წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის განცხადება

ცენტრის განცხადება შემოქმედის ეპარქიის კრების ოქმთან დაკავშირებით

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროში 2016 წელს 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე გამართულ დიდ და წმიდა კრების ირგვლივ დისკუსიები მიმდინარეობს და ის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ეკლესიათა დიალოგისა დიდ და წმიდა კრების გადაწყვეტილებების განხილვების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ეკლესიას ჯერ ოფიციალურად არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება კრებაზე მიღებულ დადგენილებებთან დაკავშირებით, დიდ და წმიდა კრების მიმდინარეობისას ქართული საეკლესიო მედიის მიერ,იშვიათი გამონაკლისის გარდა ვრცელდებოდა ისეთი სახის ინფორმაციები რაც ხელს უწყობდა კრების საწინააღმდეგო განწყობის შექმნას. აქტიურად ქვეყდნებოდა კრების მიმართ უარყოფითად განწყობილი ცალკეულ იერარქთა თუ საერო პირთა ინტერვიუები, რათა გადაფარულიყო ეკლესიათა უმრავლესობის ერთიანი აზრი და ხელმოწერით დადასტურებული ერთიანობა.

სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელებაში ადგილობრივი ეპარქიაც არის ჩართული; ასე მაგალითად, საგანგაშოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემოქმედის ეპარქიის ოფიციალური Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული 11 აგვისტოს გამართული საეპარქიო სხდომის ოქმის ტექსტი (https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1028060670646569&id=100003279363590, იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ხსენებული გვერდიდან გადაღებული ასლი)

ოქმში მოყვანილი ტექსტი შეიცავს არათუ არასწორ შენიშვნებს დიდ და წმინდა კრების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, არამედ ეს შენიშვნები ატარებს ცილისწამებლურ ხასიათს და პირდაპირ წინააღმდეგობაშია ამ დოკუმენტებში ასახულ რეალობისა. ამ ოქმის ტექსტის შემდგენელი უკეთეს შემთხვევაში ან არაინფორმირებულია, მიუხედავად იმისა, რომ კრების გადაწყვეტილებები თავისუფლად ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში, ან მიზანმიმართულად ხდება კრების საწინააღმდეგო განწყობილების გაძლიერება.

დიდ და წმიდა კრებას დაესწრო და მონაწილეობა მიიღო საყოველთაოდ აღიარებული 14-დან 10-მა ადგილობრივმა ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ხოლო მის მომზადებაში მონაწილეობდა ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია. კრებაზე ხელი მოეწერა იმ დოკუმენტებს (მცირეოდენი დაზუსტებებით), რომლებიც სწორედ იმ კრებისწინა შეკრებებზე იქნა მიღებული, რომელთაც ყველა ეკლესია ესწრებოდა და ყველამ მოაწერა ხელი (გარდა ქორწინების შესახებ დოკუმენტისა).

თავად დიდ და წმიდა კრებას სხვადასხვა მიზეზის გამო არ დაესწრო საქართველოს, ბულგარეთის, ანტიოქიის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიები. უნდა ითქვას, რომ ანტიოქიის ეკლესიის კრებაზე არ დასწრების მიზეზი იერუსალიმის ეკლესიასთან არსებული კონფლიქტი იყო; სამწუხაროდ, იურისდიქციული უთანხმოების გამო ეს ორი ეკლესია დღემდე არ არის ერთმანეთთან ევქარისტიულ კავშირში.
კრებაზე მიღებული და ხელმოწერილი დოკუმენტები ხელმისაწვდომია როგორც თვით კრების ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.holycouncil.org/official-documents), ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეც (http://patriarchate.ge/geo/kretaze-mighebuli-dokumentebi/). საბუთები ბერძნულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზეა წარმოდგენილი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მათი გაცნობა.
14067639_1085078721570677_3720618220113929000_nზემოთ ხსენებული განცხადება, რომელიც შემოქმედის ეპარქიის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა შეურაცხმყოფელია ყველა იმ ეკლესიისა და ეკლესიის წინამძღოლთა მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დიდ და წმინდა კრებაში, ადგილი აქვს 10 ეკლესიის უსაფუძვლო დადანაშაულებას ერესში თან იმ მღვდელმთავრის მხრიდან, რომელიც იმყოფება იმ ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციაში, რომელსაც ევქარისტიული კავშირი აქვს ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან, იმის მიუხედავად დაესწრნენ ისინი კრებას თუ არა.
მაგალითისთვის მოვიყვანთ შემოქმედის ეპარქიის სხდომის განცხადებაში გაჟღერილ რამდენიმე ციტატას:
– ”ე.წ. მსოფლიო კრებამ მოუწოდა მართლმადიდებელ ქრისტიანებს გაერთიანება სხვა კომფესიებთან” (სტილი უცვლელია)
-“ე.წ. მსოფლიო კრებამ უარყო შვიდი მსოფლიო კრების მართლმადიდებლური დოგმატები”…
– ”კრებამ მოუწოდა ყველა ქრისტიანს გაერთიანებისკენ და ბრძანა, რომ მაშინ იქნება ერთი სამწყსო და ერთი ეკლესია ანუ მოუწოდა კაცობრიობას ანტიქრისტეს ბატონობისა და მორჩილებისკენ”…
– ”კრებამ ეჭვი შეიტანა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთადერთობაში და უარყო ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დოგმატი, რომ იესო ქრისტე არის მწყემსი და თავი ეკლესიისა.”…
ამის პასუხად კი მოვიყვანთ კუნძულ კრეტაზე გამართულ დიდ და წმინდა კრების ერთ-ერთი დოკუმენტიდან ამონარიდებს:

„18. მართლმადიდებელი ეკლესია, რწმუნებული თავის ეკლესიოლოგიას, თავისი შინაგანი სტრუქტურის იდენტობას და ძველი ეკლესიის შვიდი მსოფლიო კრების მოძღვრებას, მონაწილეობს რა ემს-ის ორგანიზაციაში, არანაირად არ იზიარებს აზრს „აღმსარებლობათა თანასწორობის შესახებ“ და არანაირად არ შეუძლია მიიღოს ეკლესიათა ერთიანობა როგორც რამ აღმსარებლობათშორისი კომპრომისი. ამ სულისკვეთებით, ერთიანობა, რასაც ესწრაფვის ემს, არ შეიძლება იყოს შედეგი მარტოოდენ საღვთისმეტყველო შეთანხმებებისა, არამედ, აგრეთვე – სარწმუნოებრივი ერთიანობისა, რაც დაცულია საიდუმლოებებში და აღესრულება მართლმადიდებელ ეკლესიაში.

20. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და აღმსარებლობებთან საღვთისმეტყველო დიალოგების გამართვის პერსპექტივები ყოველთვის განსაზღვრულია უკვე ჩამოყალიბებული საეკლესიო გადმოცემის კანონიკურ კრიტერიუმებზე დაფუძნებით
(მეორე მსოფლიო კრების მეშვიდე კანონი და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების ოთხმოცდამეთხუთმეტე კანონი).“
(”მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი”
http://patriarchate.ge/…/martlmadidebeli-eklesiis-damokide…/)

ამ ამონარიდების შედარებისას რთული არაა დასკვნის გამოტანა.
საყურადღებოა, რომ კრეტის დიდ და წმიდა კრებაზე მიღებული ეს მუხლები იდენტურია შამბეზიში მიღებულ დოკუმენტისა, რომელთაც ხელი საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც მოაწერა და რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული: შამბეზ-ჟენევის 2015 წ-ის 10-17 ოქტომბრის მეხუთე წინასაკრებო საყოველთაო-მართლმადიდებლური სხდომის მიერ მოწონებული პროექტი „მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების“ შესახებ.

აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კუნძულ კრეტაზე გამართულ კრებას არასდროს არც კი ჰქონია პრეტენზია წოდებულიყო “მსოფლიო” კრებად. მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ”დიდი და წმინდა კრება” და სასურველია, რომ ყველა ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე და დოკუმენტში ასეც იწოდებოდეს, როგორც ეს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა ხსენებული
http://patriarchate.ge/wminda-da-didi-kreba/

ვფიქრობთ, რომ მსგავსი აბსოლუტურად უსაფუძვლო, ცილისმწამებლური, არაარგუმენტირებული, და რაც მთავარია მსოფლიო მართლდიდებლური ეკლესიებისადმი შეურაცხმყოფელი ტექსტები, რომელთანაც ჩვენ ევქარისტიულ კავშირში ვიმყოფებით, თუ ისინი შეცდომის ბრალია – და მაშინ ოფიციალურად უნდა გასწორდეს, ანდა მიზანმიმართული დეზინოფრმაცია – რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი და საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებული პასუხი.
აქვე დავსძენთ, რომ ასეთ ბრალდებებს ვერ ვხედავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ოფიციალურ გადაწყვეტილებებში. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი უპასუხისმგებლო ტექსტები ჩვენს ეპარქიებსა და მთლიანად საქართველოს ეკლესიას კანონიკური კრიზისით და ავტორიტეტის შელახვით ემუქრება.
წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი