კითხვა-პასუხი კრეტის წმინდა და დიდი კრებაზე

13443171_1695898740634999_6416479028751948675_o

წინამდებარე პუბლიკაციაში შემოგთავაზებთ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ კითხვა-პასუხს, რომელიც კრეტის 2016 წლის წმინდა და დიდ კრებას ეხება. თავად კითხვარი დაახლოებით 80 გვერდიანია, მოცულობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ მათგან ამოგვეღო ის ნაწილები (17 კითხვა-პასუხი), რომლებიც ქართველი მკითხველისათვის აქტუალური და საინტერესო იქნება. აქვე დავძენთ, რომ წიგნაკზე საავტორო უფლებები რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის და მისი ქართულენოვანი თარგმანი უნეტარეს დანიელთან შეთანხმებით განხორციელდა.

 

 

 

 

  1. როგორ  განისაზღვრება ეკლესია კრეტის კრების დოკუმენტებში? (1)

კრეტის კრების დოკუმენტების მიხედვით: ,,ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულოეკლესია არის წმინდა სამების ხატისებრი ღმერთკაცობრივი თანაზიარება, წინასწარიმოლოდინი და გამოცდილება უკანასკნელი ჟამისა წმინდა ევქარისტიაში და გამოცხადებამომავალ საქმეთა დიდებისა, როგორც განგრძობადობა სულთმოფენობისა. იგი არისსაწინასწარმეტყველო ხმა ამქვეყნად, რომელიც არ შეიძლება დადუმდეს, ღვთისსასუფევლის მყოფობა და მოწმობა მომავალისა ძალითა (შდრ. მარკ. 9.1). (წმინდა და დიდი კრების ენციკლიკა, I, 1).[1]

ამ დამოწმებით ჩვენ ნათლად ვიაზრებთ, რომ წმინდა და დიდი კრება ეკლესიის შინაარსსა და მისიას ხელახლა ადასტურებს მოციქულთა, წმინდა მამათა, შვიდ მსოფლიო კრებათა და მათ მსოფლიო ავტორიტეტის მქონე მართლმადიდებლური კრებების (879-880; 1341, 1351; 1368; 1484; 1638; 1642; 1691) სწავლებათა მიხედვით.

 

  1. რატომ ეწოდება კრეტის კრებას ‘’წმინდა და დიდი’’? (6)

,,წმინდა’’ ეწოდება იმის გამო, რომ თითოეული მართლმადიდებელი ეკლესიის კრებას ამგვარად ეწოდება (‘’წმინდა სინოდი’’) და ,,დიდი’’ იმიტომ, რომ ის უფრო დიდია, ვიდრე ცალკეული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი.

წმინდა და დიდი კრება ავტოკეფალ,ურ მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა სინოდის დელეგაციებს აერთიანებს. ეკლესიის ისტორიაში წმინდა და დიდი კრების მნიშნელობა მომავალი კრების მიერ შეფასდება, რომელსაც შეეძლება დასკვნით დოკუმენტში გამოყენებული ზოგიერთი ფორმულირების სრულად მიღება, განმარტება და დახვეწა. ეს პრაქტიკა, ჩვეულებისამებრ, არსებობდა ეკლესიის ისტორიაში.

 

  1. კრეტის წმინდა და დიდ კრებაში ყველა ეკლესია მონაწილეობდა? (6)

 

2014 წლის მარტის და 2016 წლის იანვრის სინაქსისზე ყველა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა  ეკლესიამ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობის შესახებ თანხმობა განაცხადა და შემდგომში მიიღეს კიდეც მსოფლიო საპატრიარქოს მოწვევა. რამდენიმე მიზეზის გამო, კრეტაზე მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე, ოთხმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ (ანტიოქია, რუსეთი, საქართველო და ბულგარეთი) განაცხადა, რომ არ შეეძლოთ კრეტის კრებაში მონაწილეობა, უმთავრესად ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის არსებული კანონიკური დაპირისპირების გამო.

 

  1. დასკვნით დოკუმენტებზე ხელმოწერით ავტოკეფალიურ ეკლესიათა პირველიერარქებმა პირადი ხმა დააფიქსირეს? (15)

არა. მცდარია აზრი, რომ ავტოკეფალიურ ეკლესიათა იერარქებმა პირადი აზრი დააფიქსირეს. ეს რეგულაციით განპირობებულ კრების სამუშაო პროცედურასა და  რეალობას ეწინააღმდეგება. ამ რეგულაციით  ნათლად იყო განსაზღვრული, რომ ხმა ეკუთვნის თითოეულ ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო შიდა დებატები კი, რომლებიც თითოეულ დელეგაციას შორის მიმდინარეობს, წინ უძღვის ეკლესიის პოზიციის გამომხატველი პირის მოქმედებას. თითოეული ავტოკეფალიური ეკლესიის პირველიერარქი იყო პირი, რომელიც აცხადებდა თავისი ეკლესიის ერთიან ან უმრავლესობაში მყოფ აზრს, რამდენადაც პირადად იყო ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიის სინოდის ხელმძღვანელი და, ასევე, ეკლესიის პოზიციის გამომხატველი ოფიციალური დელეგაციის მეთაურიც. ამგვარად, აღნიშნული იყო, რომ წმინდა და დიდი მართლმადიდებლური კრება არ აუქმებდა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა სინოდალურობასა და ავტოკეფალიურობას.

რეგლამენტის მეთორმეტე ნაწილი განსაზღვრავს: ,,კრების კენჭისყრის საკითხების განხილვასა და გადახედვის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქთა წმინდა სინაქსისზე ერთსულოვანი თანხმობის მიხედვით (სინაქსისის მიხედვით თოთოეულ ავტოკეფალიურ ეკლესიას ერთი ხმის უფლება აქვს) ხმები ნაწილდება თითოეულ ავტოკეფალიურ ეკლესიაზე და არა დელეგაციის ცალკეულ წევრებზე. თითოეული ეკლესიის ხმა (და არა ამ დელეგაციის რომელიმე წევრის) არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეული ავტოკეფალიური ეკლესიის ერთ, ან უფრო მეტ იერარქს, შესწორებებზე ან სრულ ტექსტებზე განსხვავებული აზრები გააჩნდეთ.

დოკუმენტებზე ან მათ შესწორებებზე, დელეგაციების ზოგიერთ წევრთა მიერ გამოთქმული საწინააღმდეგო აზრები არ შევიწროებულა მაშინაც კი, როდესაც ისინი არ გამოხატავდნენ დელეგაციის შიგნით უმრავლესობაში მყოფთა პოზიციას. რეგლამენტი ითვალისწინებდა ამ გასხვავებული ხედვების პროტოკოლში აღნიშვნას.

 

5.მართალია, რომ კრეტის კრების დოკუმენტების მიხედვით მართმადიდებელი ეკლესია ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა სქესთა არსებობასაც აღიარებს? (18)

კატეგორიულად არ აღიარებს. სრულიად უსამართლოა იმის თქმა, რომ კრეტის კრების დოკუმენტები და, განსაკუთრებით, ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში’’ აკანონებს ‘’გენდერულ თეორიას’’. გენდერული თეორია ამტკიცებს, რომ პიროვნების გენდერი არ განისაზღვრება ბიოლოგიური სქესით და რომ ყველა ადამიანს, მარტივი არჩევანით, თავადვე შეუძლია გადაწყვიტოს,  კაცია თუ ქალი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კაცი მიიჩნევს, რომ ქალია, ის ავტომატურად ხდება ქალი. ამგვარი თეორიები მტკიცედ უარყო მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რამდენადაც მიიჩნევს, რომ ადამიანები ღმერთის მიერ მხოლოდ ორ სქესად შეიქმნნენ – მამრობითად და მდედრობითად. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის მიერ უარყოფილია.

 

  1. როგორ განისაზღვრება ოჯახი დოკუმენტში- ,,ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები’’? (22)

ეკლესია სამოძღვრო ზრუნვას მუდმივად იჩენდა და იჩენს ქრისტიანული ოჯახის შესახებ, რომელიც დღეს სეკულარული მსოფლიოსაგან მრავალი შეტევის ობიექტია. ,,ქალსა და მამაკაცს შორის ქრისტესმიერი კავშირი წარმოადგენს “მცირე ეკლესიას”(…) ქორწინების საიდუმლოს სიწმინდის დაცვას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის დასაცავად, რომელიც ასახავს მეუღლეობრივი საკვრელით შეერთებულ პიროვნებათა ურთიერთობას როგორც ეკლესიაში, ისე მთელ საზოგადოებაში. ამრიგად, პიროვნებების კავშირი, განხორციელებული ქორწინების საიდუმლოს მიერ, არ არის უბრალოდ შეთანხმებული ფიზიკური ურთიერთობა, არამედ ოჯახის წმინდა ინსტიტუტის მიერ რეალიზებული შემოქმედებითი სულიერი ძალა. ეს ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს ბავშვების დაცვა და აღზრდა როგორც ეკლესიის სულიერი მისიის აღსასრულებლად, ისე საზოგადოებაში ცხოვრებისათვის” (,,ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები’’ I. 4, 5).

 

  1. კრეტის კრება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ემხრობა? (23)

რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ ეკლესიის მტრებს შეუძლიათ ამგვარ აზრებს მხარი დაუჭირონ, რომლებიც სრულიად უცხო არიან ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრებისათვის. მართლმადიდებელი ეკლესია   ამგვარ მოვლენებს მხარს არასოდეს არ დაუჭერს. ამიტომ, რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახლახანს დალოცა სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ერთმა ორგანიზაციამ (კოალიცია ოჯახისთვის)წარმოადგინა, იგი ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინებაზე დამყარებულ  ბუნებითი ოჯახის დაცვას ცდილობს.

 

  1. შერეული ქრისტიანული ქორწინებები (მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის) კრეტის კრების მიერ მიღებული სიახლეა? (25)

 არა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პრობლემა ქრისტიანობის დასაწყისიდანვე არსებობდა. იმ გარემოში, რომელშიც ეკლესია განვითარდა, წარმართული და იუდეური საზოგადოება რიცხობრივად უმრავლესობაში იმყოფებოდა, რამაც ქრისტიანებსა და არაქრისტიანებს შორის ქორწინების საკითხებზე კითხვები წარმოშვა.

იმისთვის, რომ ქორწინების საიდუმლო მხოლოდ მართლმადიდებლებს შორის აღსრულებულიყო, საუკუნეების წინ, შერეული ქორწინებების წინააღმდეგ, ეკლესიამ მკაცრი პოზიცია წარმოადგინა, ,,რათა დაცულ იქნეს ოჯახის მართლმადიდებლური რწმენის სულიერი ერთიანობა’’. თუმცა, საუკუნეების მანძილზე, შერეული ქორწინება მაინც სრულდებოდა და ეკლესია ამ ფაქტს იკონომიის პრინციპით მიუდგა  (ამ საღვთისმეტყველო პრინციპით საეკლესიო საკითხები მოწყალებისა და პრაქტიკული დანიშნულების კუთხით გვარდებოდა), ფაქტი აღნიშნულია კონსტანტინოპოლის პატრიარქის, წმინდა ფოტიოსის (810-895) ნომოკანონში, რომელშიც განისაზღვრა, რომ ეკლესია (სახელმწიფოს მხრიდან იმპერატორ იუსტინიანეს (VI ს.) კოდექსით აღიარებული)  შერეული ქორწინებების რეალობის წინაშე იდგა.

სხვადასხვა სქესის მქონე ორი ქრისტიანის ქორწინება, რომლიდანაც ერთი მართლმადიდებელია და მეორე სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის (კათოლიკე, ანგლიკანი, პროტესტანტი და.ა.შ.), არაა ინოვაცია, მათ შორის არც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომელმაც 1881 წელს, რუმინეთის სამეფოში მცხოვრებ არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან, სხვა აღმსარებლებთან, ან ურწმუნოებთან, რუმინეთის მართლმადიდებელი სასულიერო პირების ეკლესიოლოგიური ურთიერთობების რეგლამენტში აღინიშნა, რომ: ‘’შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს, ან სხვა აღმსარებლობის პირებს შორის, დალოცვილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ვიმარხავთ ძველ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ამგვარი ქორწინების შედეგად მოვლენილი ბავშვები, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები ხდებოდნენ.’’

 

  1. ქრისტიანთა შერეული ქორწინების შემთხვევაში რატომ დაიშვება იკონომია? (26)

რადგან დღეს მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი კათოლიკური და პროტესტანტული გავლენების ქვეშ მყოფ ქვეყნებში ცხოვრობს, მათ არ შეუძლიათ არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან ურთიერთობის თავიდან აცილება. ამგვარად, ხშირ შემთხვევებში, ისინი ერთმანეთთან სულიერად დაახლოვდებიან ხოლმე და საბოლოოდ დაქორწინდებიან.

მიუხედავად ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია, შერეული ქორწინების საკითხებზე არ იძლევა რეკომენდაციას. თუმცა, ამ ფენომენის რეალურად დაწყების გამო, მან (ეკლესიამ გ.ლ.), იკონომიის პრინციპის საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში საკუთარი სულიერი შვილების შესანარჩუნებლად, პასტორალური გადაწყვეტილება მიიღო და რამდენადაც შესაძლებელი იყო,  დაეხმარა მათ, რომ ცხოვრების მანძილზე საღვთო მცნებებით ეცხოვრათ.

,,კანონიკური აკრძალვების მიუხედავად, <<შერეული>> ქორწინებები,   წარსულშიც ხშირად ხდებოდა. ჩვენს პლურალისტურ საზოგადოებაში, რომელშიც მართლმადიდებლობა მხოლოდ უმცირესობადაა წარმოდგენილი, მათი (შერეული ქორწინებების გ.ლ.) რაოდენობა მუდმივად იზრდება, მათგან ზოგი ჩვენს ეკლესიებში, ხოლო ზოგი კი, საუბედუროდ, მართლმადიდებლობის გარეთაც იკურთხება. ყველამ ვიცით, რომ ზოგი მათგანისგან (შერეულმა ქორწინებები გ.ლ.) ბედნიერი ოჯახები შეიქმნა და აზრზს მოკლებული და უტოპიური იქნება მათი განურჩეველი აკრძალვა. რეალურად ზოგიერთი ასეთ ქორწინებათაგანი უფრო ძლიერი და ბედნიერია, ვიდრე ისინი, რომლის წევრებიც ნომინალურად არიან მართლმადიდებლები და არასდროს გაუგიათ ქრისტიანული ქორწინების მნიშვნელობა, ვისაც პიროვნულად არასდროს აუღია პასუხისმგებლობა და რომელიმე ჭეშმარიტი ქრისტიანული მოვალეობა. (პრ. იოანე მეიენდორფი-Pr. John Meyendorff, Marriage – An Orthodox Perspective, Saint Vladimir’s Seminary Press, Crestwood, New York, 2000, p. 52).

დიდმა და წმინდა კრებამ შეისწავლა ეს სიტუაციები და განაჩინა, რომ: ,,თითოეულიავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდს შეუძლია, დამაბრკოლებელი ქორწინების დროს, გამოიყენოს საეკლესიო იკონომიის შესაძლებლობა ეკლესიის წმინდა კანონების პრინციპების გათვალისწინებით და სამოძღვროგანმრჩეველობის სულით, ადამიანის ცხონების მიზნით.’’  (ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები; იკონომიის გამოყენება, 5, ბ).

 

  1. კრეტის წმინდა და დიდი კრების დოკუმენტების მიხედვით, დაშვებულია მართლმადიდებელი ქრისტიანისა და არაქრისტიანის ქორწინება? (28)

არანაირად. წმინდა და დიდი კრება ამგვარ შესაძლებლობებს გამორიცხავს. საბოლოო დოკუმენტი განაჩინებს რომ: ,,კანონიკური აკრიბიით, მართლმადიდებელსა დაარაქრისტიანს შორის ქორწინება კატეგორიულად იკრძალება.’’ (ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები; იკონომიის გამოყენება, 5, გ).

,,ამიტომ, მართლმადიდებელ მღვდელს არ შეუძლია როდისმე დალოცოს მართლმადიდებლისა და არაქრისტიანის ქორწინება. აშკარად არასწორი იქნება, რომ ქორწინებისას იესო ქრისტეს სახელი მოიხსენიოს იმ პიროვნებისთვის, რომელიც მას საკუთარ უფლად არ აღიარებს. ასეთი ვედრება რეალურად უპატივცემულო იქნება არა მხოლოდ უფლისადმი, არამედ, ასევე, ამ პიროვნებისადმი, ან მისი რწმენისადმი (თუნდაც ნაკლულევანი რწმენისადმი).’’ (პრ. იოანე მეიენდორფი, Pr. John Meyendorff, Marriage-An Orthodox Perspective, pp. 52-53).

 

  1. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მარხვა? (29)

მარხვა არის დიდი სულიერი სარგებელი. ,,ფაქტია, რომ დღეს მრავალი მორწმუნე არ იცავს მარხვის ყველა დადგენილებას ან დაუდევრობით, ანდა არსებული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე. წმიდა მარხვების დადგენილებების შემსუბუქებას, რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ზოგადი თუ კერძო მიზეზებით განპირობებული, ეკლესია უნდა მოეპყრას სამოძღვრო მზრუნველობით, „რადგან ღმერთს არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მოქცევა და ცხოვრება ამისი” (ეზ. 33,11). თუმცა, არც მარხვის ღირებულება უნდა დაკნინდეს’’ (მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს, 8). წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: ,,კარგია ყოველდღიურად მარხვა, მაგრამ არამჭამელი მჭამელს ნუ განიკითხავს, რა დროსაც, ნუ მოეპყრობი რჯულმდებლობით, ნუ ძალადობით, ნურც იძულებულს გახდი შენზე რწმუნებულ სამწყსოს, პირიქით, უფრო მეტად შეაგონე და ლმობიერი მარილ-სიტყვით შეაზავე“ (წმ. იოანე დამასკელი, წმიდა მარხვების შესახებ 32, PG 95, 68B). [2]

 

  1. სიმართლეა, რომ კრეტის კრებამ შეამცირა მარხვის პერიოდები? (30)

რა თქმა უნდა. არა. როგორც აღნიშნულია კრების მარხვის ტექსტის მეექვსე და მეცხრე მუხლებში: ,,წმიდა მამათა კვალობაზე, როგორც თავდაპირველად, წმინდა სამოციქულო განსაზღვრებების, კრებათა დადგენილებების და წმიდა გარდამოცემების დამცელი, იგი ყოველთვის გვთავაზობს წმიდა მარხვებს, როგორც საუკეთესო საწვრთნელ ბილიკს სულიერი სრულყოფისა და მორწმუნეთა ცხონებისათვის, და ქადაგებს ეკლესიის მიერ დაწესებული საწელიწადო მარხვების დაცვის აუცილებლობას; ესენია: წმიდა ორმეოცისა (სააღდგომო დიდი მარხვა) და ოთხშაბათ-პარასკევის, რომელნიც დამოწმებულია წმიდა დადგენილებებით; ისევე, როგორც ქრისტეშობის, წმიდათა მოციქულთა, ღვთისმშობლის მიძინების მარხვები; ერთდღიანები: ნათლისღების წინა დღის, ჯვართამაღლების და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის. ამასთანავე, არსებობს მარხვების ხვადასხვა სამწყემსო საჭიროებისათვის კერძო ჯერზე განსაზღვრული, ანდა მორწმუნეთაგან არჩევით დაცული.’’(მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს, 6)

,,საღმრთო ზიარებამდე სამი ან მეტი დღით ადრე მარხვა უკავშირდება მორწმუნეთა ღვთისმოსაობას. ნიკოდიმოს მთაწმინდელის სიტყვების თანახმად, „საღმრთო კანონებით ზიარებამდე მარხვის დაცვა არ განისაზღვრება, მათ, ვისაც შეუძლია იმარხულოს ზიარებამდე მთელი კვირაც კი, კარგია” (VI მსოფლიო კრების მე-13 კანონის განმარტება, პიდალიონი, 191). თუმცა, ეკლესიის მორწმუნეთა ერთობა ვალდებულია, დაიცვას წმინდა მარხვები და შუაღამიდან უზმობით განეწყოს ხშირი ზიარებისათვის, რაც არის ეკლესიის არსის უპირატესი გამოხატულება’’ (მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს, 9).

 

  1. რას გულისხმობს მმარხველ ადამიანზე იკონომიის დაშვება? (31)

,,დაწესებულ მარხვებში ეკლესიამ დაუშვა კაცთმოყვარეობითა და სამწყემსო განსჯით განსაზღვრული იკონომია. ამიტომაც გაითვალისწინა, რომ ხორციელი უძლურებისა და გადაუდებელი საჭიროებისათვის, ან მძიმე ჟამის გამო, შესაბამისად, საპასუხიმგებლო განსჯითა და სამწყემსო მზრუნველობით, საეკლესიო იკონომია ადგლობრივი ეკლესიების მმართველ ეპისკოპოსებთან შეთანხმდეს.’’ (მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს, 7)

 

  1. რა მიზანს ისახავს მართლმადიდებელი ეკლესია კონფესიათაშორის დიალოგში მონაწილეობისას? (34)

სხვადასხვა ქრისტიანულ კონფენსიებს შორის დიალოგი უპირველესად იმისთვის ხორციელდება, რომ დამოწმდეს ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა, ეკლესიის სამოციქულო და პატრისტიკული ნააზრევი, რაც დაეხმარება მართლმადიდებლობის მარადიულ ღირებულებათა წარმოჩენას და ხელს შეუწყობს ქრისტიანების დაახლოებას.ამავდროულად, სხვა ქრისტიანებთან ჩვენი ურთიერთობები გარდაუვალია. ცნობილია, რომ დასავლეთის მართლმადიდებლურ დიასპორას არ შეუძლია დასავლეთის ქვეყნებში რიცხობრივ უმრავლესობაში მყოფ კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ურთიერთობებს განერიდოს. ამ რეგიონებში ჭეშმარიტი რწმენა, აუცილებლად კონფენსიური სიძულვილის გარეშე, თავმდაბლობით და ქრისტიანული სიყვარულით უნდა დავამოწმოთ, წმ. პავლე მოციქულის რეკომენდაციისამებრ, რომელიც გვესაუბრებოდა  სიყვარულით მოქმედი რწმენის შესახებ.[3] ამგვარად, ჭეშმარიტი რწმენის დამოწმება თავის თავში ცოცხალ სამართლიანობას უნდა გამოხატავდეს, რომელიც მართლმადიდებლისგან მოითხოვს ძალისხმევას, რომ კარგი ურთიერთობები ჰქონდეს სხვადასხვა ეთნიკური თუ კონფენსიური წარმომავლობის ქრისტიანებთან. ამგვარად, ერთად, ქრისტეს წმინდა სიყვარულით, ჩვენ შეგვიძლია დავამოწმოთ ჭეშმარიტება  უფრო სეკულარისტულ, ქრისტესგან და ეკლესიისგან უფრო დაშორებულ მსოფლიოში. ესაა კონფენსიათაშორისი დიალოგისადმი მიმართული, კრეტის წმინდა და დიდი კრების მოძღვრების არსი. ამგვარად, მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ დიალოგით სხვა ქრისტიანებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს ქრისტეს ერთი ეკლესიის ავთენტური მოძღვრებისგან თავად გაიმიჯნენ, ჭეშმარიტი მოძღვრება ცხადდება.

თუმცა, გაერთიანების აღდგენა მიიღწევა არამართლმადიდებლების მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებით, მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან ყოველგვარი საღვთისმეტყველო კომპრომისის, ან დოგმატური მინიმალიზმის გარეშე. დოკუმენტი ძალიან ნათლად ხსნის, თუ როგორ გაიგება ურთიერთობების განახლება, სახელდობრ ,,ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში’’, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაშია.

 

  1. რატომ განეკუთვნა ‘’ეკლესიათა ისტორიული სახელწოდება’’ არამართლმადიდებელ ქრისტიანულ გაერთიანებებს? (37)

კრების დოკუმენტის (მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი) VI მუხლში ვკითხულობთ, რომ ,,მართლმადიდებელიეკლესია ცნობს იმ ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულსახელდებას, რომლებიც არ არიან მასთან თანაზიარებაში.’’  ეს ფორმულირება, რომელმაც კრეტის წმინდა და დიდი კრების ძლიერი დებატები წარმოშვა, გაკრიტიკდა ზოგიერთ დოკუმენტებში, როგორც  კრების ეკლესიოლოგიური დეკლარაცია, რადგან იგი ცნობდა სხვა ქრისტიანული საზოგადოებების საეკლესიო ხარისხს. თუმცა, საბოლოოდ, იმ ქრისტიანული გაერთიანებების განმსაზღვრელ ტერმინად, რომლებმაც მართლმადიდებლურ რწმენას გადაუხვიეს, მივიღეთ საბოლოო ფორმულირება:  ,,არამართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფენსიების ისტორიული სახელწოდება’’, რომელიც  კონსენსუსით მიიღო ავტოკეფალიურ ეკლესიათა დელეგაციებმა. რეალურად შეთანხმდნენ, რომ ტერმინ ,,ეკლესიას’’ ,აგრეთვე, შეიძლება სხვა მნიშვნელობები და გააზრებები ჰქონდეს. იურიდიული, ისტორიული, სოციალური, კულტურული გადმოსახედებიდან გამომდინარე,  ისინი განსხვავდებიან იმ ონტოლოგიური და საღვთისმეტყველო მნიშვნელობებისგან, რომლებიც ექსკლუზიურად უკავშირდება მართლმადიდებელ ეკლესიას. დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, ქრისტიანულ რელიგიურ დენომინაციებს შორის  ურთიერთობები კანონით რეგულირდება და ევროპული ქვეყნები ოფიციალურად  უწოდებენ ‘’ეკლესიებს’’. მაგალითად რუმინეთში, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ხელისუფლება ,,ეკლესიად’’ ცნობს ქრისტიანულ ათ დენომინაციას.

 

  1. მართლმადიდებლურ თეოლოგიაში არამართლმადიდებლური კრებულების განსაზღვრებად ტერმინი ,,ეკლესიები’’ გამოიყენებოდა? (38)

დიახ. კრეტის კრება ხაზს უსვამს, რომ არამართლმადიდებელ კრებულთათვის ,,ეკლესიათა’’ ისტორიული დასახელება არაა სიახლე იქედან გამომდინარე, რომ ამგვარ კრებულთათვის ცნობილია მხოლოდ ისტორიული განსაზღვრება და არა მათი მართლმადიდებლური, ეკესიოლოგიური ხასიათის ცნობა. ამგვარი ტერმინოლოგია ადრეული პერიოდიდან გამოიყენებოდა. მაგალითად, 1484 წლის კონსტანტინოპოლის კრება, რომელმაც დაგმო მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და რომის ეკლესიის გაერთიანებების ძალადობრივი მცდელობები (რასაც ადგილი ჰქონდა ფერარა-ფლორენციის კრების პერიოდში 1438-1439), კათოლიკე (დასავლეთის) ქრისტიანულ კრებულთან დაკავშირებით იყენებს ტერმინ ,,ეკლესიას.’’ ისევე, როგორც სხვა რწმენიდან მართლმადიდებლობაში მისაღები მსახურებისას პიროვნებამ უარი უნდა თქვას ერეტიკულ დოგმატურ სწავლებებზე და მათი ეკლესიების დანარჩენ ჩვეულებებზე’’ (I. Karmiris, Τα Δογματικά και Συμβολικά Μνημεία της Ορθοδόξου καθολικής- Εκκλησίας, vol. II, Athens, 1953, p. 988).

 

  1. კრეტის კრებამ მიიღო ,,განშტოების ეკლესიოლოგია’’,[4] რომლის თანახმადაც არსებობს მრავალი ეკლესია, რომლებიც ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილები არიან? (40)

არანაირად. კრება კატეგორიულად უარყოფს ამგვარ მიდგომას. წმინდა და დიდი კრების დოკუმენტებიდან ნათელია ორი ფუნდამენტური ჭეშმარიტება: 1. მართლმადიდებელი ეკლესია არის ,,ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.’’ (მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობები დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, 1; 4; 21 მუხლები), რაც გამორიცხავს არამართლმადიდებელი ქრისტიანების რაიმე სახით მონაწილეობას მართლმადიდებელი ეკლესიის მარადიულ ცხოვრებაში და 2.,,არამართლმადიდებელმა ეკლესიებმა და აღმსარებლობებმა გადაუხვიეს ერთი, წმიდა,კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან.’’ (რუმინეთის დელეგაციის წინადადება, რომელიც ხაზს უსმევს არამართლმადიდებელი ქრისტიანების მართლმადიდებელი ეკლესიისგან განცალკევებას ან დაშორებას).

კრეტის წმინდა და დიდი კრება განშტოების ეკლესიოლოგიას არანაირად არ იწონებს, არამედ საპირისპიროდ, გმობს რაიმე მხრივ მოძღვრებით მოლაპარაკებებს, სინკრეტიზმს ან საღვთისმეტყველო დაბნეულობას: ,,მრავალმხრივი დიალოგების განმავლობაშიმართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს მიუნიშნებია, არც ახლა და არც მომავალში არმიანიშნებს, რომ დაუშვას რაიმე კომპრომისი სარწმუნოების საკითხებში.’’ (ენციკლიკა, VII, 20).

 

 

წყარო: On the holy and great council of crete, June 16-26, 2016 Questions and answers, (translated by Petru Molodeț-Jitea and alin-Bogdan Mihăilescu), Basilica PuBlishing house Bucharest – 2017 (http://basilica.ro/en/download-on-the-holy-and-great-council-of-crete-qa-ebook-english-russian/)

 

[1] წინამდებარე სტატიაში კრეტის კრების დოკუმენტებიდან ციტირებისთვის გამოვიყენებთ საქ. საპატრიარქოს მიერ შესრულებულ ოფიციალურ თარგმანებს (მთარგმნ. შენიშვ.).

[2] წმ. იოანე დამასკელის ეს სწავლება, კრეტის კრების მარხვის ტექსტის მერვე მუხლშია ციტირებული.

[3] იგულისხმება პავლე მოციქულის გალატელთა მიმართ ეპისტოლე, სადაც წერია: ,,რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით.’’ (გალ. 5.6.) (მთარგმნ. შენიშვ.).

[4] თეორია, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლობა არის ხე, ხოლო სხვადასხვა პერიოდში მისგან გამოყოფილი ქრისტიანული ეკლესიები კი ამ ხის ტოტებია (მთარგმნ. შენიშვ.).

 

ინგლისურიდან თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

ქართული წყარო: palamacentre

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment