„უკანასკნელი მართლმადიდებლები დედამიწაზე“

უკვე თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კუნძულ კრეტაზე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების „წმინდა და დიდი საეკლესიო კრება” გაიმართა. 14 ეკლესიიდან ოთხმა, მათ შორის საქართველოს ეკლესიამ, კრეტაზე გამგზავრებაზე უარი თქვა და ამ დრომდე უცნობია, დაეთანხმება თუ არა იგი იმ ექვს დოკუმენტსა და ორ გზავნილს, რომლებიც კრებაზე დაამტკიცეს.

თეოლოგებისთვის იმთავითვე გაუგებარი აღმოჩნდა არგუმენტები, რომლებიც საქართველოს ეკლესიამ წაუსვლელობის მიზეზად დაასახელა. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ რეალური მიზეზები თეოლოგიურ დისკურსს ცდება და გეოპოლიტიკურ განზომილებაში გადადის, სადაც მთავარი აქტორი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც დიდწილად რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ატარებს.

25 მაისის წმინდა სინოდის კრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკლესია კრებაზე გამგზავრებას აპირებდა, თუმცა სინოდმა გადაწყვეტილება 10 ივლისის საგანგებო სხდომაზე შეცვალა და მიზეზად რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, მათ შორის ბულგარეთისა და სერბეთის ეკლესიების გადაწყვეტილება, კრებაზე არ წასულიყვნენ.

საპატრიარქო ცვლილების შეტანას მოითხოვდა სამ დოკუმენტში, რომელიც კრებაზე უნდა განხილულიყო. საგულისხმოა, რომ სამიდან ორ დოკუმენტში საპატრიარქომ ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული ცვლილებები მოითხოვა.

ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” – ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელშიც საპატრიარქოს მოთხოვნით, უფრო მკაცრად უნდა ფორმულირებულიყო ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინების მიუღებლობა, ამასთან უნდა გაუქმებულიყო საგამონაკლისო წესი, რომელიც მართლმადიდებელს არამართლმადიდებელზე ქორწინების უფლებას აძლევდა.

კიდევ ერთი დოკუმენტი, როლის მიმართაც საპატრიარქოს ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული შენიშვნა გაუჩნდა არის მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“.

დოკუმენტის ქვესათაურიდან, რომელიც შემდეგნაირად არის ფორმულირებული:„მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად” – საპატრიარქო ჩანაწერის „ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის“ ამოღებას მოითხოვდა იმ არგუმენტით, რომ იგი მრავალმხრივი გაგების საშუალებას იძლევა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბოლოოდ კრეტაზე 4 მართლმადიდებელი ეკლესია არ გაემგზავრა, მათ შორის – რუსეთის. ამ უკანასკნელის პოზიცია სინოდისთვის 10 ივლისს ოფიციალურად ჯერაც არ იყო ცნობილი, თუმცა საეკლესიო წრეებში უკვე საუბრობდნენ იმაზე, რომ იგი კრების მიმართ ბოიკოტს აპირებდა და როგორც უკვე შემდეგ გახდა ცნობილი, ამის მიზეზად რუსეთმა სწორედ 3 ეკლესიის წაუსვლელობა დაასახელა.

და მაინც, იყო თუ არა საქართველოს ეკლესიის ბოიკოტი რუსეთიდან ნაკარნახები?

რუსეთს კრებაზე დაუსწრებლობის რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მას ეშინოდა, კრების დღის წესრიგში კიევის ეკლესიისთვის კანონიკური ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭების საკითხი არ დამდგარიყო, ამასთან, ნათელი ხდება რუსეთის ეკლეიის ამბიცია, რომელიც ე.წ. მესამე რომის კონცეფციაზეა დაფუძნებული და რომლის მიხედვითაც, რუსეთის ეკლესიას სურს, მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის პირველობა მოიპოვოს, რაშიც მას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უწევს მეტოქეობას.

14 ეკლესიას შორის კონსესუსის არარსებობა – ეს არის არგუმენტი, რომელზეც საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები აპელირებენ, როდესაც კრებისადმი ბოიკოტის მიზეზს განმარტავენ, თუმცა საგულისხმოა, რომ კრებაზე დაუსწრებლობით ეკლესიებმა თავიანთი პოზიციის ხმამაღლა წარმოთქმის შესაძლებლობაზე უარი თქვეს. კრება დოკუმენტებს, რა თქმა უნდა, შეთანხმებულად იღებს – მოსამზადებელი პერიოდი იმდენად ხანგრძლივი იყო, კრებამდე დიდი ხნით ადრე გახდა თითოეული ეკლესიის პოზიცია ცნობილი. კრებაზე, იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ, დოკუმენტების „რატიფიცირება“ ხდება, თუმცა ეკლესიებს საკითხებზე ვეტოს უფლება აქვთ, საშუალება, რომელიც საქართველოს ეკლესიამ არ გამოიყენა.

საქმე ის არის, რომ დოკუმენტების კონსენსუსის პრინციპით მიღების მოთხოვნა რუსეთის ეკლესიამ წამოაყენა. თეოლოგიის ისტორიის დოქტორი ზურაბ ჯაში „ლიბერალს“ განუმარტავს, რომ არც ადგილობრივი, არც მსოფლიო კრებები კონსენსუსის პრინციპით შუა საუკუნეებშიც არ გამართულა, რადგან ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც გარკვეულ საკითხს ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, საქმე ყოველთვის ხმათა უმრავლესობით წყდებოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საკითხები ეკლესიათა შეუთანხმებლობის გამო ვერასდროს გადაწყდებოდა.

საგულისხმოა, რომ ბოიკოტის მიზეზად მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის კრების მოწვევის საკითხზე ერთიანი პოზიციის არარსებობას ასახელებს საქართველოს ეკლესიაც. ამავდროულად, საპატრიარქო თავის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკის გავლენას უარყოფს.

ზურაბ ჯაში ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ღიად მიმდინარეობს კომუნიკაცია, რაც, ამ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენეს.

„საქართველოს ეკლესიის გათვლით, თუკი დავუთმობთ რუსეთის ეკლესიას, რომელიც რუსული პოლიტიკის ნაწილია და რუსეთის იმპერიულ ამბიციებს ემსახურება, რუსეთის სახელმწიფო გადმოდგამს ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ინტერესებს მოემსახურება. მაგრამ, როგორც უახლესი წარსულიდან ვიცით, ყველაფერი პირიქით ხდება. ამ უარის მიღმა ასეთი ინტერესის არსებობა კი აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო“ – ამბობს ჯაში.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეკლესიამ ბოიკოტის მიზეზად საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება მოიშველია კრებაზე დაუსწრებლობის შესახებ, გვაფიქრებინებს, რომ ეს უკანასკნელი რუსეთიდან იყო ნაკარნახები.

როგორც ის განმარტავს, რუსეთის ეკლესია დოგმატურ საკითხებზე რადიკალურ პოზიციას არასდროს გამოხატავს და ასე მოხდა „ქორწინების შესახებ“ დოკუმენტის შემთხვევაშიც. ჯაშის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ უცხოეთში ბევრია რუსეთის ეკლესია, ქორწინების საკითხზე რადიკალური პოზიციით მას ბევრი პრობლემა შეექმნება, ამდენად, ურჩევნია, თავისი პოზიცია სხვა ეკლესიების პირით გამოთქვას.

უკრაინელი თეოლოგი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის პროფესორი, დოქტორი პოლ გავრილუკი ამბობს, რომ რუსეთის საპატრიარქოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ძლიერი კავშირი არსებობს სხვადასხვა დონეზე, მათ შორის – რუსეთის უშიშროების ძალებთან თანამშრომლობისაც.

„ლიბერალთან“ იგი კრების შემდგომ საქართველოს ეკლესიის შესაძლო გადაწყვეტილებებზე საუბრობს დოკუმენტებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიები, დიდი ალბათობით, რუსეთის მსგავსად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მისი შეფასებით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი იზოლაციონისტური და ობსკურანტული იყო.

„ექსპერტები, რომლებიც კრებას ესწრებოდნენ ამბობდნენ, რომ სხდომის მოსამზადებელ შეხვედრებზე საქართველოს ეკლესია ერთგვარი ექო იყო რუსეთის საპატრიარქოსი. კრების დოკუმენტები შეიძლება მიიღოს ან არ მიიღოს საქართველოს ეკლესიამ. არსებობს მესამე შესაძლებლობაც, რომ საერთოდ უგულებელყოს  ისინი, ან სხვანაირად წაიკითხოს. ჩემი პროგნოზით, საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიები გააკეთებენ განცხადებებს, რომლებიც იქნება რუსეთის იმიტირება“ – ამბობს გავრილიუკი.

მისი თქმით, რუსეთის ეკლესია საკითხს გეოპოლიტიკურ ჭრილში უყურებს და თავისი ავტორიტეტის დამტკიცება სურს ქრისტიანული სამყაროსთვის.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი რუსი მეგობრები ამას განსაკუთრებულად გეოპოლიტიკის კუთხით უყურებენ, რადგან კრება იყო და რჩება ერთადერთ მექანიზმად, რომელიც იზოლაციისა და გეოპოლიტიკური საკითხების დაძლევისკენაა მიმართული. აშკარაა, რომ რუსეთის ინტერესებში იყო კრების გადადება. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა სდომებოდა ეს საქართველოს ეკლესიას, გარდა იმისა, რომ მას სხვა ეკლესიის შიში აქვს“ – ამბობს გავრილიუკი.

იგი საბჭოს სხდომას იხსენებს, როდესაც „ქორწინების შესახებ“ დოკუმენტს განიხილავდნენ, რომელის წინააღმდეგაც საქართველოს ეკლესია გამოვიდა.

„როცა საქართველოს ეკლესიის პოზიცია გაჟღერდა, კრებაზე ასეთი რეაქცია ჰქონდათ – „გაიღვიძეთ, 21-ე საუკუნეაო“. ეპისკოპოსებმა თქვეს, რომ ძალიან ბევრი შერეული ქორწინება არსებობს და მათ არ აქვთ უფლება, დააწესონ, ვის ვისზე შეუძლია დაქორწინდეს. ამ საკითხზე რუსეთის ეკლესიაც ანალოგიურად რეპრესიულია. კირილეს ძალიან უცნაური დოქტრინა აქვს, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თავისუფლების ხარისხი ღმერთის თვალში მათი სტატუსის მიხედვით აქვთ მინიჭებული. ადამიანის უფლებები ამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული. ეს არასწორი სწავლებაა“ – ამბობს გავრილიუკი.

რას ამბობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია?

საპატრიარქოს პოზიციის გასაგებად „ლიბერალი“ მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას დაუკავშირდა, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდა. მან გვითხრა, რომ კრების საკითხებზე უკვე ისაუბრა, ამდენად ჩვენს შეხვედრას აზრი არ ჰქონდა და არც სატელეფონო ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

7 ივლისს ანდრია გვაზავამ სალომე ასათიანის გადაცემაში „ინტერVIEW“ აღნიშნა, რომ კრების დოკუმენტების გარკვეული ნაწილი საქართველოს ეკლესიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ზოგიერთ მათგანი მართლმადიდებლურ დოქტრინასა და კანონიკურ სწავლებას არ შეესაბამებოდა.

„სამუშაო პროცესზე წარმოჩინდა, რომ მართმადიდებელ ეკლესის არ აქვს ერთობა კრების მოწვევის საკითხზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. მოწვევა ხდება კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ დანარჩენ ეკლესიათა წინამძროლებთან შეთანხმებით. ასევე, დღის წესრიგში ის საკითხები უნდა შევიდეს, რომლებიც ერთხმად არის  მიღებული. ყველა ეკლესიის თანხმობას რაც შეეხება, ჩვენ აქ არ გვაქვს კონსენსუსი, რადგან ანტიოქიის ეკლესიამ არ მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას კრების მოწვევაზე და არ მოაწერა ხელი კრების რეგლამენტს. მეორე, რომ დოკუემნტები, რომლებზეც არ იყო საყოველთაო თანხმობა, კრების დღის წესრიგში აღმოჩნდა. …თუკი კრების წინა პერიოდში არ არის კონსენსუსის პრინციპი დაცული, ვინ იძლევა გარანტიას, რომ დასკვნით ეტაპზე დაიცავენ?“ – თქვა მიტროპოლიტმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ კრების დღის წესრიგით მხოლოდ ის საკითხები უნდა განხილულიყო, რომლებზეც ყველა ეკლესიის თანხმობა იქნებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი იყო „ქორწინების შესახებ“, რომელზეც, საბოლოოდ, კრებამ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ გამოხატა და საკითხი ეკლესიებს ინდივიდუალურად გადასაწყვეტად დაუტოვა.

მიტროპოლიტი არ იზიარებს პოზიციას საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივების არსებობის შესახებ. მისი თქმით, საპატრიარქოს მხოლოდ დოგმატური საკითხები აინტერესებს და რუსეთის პოლიტიკურ ამბიციებს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ყოველგვარ იზოლაციაზე საუბარი ზედმეტია და რაც შეეხება რუსეთის გავლენაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, საპატრიარქო ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

„კრებაზე წაუსვლელობა არანაირად არ უკავშირდება ჩვენს გამიჯვნას რომელიმე ეკლესიასთან. ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაზე საუბარი არ შეიძლება. ეკლესია კრების ოქმებს ელოდება, რათა მათ გაეცნოს, შეისწავლოს და დასკვნა გააკეთოს. გამოყოფაზე საუბარიც არ არის“ – თქვა ანდრია გვაზავამ „ინტერVIEW“-ში საუბრისას.

არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და რამდენად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების კონცეფციას საქართველოს ეკლესია?

ზურაბ ჯაში მიიჩნევს, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა არ არის მოსალოდნელი და ფორმალურ დონეზე ურთიერთობა შენარჩუნდება, რადგან, რეალურად, საქართველოს ეკლესიასა და მსოფლიო ეკლესიებს შორის კავშირი უკვე ისედაც გაწყვეტილია.

„ევქარისტიული მხარე მხოლოდ და მხოლოდ შინაგან ერთობას გამოხატავს და თუკი ეკლესია ეკლესიას არ ეთანხმება და მეორე ეკლესიის გადაწყვეტილებას ერეტიკულად მიიჩნევს, ამის შემდეგ რა აზრი აქვს ამ კავშირს? ევქარისტია თანაზიარებას გულისხმობს. სარწმუნოებაში უნდა დავინახოთ ერთობა და თუკი ვხედავთ, რომ ის არ არსებობს, უნდა ვთქვათ, რომ თანაზიარებაც არ შედგება. სხვაგვარად მივიღებთ მშვიდობას, ოღონდ „სასაფლაოს მშვიდობას“ – ამბობს ზურაბ ჯაში.

შეკითხვაზე, თუ რამდენად ახლოსაა თანამედროვე ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანულ საწყისებთან, ჯაში პასუხობს, რომ ქართული ეკლესიის საღვთისმეტყველო ტრადიციაში დიდი წყვეტა იყო და არც დღეს ხდება მისი ხელშეწყობა.

„წყვეტა ძალადობრივი იყოს. ჩვენ მოკლებული ვიყავით სათანადო სასწავლებლებს და ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა, რომ დღეს საღვთსმეტყველო განათლება არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემია არსებობს. პატრიარქი იძულებული გახდა, ის პირები ეკურთხებინა მღვდლად, რომელთაც სათანადო განათლება არ ჰქონდათ. საღვთისმეტყველო განათლების მიღებას ვერ დაველოდებოდით, მაგრამ დღესაც, როცა სათანადო პირობები არსებობს განათლების განვითარებისთვის, ეს არ ხდება“ – ამბობს ჯაში.

მისი თქმით, ამის მიღწევა ადვილად არის შესაძლებელი, თუკი სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან მჭიდრო კავშირს დავამყარებთ, მათ გამოცდილებას გავიზიარებთ და მათგან ლიტერატურას მივიღებთ.

„მაგრამ ეს არ ხდება და იბადება კითხვა – რატომ?. არის გარკვეული ინერცია – ძველი თაობა იმდენად მიეჩვია და მოერგო ძველ ვითარებას, არ იციან, როგორ გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. მეორე მხრივ, არის რუსეთის გავლენაც, რომ განათლება საჭირო არ არის, რადგან რუსეთიდან შემოდის ლიტერატურა, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია მივიღოთ, გავითავისოთ და მორჩა“ – ამბობს ჯაში.

იგი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოზე მზარდი გავლენა აქვს რადიკალური განწყობების მქონე ისეთ გაერთიანებას, როგორიც „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირია“. მისი თქმით, მმკ-მ ფსევდოქრისტიანული ღირებულებებით გავლენა მოიპოვა ხალხზე, რამაც თავისთავად იმოქმედა ზემდგომ იერარქიაზე.

„საქმე იქამდე მიდის, რომ დღეს პარლამენტში კანონპროექტების განხილვაში იღებენ მონაწილეობას. აქ ჩანს, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვიტანონ ფუნდამენტალისტური, ფანატიკური რწმენის მქონე ადამიანებმა. მათი ინტერესია, რომ მაგალითად, განათლების სისტემაში შემოვიდნენ, გვასწავლონ, როგორ ჩავიცვათ, როგორ ვიცხოვროთ, ზნეობა/მორალი განგვისაზღვრონ. რუსეთიდან შემოაქვთ რელიგიური ლიტერატურა, რომელიც ანტიდასავლურია, ადამიანების უფლებებისადმი უარყოფითად არის განწყობილი და ანტიდემოკრატიულია. სავსეა მაღაზიები მსგავსი ლიტერატურით” – ამბობს ჯაში.

„უკანასკნელი“ მართლმადიდებლები დედამიწაზე

რუსულ ორბიტაზე ბრუნვაში ბრალდებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი რუსეთისადმი სიმპათიებს უარყოფს და ამავდროულად ხმამაღლა უჭერს მხარს ქვეყნის პროდასავლურ არჩევანს, თუმცა ღირებულებები, რომელთაც ის გამოხატავს, დემოკრატიული, სეკულარული, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემისთვის უცხოა.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს თანამედროვეობის ერთნაირი აღქმა აქვთ, კერძოდ, რუსეთის ეკლესია დასავლურ ცივილიზაციას მტრად აღიქვამს და ამას ქართული ეკლესიის იერარქთა უმრავლესობაც იზიარებს.

მისი თქმით, ამ ტენდენციამ ქართული ეკლესიის შემთხვევაში განვითარება 1997 წლიდან დაიწყო, როცა მან ეკუმენური საბჭო დატოვა და გეზი თვითიზოლაციისკენ აიღო.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლურ საგარეო ორიენტაციას დეკლარირებულად მხარს უჭერს, გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესია ცდილობს, ხელისუფლება არ გაანაწყენოს.

„ეკლესიას სურს, მთავრობაზე იმუშაოს და მისი გული მოიგოს. საქართველოში მთავრობა საპატრიარქოს ნომერ პირველი პარტნიორია. იცის, რომ თუ მთავრობასთან ჰარმონიაში იქნება, ძალაუფლებაც გარატირებული ექნება. ილია II დიდ ანგარიშს უწევს მთავრობას, რადგან საბჭოთა პარადიგმა აქვს და ახსოვს სახელმწიფოს მძიმე რეპრესია. თუმცა იქ არის ხალხი, რომელთაც პატრიარქობა სურთ და რომლებიც ამბობენ, რომ სახელმწიფო საერთოდ არ არის საჭირო და ეკლესიას ქვეყნის მართვის თავის თავზე აღება შეუძლია“ – ამბობს გამრეკელაშვილი.

თეოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთში ეკლესია მთავრობის მსახურია, საქართველოში კი ეს პირიქითაა, რადგან მთავრობა იძულებულია, უმრავლესობის კონფესიას ანგარიში გაუწიოს. მისი აზრით, მთავრობა დღეს ვერ ახერხებს, საზოგადოებას სოციალიზაციის კულტურული სპექტრი შესთავაზოს, ამდენად მოსახლეობა ეკლესიაში წასვლას ამჯობინებს.

„სად წავიდნენ ადამიანები კვირა დღეს? ეკლესიაში მიდიან, რომელიც უფასოა და მათთვის სოციალური შეთავაზებაა. სახელმწიფო არ აკეთებს ბაზრობებს, უფასო ფესტივალებს, როგორც ეს ევროპაში ხდება. რომც გააკეთოს, ეკლესია მას ჩაშლის, რადგან კონკურენტია. რაც დრო გავა, მეტი როკფესტივალი ჩაიშლება. მოქნილი ინსტინქტი აქვს საპატრიარქოს. ხვდებიან, სად არის მათი მოწინააღმდეგე – როცა უნივერსიტეტი გაძლიერდა, პირველი დარტყმა ეკლესიამ მასზე მიიტანა, რადგან მიხვდნენ, რომ აზროვნების პროცესი შეუქცევადი გახდა და ეკლესიას კონკურენტი გამოუჩნდა. ეკლესია არ მიიჩნევს, რომ როკფესტივალი სატანურია, ის მათი კონკურენტია“ – ამბობს გამრეკელაშვილი.

თეოლოგი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ადამიანს ეკლესია დილემის წინაშე აყენებს:

„მრევლი არჩევანის წინაშე დგება, იყოს თანამედროვე ადამიანი, მოიხმარდეს ტექნიკას, ჰყავდეს მეგობარი გოგო ან ბიჭი, იყოს „ქრისტიანი“. ჩვენი ეკლესია ფსონს რადიკალიზმზე დებს – ან ქრისტიანი ხარ, ან არაფერი და შესაბამისად, ეკლესიიდან უნდა წახვიდე. ამის ნათელი მაგალითია საპატრიარქოს ტელევიზიით გასული გადაცემა, სადაც ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან, ცხოველებად შერაცხეს“ – ამბობს გამრეკელაშვილი.

მისი თქმით, ეკლესიაში მოაზროვნე ადამიანი ვეღარ გაჩერდება, ფორმაციის პროცესი კი აუცილებლად კატასტროფამდე მიგვიყვანს. მიიჩნევს, რომ ეკლესიაში ისღა რჩება, ვინც საპატრიარქოს მოძღვრებას კრიტიკის გარეშე იღებს.

„სამღვდელოება არა მორალური, არამედ პოლიტიკური ავტორიტეტია. პატრიარქი დაინტერესებულია, რომ მისი კულტი არსებობდეს და ეს პროცესი, უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. მრევლი არ ცდილობს, მორალური ქცევის წესი იპოვოს. ეკლესია მრევლს ძალიან ცუდად ზრდის, რადგან – ერთადერთი, რაც მორალური თეოლოგიური საკითხებიდან ეკლესიაში დარჩა, სექსუალური ეთიკის წესებია“ – ამბობს გამრეკელაშვილი.

მისივე თქმით, საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას ელოდება, კრების დოკუმენტებთან დაკავშირებით. თუმცა მიზეზი, რის გამოც ქართული ეკლესია დოკუმენტებისადმი კრიტიკას გამოთქვამს, რეფორმაციის შიშია, რომლითაც, კრებამ შესაძლოა, მართლმადიდებელი სამყარო ახალ ტალღაზე გადაიყვანოს.

„ჩვენს ეკლესიას არ სურს ამაში მონაწილეობა, რადგან ფიქრობენ, რომ უკანასკნელი მართლმადიდებლები ვართ პლანეტაზე“ – ამბობს გამრეკელაშვილის.

სასულიერო პირთა გამოსვლები პარლამენტში ფემიციდისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტების განხილვაზე, 17 მაისის მოვლენები, სამღვდელოების პოზიცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგნის, „მე და საზოგადოება“ სწავლებაზე, – ეს მოვლენები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებისგან დაშორებულია, თუმცა ახლოს დგას რუსეთის  რეპრესიულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, თუკი საპატრიარქო ქვეყნის ევროპული არჩევანის რეალური მხარდამჭერია, მას მოუწევს, რეპრესიული პოლიტიკა ადამიანზე, მის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკით შეცვალოს, მანამდე კი მისი საგარეო ორიენტაციის შესახებ კითხვები ყოველთვის იარსებებს.

მასალა მომზადდა „ლიბერალისა” და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ერთობლივი მუშაობით, პროექტის „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს მიერ. მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს ნიდერლანდების სამეფოს პოზიციას.

 

 

ავტორები: დათო ფარულავა  / ბასტი მგალობლიშვილი

წყარო