„კრეტას კრება მართლმადიდებლობაში ახალი ეპოქის დასაბამი გახდება“ — მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა)

1449142259_1კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იმედოვნებს, რომ დიდი და წმიდა კრების ფარგლებში დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად კუნძულ კრეტაზე ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლები ჩავლენ. ამის შესახებ ტელმესუს მთავარეპისკოპოსმა იომა განაცხადა, რომელიც სრულიად მართლმადიდებელთა სამდივნოში, ასევე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში კონსტანტინოპოლის პატრიარქის წარმომადგენელი გახლავთ. ჯერ-ჯერობით კრეტაზე მიმდინარე დიდ და წმიდა კრებაში 14 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 10-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. «РИА Новости»-სთვის მიცემულ ინტერვიუში მთავარეპისკოპოსმა იობმა განმარტა, რატომ არ შეიძლება კრების სტატუსის შეცვლა, რამდენად სავალდებულო იქნება აღსასრულებლად ყველასათვის კრების გადაწყვეტილებები, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნისადმი მსოფლიო საპატრიარქოს დამოკიდებულებასა და ზოგადად კრებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

– 17 ივნისს 10 მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლების მცირე სინაქსისი გაიმართა. მოიწონეს თუ არა დიდი და წმინდა კრების მიმართვის პროექტი?

— ამ პროექტს სარედაქციო კომისია ეკლესიების წინამძღოლების შეკრებამდე ამზადებდა. წინამძღოლებმა იგიმოიწონეს, კრებამ კი უნდა დაამტკიცოს და მაშინ ეს კრების მიმართვა გახდება.

რა დებულებები შევიდა მიმართვაში?

— პირადად მე რედაქციაში და სინაქსისში მონაწილეობა არ მიმიღია, ბოლო რედაქცა ჯერ არ მინახავს, ამდენად, სამწუხაროდ, მისი შინაარსი ჩემთვის უცნობია. იგი ამ დღეებში გახდება ცნობილი.

როდის გამოქვეყნდება მიმართვა? კრების მუშაობის დასრულების შემდეგ?

— სავარაუდოდ. არ ვიცი, რა რიგითობით განიხილავენ კრების ტექსტებს. კრების დახურვის დროისათვის მიმართვა ცნობილი გახდება და ეს რამდენიმე დღის საკითხია.

რაც შეეხება კრების ორგანიზებას. როგორც ჩერნოგორსკ-პრიმორსკის მიტროპოლიტმა ამფილოიმ ბრძანა, მიმართვაში საუბარი იქნება იმაზე, კრეტას სხდომა მხოლოდ პირველი სესია იქნება დიდი და წმიდა კრების, რომელიც შემდგომ რამდენიმე თვეში, ან მომავალ წელს განაგრძობს მუშაობას. ეს მართლაც ასეა?

— ამის შესახებ პრესაში წავიკითხე, მაგრამ პირადად ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს. წინასწარ ვერ განვსჭვრეტთ, როგორი იქნება კრების გადაწყვეტილებები. ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ექვსი საკითხი დღის წესრიგში – მეტისმეტად ცოტა ხომ არ არის მსგავსი წარმომადგენლობითი ღონისძიებისთვის?

– კრების სამუშაო წიგნში მხოლოდ ხუთი ტექსტი შევიდა, რომელიც ყველა ეკლესიის მიერ იყო მხარდაჭერილი. ტექსტი ქორწინების შესახებ, რომელსაც საქართველოს და ანტიოქიის ეკლესიებმა მხარი არ დაუჭირეს, წიგნში ჯერ-ჯერობით არ არის და არ ვიცი, რა გადაწყვიტა ამასთან დაკავშირებით სინაქსისმა. კრების გახსნისას, ორშაბათს ვნახავთ, როგორი იქნება საბოლოო დღის წესრიგი.

მთავარია, გვესმოდეს, რომ კრება მხოლოდ მოვლენა არ არის, ეს არის პროცესი, რომელიც 50 წლის წინ დაიწყო, როდესაც დაიწყეს თემების შეკრება, მათი დამუშავება, ტექსტების მომზადება. ახლა ეს მოვლენა ხდება. შემდეგ კიდევ იქნება კრების რეცეფციის პროცესი.

ბევრი მართლმადიდებელი იმედოვნებს და, სხვათა შორის, ბევრმა ეკლესიამ ამის შესახებ განაცხადა, რომ მსგავსი კრებები უფრო ხშირად უნდა იკრიბებოდეს. ასე, რომ ეს ერთადერთი და უკანასკნელი ღონისძიება არ არის. ამას უნდა შევხედოთ, როგორც პროცესს, რომელიც დაიწყო და გაგრძელდება.

ეს სწორედაც რომ ეხება კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა ეს მხოლოდ პირველი სესია.

— ზოგიერთები ამბობენ, რომ ასეა, ზოგიერთები – რომ ეს არის პირველი კრება, რომელიც დასაბამს დაუდებს მთელ რიგ შემდგომ კრებებს მომავალში.

მუშაობის დაწყებამდე იყო წინადადებები, კრების სტატუსი დაქვეითებულიყო და მის ნაცვლად მართლმადიდებელთაშორისი თათბირი გამართულიყო. ამ წინადადებით სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოვიდა და, რამდენადაც მესმის, მას რუსეთის ეკლესიამაც დაუჭირა მხარი. სინაქსისზე თუ განიხილებოდა ეს საკითხი?

— როგორც უკვე ვთქვი, მე მასში მონაწილეობა არ მიმიღია, ამდენად ვერაფერს გეტყვით.

თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ კრების მოწვევა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება იყო 2016 წლის იანვარში შამბეზიში გამართულ სინაქსისზე და იმისათვის, რომ გააუქმონ ან დააქვეითონ მოწვეული კრების სტატუსი, ასევე კონსენსუსია საჭირო. ზოგიერთმა ეკლესიამ ბოლო წუთს გამოთქვა გარკვეული წინადადებები, თუმცა მათ ირგვლივ ერთსულოვნება ვერ იქნა მიღწეული, რათა კრება გაუქმებულიყო, ან მისი სტატუსი შეეცვალათ. ამდენად, კრება ჩატარდება და ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები.

თავიდანვე იქნა მხარდაჭერილი პრინციპი, რომლის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება ერთხმად უნდა ყოფილიყო მიღებული და თუ ასე არ მოხდება, მაშინ ისინი არ ჩაითვლება ლეგიტიმურად ყველა ეკლესიისათვის. ამჟამად როგორ არის საქმე 4 ეკლესიის წარმომადგენლების არდასწრებასთან დაკავშირებით? მათთვის თუ იქნება სავალდებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები?

— უპირველესად, კრება ერთხმად იქნა მოწვეული. თუ შემდეგ მას რომელიმე ეკლესია არ ესწრება, იგი პასუხისმგებლობას იღებს არდასწრებაზე. ამასთან, ეს ეკლესიები ვერ აიძულებენ სხვებს, არ შეიკრიბონ. ეკლესიის ისტორიას მრავალი კრება ახსოვს, მათ შორის – მსოფლიო საეკლესიოები, რომელიც ზოგიერთი ეკლესიის არმონაწილეობის პირობებში გამართულა. მაგალითად, მეოთხე დიდი და წმიდა კრება ანტიოქიის საპატრიარქოს მონაწილეობის გარეშე დაიწყო და მიუხედავად ამისა, მისი გადაწყვეტილებები შემდგომში ყველა ეკლესიამ მიიღო. ასე, რომ იყო ასეთი შემთხვევები. მნიშვნელოვანია ასევე კრების რეცეფციის პროცესი. ვნახოთ, როგორი იქნება ამ კრების რეცეფცია.

აისახება თუ არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არდასწრების გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოსკოვთან ურთიერთობებზე?

— არც ერთ ეკლესიასთან არ ვაპირებთ ურთიერთობის გაწყვეტას. პირიქით, სინაქსისზე შეკრებილმა წინამძღოლებმა ჯერ არჩამოსულ ეკლესიებს მიმართვა გაუგზავნეს თხოვნით, ხვალისათვის ერთობლივ ლოცვაზე ჩამობრძანებულიყვნენ და კრებაზე დარჩენილიყვნენ. ეს უკვე მეორედ გაგზავნილი მოწვევა იყო. დღეს კი, რამდენადაც ვიცი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კიდევ ერთხელ განაცხადა ჩამოსვლაზე უარი.

დასანანია, რომ ზოგიერთი ეკლესია არ ჩამოვიდა, ბოლო მომენტამდე ვიტოვებთ იმედს, რომ ჩამოვლენ დისკუსიებში მონაწილეობისათვის. სწორედ კრებაა ის ადგილი, ის ფორუმი, რომელზეც შეიძლება, განიხილო წამოჭრილი საკითხები.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანმა ალექსანდრე ვოლკოვმა ამასწინათ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო უკვე მზა გადაწყვეტილებები ყველა მიმართულებით, მათ შორის – საორგანიზაციო-საპროტოკოლო და საინფორმაციო კუთხით და რაიმე სახის წინასწარი განხილვა ეკლესიებთან არ ყოფილა. ითვალისწინებდა თუ არა საორგანიზაციო კომიტეტი სხვა ეკლესიების წინადადებებსა და სურვილებს?

— საორგანიზაციო კომიტეტი – ეს არის ადგილობრივი, კრების მასპინძელი ეკლესიის კომიტეტი. ვინაიდან კრეტა მსოფლიო საპატრიარქოს ტერიტორიაა, სწორედ ის იყო დაკავებული საორგანიზაციო საკითხებით. ვფიქრობ, კრება რომ სხვა ადგილზე ჩატარებულიყო, მაგალითად, რუსეთში, გასაკვირი იქნებოდა, საორგანიზაციო საკითხებით რუსული ეკლესია არ ყოფილიყო დაკავებული. მაგრამ სხვადასხვა ეკლესიების – არა მარტო რუსულის სურვილები შესმენილ იქნა, მზადების პროცესში ბევრი შესწორება შევიდა ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებში, რათა მათი სურვილები დაკმაყოფილებულიყო.

ზოგადად, ისმოდა ბრალდებები, რომ მსოფლიო საპატრიარქო დიქტატორივით იქცევა

– ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან ნანახი მაქვს, როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი, ნანახი მაქვს, რა მიმართვები იყო, როგორ ცდილობდა საორგანიზაციო კომიტეტი, დაეკმაყოფილებინა ყველა საორგანიზაციო საკითხი, რომელიც წამოიჭრა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პარლამენტმა პატრიარქ ბართლომესადმი მიმართვა მიიღო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობის მინიჭების თაობაზე. თუ მიიღო მსოფლიო საპატრიარქომ ეს მიმართვა?

— ჯერ-ჯერობით ამის შესახებ მხოლოდ პრესიდან გვსმენია. ეს რამდენიმე დღის წინ იყო. ახლა კრეტაზე ვართ, არ ვიცი, ჩააღწია თუ არა უკვე ოფიციალურად ამ მიმართვამ საპატრიარქოში, მაგრამ როდესაც ჩააღწევს, მსოფლიო პატრიარქი მას განიხილავს.

არსებობს რაიმე წინადადებები უკრაინის ეკლესიის სტატუსის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით?

— ეს ის საკითხია, რომელიც, თუ იგი მანამდე მიაღწევს, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა თავის სესიებზე უნდა განიხილოს.

ანტიოქიის ეკლესიას სერიოზული უთანხმოებები აქვს იერუსალიმთა ყატარში არსებული ეკლესიის იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით. როგორ შეიძლებოდა, გადაწყვეტილიყო ეს საკითხი? არის ამასთან დაკავშირებით წინადადებები?

— მსოფლიო საპატრიარქომ ამასწინათ შესთავაზა ორივე ეკლესიას, შექმნილიყო სპეციალური კომისია ყატარის საკითხის შესასწავლად. ჩასატარებელია საკითხის ისტორიული, კანონიკური კვლევა, რათა იგი სერიოზულად გადაიჭრას. ვინაიდან კრებამდე 2-3 კვირა რჩებოდა, ამისათვის დრო არ იყო. იყო წინადადება, ამ საკითხით სერიოზულად დავკავებულიყავით კრების შემდეგ.

ანუ, ჯერ-ჯერობით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიცია ნათელი არ არის?

— არა. მსოფლიო საპატრიარქო გამოვიდა წინადადებით, შექმნილიყო სპეციალური სამეცნიერო კომისია ამ საკითხის შესასწავლად და ორივე ეკლესიის დასახმარებლად, რომ ეს საკითხი გადაეჭრათ.

ზოგიერთი მწვავე საკითხი კრების ფარგლებს მიღმა დარჩა. მათ შორისაა სირიის, ლიბიისა და ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნა. რატომ არ შევიდა ისინი დღის წესრიგში?

— შესაძლოა, კრების მიმართვაში რაიმე ითქვას. იყო იდეა, რომ მიმართვა უნდა პასუხობდეს ზოგიერთ აქტუალურ კითხვას, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღელვებთ. კრების თემატიკისა და რიგის შესახებ იყო გადაწყვეტილება, რომ რაკი თემატიკა ჯერ კიდევ 1971 წლის წინასაეკლესიო კონფერენციაზე გადაწყდა, ჯერ ეს თემები უნდა დასრულდეს, ხოლო შემდეგ, ღვთის წყალობით, მოვამზადებთ შემდეგ კრებას, რომელზეც სხვა საკითხების გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი.

ჯერ ის უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ. მუდმივად რომ ახალ-ახალი თემები დავამატოთ, ვერასოდეს დავასრულებთ დაწყებულს და არაფერი გამოვა. საკითხები თანდათანობით და სისტემატიურად უნდა გადაიჭრას.

რატომ არის მდენად დიდი უთანხმოებები ქორწინების საიდუმლოსთან დაკავშირებით? თითქოს მართლმადიდებლობისათვის საკითხი ერთმნიშვნელოვნად ჟღერს...

– ერთადერთი პრობლემა ქორწინების შესახებ ტექსტში ქართული ეკლესიის მხრიდან გაჩნდა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა სხვა კონფესიების წარმომადგენელ ქრისტიანებთან ქორწინების დაშვება. როგორც მე ამიხსნეს, ეს შესაძლოა, ერთადერთი მიზეზი არ იყოს, მაგრამ, რამდენადაც მესმის, მათ პრობლემა აქვთ სომხებთან შერეული ქორწინების, ამდენად არ სურთ შერეული ქორწინებების დაშვება.

დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებში უკვე ასწლეულია, დაშვებულია მრევლისათვის ქორწინება სხვა კონფესიების ქრისტიანებთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი არ არის. ეს ერთადერთი პუნქტია, რომელსაც ქართული ეკლესია არ დაეთანხმა.

ანტიოქიურმა ეკლესიამ ქორწინების შესახებ პუნქტს ხელი არ მოაწერა, მაგრამ ეს იყო არა პროტესტი ყატართან დაკავშირებით, არა პროტესტი თავად ქორწინების შესახებ ჩანაწერის გამო, რადგან ანტიოქიის ეკლესია უკვე დიდი ხანია, უშვებს შერეულ ქორწინებებს. ასე, რომ პრინციპში, ეს ერთადერთი პუნქტია, რომელშიც აზრთა სხვადასხვაობას ერთ ეკლესიასთან ჰქონდა ადგილი.

რა მოლოდინები გაქვთ კრებისაგან?

— კრება შესაძლებლობას აძლევს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას, ახალ, უფრო კანონიკურ, უფრო ოფიციალურ ფორმატში შეიკრიბონ და ერთად განიხილონ თემები, რომელიც აღელვებთ. ყველამ იცის, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ 1902 წელს დაიწყო, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა ყველა ეკლესიას მიმართა, ერთად განეხილათ საკითხები და ამით დაიწყო გრძელი პროცესი. ეკლესიები იკრიბებოდნენ, განიხილავდნენ, ამზადებდნენ ყველა ამ თემას სრულიად მართლმადიდებელთა კონფერენციებზე, რომელიც 1960-იან წლებში როდოსზე იკრიბებოდა, ასევე კრებისწინა კონფერენციებზე, მოსამზადებელ კომისიებში. ყველა ეს სტრუქტურა, კონფერენცია, კომისია – ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ეკლესიები ერთად განიხილავდნენ ამ საკითხებს. მაგრამ ეს ინსტანციები არ წარმოადგენს რაიმე სახის ოფიციალურ კანონიკურ სტრუქტურებს. ამჟამინდელი მსოფლიო პატრიარქის – ბართლომეს საპატრიარქოსთან მთელი რიგი სინაქსისები შეიქმნა – ეკლესიების წინამძღოლთა კრებები, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდა შესაკრებად. მაგრა ახლა კრება – ეს არის ყველაზე კანონიკური ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, საკითხები ერთად იქნას განხილული, რათა ერთიანი ბაგითა და ერთიანი გულით იქნას მიღებული რაღაც პოზიციები.

ვიმედოვნებთ, ეს კრება გახდება არა მარტო დამაგვირგვინებელი იმ პროცესისა, რომელიც მთელი XX საუკუნე გრძელდებოდა, არამედ იქცევა დასაწყისად ახალი ეპოქისა მართლმადიდებლობაში, რომელშიც შეკრება უფრო ხშირად გახდება შესაძლებელი.

თუ გაქვთ რაიმე სურვილები კრებასთან დაკავშირებით?

— მე ვხედავ, რომ დიდი და წმიდა კრება იწვევს ბევრ კითხვასა და დიდ ინტერესს, გამოთქმულია განსხვავებული მოსაზრებები. ეს მიუთითებს საკითხების აქტუალურობაზე, იმაზე, რომ აუცილებელია, ყველა ერთად შევიკრიბოთ მათ განსახილველად. მთავარი ჩემი სურვილი ისაა, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ილოცონ, რომ წმიდა სულმა გაანათლოს კრების ყველა მონაწილე, რათა გადაწყვეტილებები ეკლესიის სასარგებლოდ, ღმერთის სადიდებლად და ყველა ადამიანის გადასარჩენად იყოს მიღებული.

http://ria.ru/interview/20160619/1449148131.html#ixzz4C2tiDpUd

ქართული წყარო: http://accent.com.ge/ge/news/details/17397

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment