მსოფლიო პატრიარქისადმი, როგორც ეს საპატრიარქო და სინოდალური „საქმიდან“ ჩანს, მხოლოდ ამას ითვალისწინებდა: „მიეცეს ნებართვა მოსკოვის უნეტარეს პატრიარქს ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს, რათა არ დარჩეს ჭეშმარიტი მღვდელმთავრის გარეშე ეს მიტროპოლია“. მსოფლიო პატრიარქ დიონისე IV-ს და საპატრიარქოს არავითარი მიზეზი არ ჰქონია საიმისოდ, რომ იმაზე მეტი ებოძებინათ, ვიდრე ითხოვდნენ.
დ). პირობები, რომლებიც საპატრიარქო და სინოდალურ საქმეშია წარმოდგენილი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე გვარწმუნებს იმაში, რომ კიევის მიტროპოლიის კანონიერი ტერიტორია მოსკოვის საპატრიარქოს არ გადაცემია. არასოდეს მომხდარა, რომ კანონიერი ტერიტორია სხვა ავტოკეფალურ ეკლესიას იმ პირობით გადასცემოდა, რომ უფლება არ ჰქონოდა რეგიონი სრულად ემართა, მღვდელმთავრის არჩევის ჩათვლით და, რაც მთავარია, იმ ვალდებულებით, რომ ჟამისწირვაზე „პირველ ყოვლისა“ მოიხსენიებოდეს მეთაური ეკლესიისა, რომლიდანაც მომდინარეობს.
ეს ყოველივე მოსკოვის საპატრიარქომ, რა თქმა უნდა, იცოდა და ამიტომაც თვითნებურად დაარღვია ეს პირობები და არასოდეს დაიცვა, რადგან მიზნად დაისახა კიევის მიტროპოლიის (და უკრაინის) თავისი კანონიკური იურისდიქციისათვის მიერთება, რაც უეჭველი დარღვევაა როგორც წმინდა კანონებისა, ასევე `საქმისა~, რომელსაც ემყარება მოსკოვის საპატრიარქოს ამ რეგიონთან მთელი ურთიერთობა. ნებისმიერი საქმის პირობების დარღვევა კი მთელ „საქმეს“ აბათილებს.
ვინაიდან საქმე ეხება არა ზოგად ან საერო, არამედ საეკლესიო, ანუ წმინდა კანონებსა და ტექსტს, პირობების დამრღვევთ შევახსენებთ სიტყვებს, რომლებითაც „საქმე“ მთავრდება:
„დაწერილის სხვაგვარად განმააზრებელი ან ურჩობის მოსურნე, თუ წინააღმდეგობას გამოავლენს, უფლის ბრძანებას შეეწინააღმდეგება და სასყიდელს მისგანვე მიიღებს, ვითარცა შეურაცხმყოფელი პატრიარქთა, რომლებიც ღმერთის სულიერი და ცოცხალი ხატებია“.

მოსკოვის საპატრიარქოს მიერ 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალური `საქმის~ დარღვევა და არდაცვა მსოფლიო საპატრიარქომ, შექმნილი რთული ისტორიული ვითარების გამო, მოითმინა და ჩუმად იყო, მაგრამ არასოდეს ჩამოუწერია ან დაუვიწყებია. ამის დასტურია კონსტანტინეპოლის ეკლესიის მიერ 1924 წელს პოლონეთის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება საგანგებო ტომოსით, რომელშიც გარკვევითაა ნათქვამი, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ პოლონეთი ეკლესიურად მსოფლიო საპატრიარქოს კუთვნილ კიევის მიტროპოლიას ეკუთვნოდა და, რომ მოსკოვის პატრიარქმა დადგენილი პირობები არ დაიცვა. პოლონეთის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება აღიარა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, გარდა რუსეთისა, რომელმაც, თავის მხრივ, 1949 წელს ამ ეკლესიას თავად მიანიჭა ავტოკეფალია. ამრიგად, რუსეთის გარდა, ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ირიბად აღიარა ის უფლებები, რაც მსოფლიო საპატრიარქოს კიევისა და უკრაინის ეკლესიაზე აქვს.

 

* * *

როდესაც 1757 წელს ალეპოს მიტროპოლია მსოფლიო საპატრიარქოს გადაეცა, რადგან შექმნილი რთული ვითარების გამო, ანტიოქიის საპატრიარქო, რომელსაც ის კანონიკურად ეკუთვნოდა, ვეღარ მართავდა, მსოფლიო პატრიარქი ნეოფიტე VII 1792 წლის შესატყვის საპატრიარქო და სინოდალურ `საქმეში~ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მიტროპოლია ანტიოქიის საპატრიარქოს უნდა დაბრუნებოდა:
„ის, რომ გასაჭირში შეძლებისდაგვარად მხარში უნდა ვედგეთ სხვა მართლმადიდებელ და სამოციქულო ტახტებს, ძველთაგან მომდინარეობს და ყოველი ჩვენთაგანისათვის ცნობილია. ამიტომ ჩვენს უწმიდეს, საპატრიარქო, სამოციქულო და მსოფლიო საეკლესიო ტახტს, სამართლიანად მათი კუთვნილის წართმევა და უსამართლოდ შევიწროვება, არა თუ ქმედებით, არამედ გასაგონადაც არ უნდა. ამას მიიჩნევს სამართლიანად და ღირსეულად, საპირისპირო [ქმედებას] კი პატრიარქის ღირსებისათვის შეუფერებლად“.
მსოფლიო საპატრიარქო ყოველთვის მზად იყო განსაცდელში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიების დასახმარებლად და თანადგომის აღმოსაჩენად. არასოდეს „ეგუებოდა“ და „ითმენდა“ ერთი ეკლესიის მიერ მეორე ეკლესიის კანონიკური უფლებების უზურპაციას. ჩვენამდე მოღწეული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, კიევის ყოველი მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიას უნდა აერჩია და ჟამისწირვაზე „პირველყოვლისა“ მსოფლიო პატრიარქი უნდა მოეხსენიებინა, ვითარცა თავისი კანონიკური „საწყისი“. ამ ფუნდამენტური კანონების არდაცვა სხვისი იურისდიქციის უზურპაციაა. ის გარემოება, რომ ამ პირობებს ჩვენამდე მოღწეული ყველა ოფიციალური დოკუმენტი შეიცავს, იმის დასტურია, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიას არასოდეს უთქვამს უარი თავის დე-იურე უფლებებზე უკრაინის ეკლესიის მიმართ.
აქვე უსათუოდ უნდა გავიხსენოთ სამართლის ერთი უმთავრესი აქსიომაც: ინსტანციას, რომელმაც ესა თუ ის „საქმე“ გამოსცა, მისი განმარტების უპირატესობაც გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საპატრიარქო და სინოდალური საქმის განმარტება, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო საპატრიარქოს პრეროგატივაა.
ერთი სიტყვით, მსოფლიო საპატრიარქოს უფლება აქვს და ვალდებულიცაა, შესატყვისი დედობრივი მზრუნველობა გამოავლინოს უკრაინის ეკლესიის მიმართ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამის საჭიროება დადგება.

 

ტექსტი ბერძნულიდან თარგმნა
თამარ მესხმა
(ბიზანტინისტი, ფილოლოგი)

 

ბერძნული წყარო

ინგლისური წყარი

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment