მსოფლიო კრებების ინსტიტუტი

Bildschirmfoto 2016-06-18 um 00.37.42

მსოფლიო კრებების ინსტიტუტი, ფრაგმენტი ვლასი ფიდასის, ათენის უნივერსიტეტის პროფესორის „საეკლესიო ისტორიიდან“. 

 

სინოდური შეგნებულობა ყოველთვის იყო საეკლესიო სხეულის მუდმივი მოქმედების ფორმა, რომელიც სათავეს ევქარისტული შეკრებებიდან იღებს და დასრულდება საეკლესიო კრებების სხვადასხვა ფორმების ჩამოყალიბებით დაახლოებით V საუკუნეში. ამ ფორმების უმაღლესი გამოხატულება იყო მსოფლიო კრება, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საეკლესიო ერთობის დაცვა და ამ ერთობის აღდგენა მართალ სარწმუნოებასა და სიყვარულში. რა თქმა უნდა, მსოფლიო კრების მოწვევა იყო საგანგებო მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში და მუდამ დაკავშირებული იყო რომელიმე სარწმუნოებრივ პრობლემასთან, რომელიც გარკვეულწილად სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა საეკლესიო გადმოცემის ნამდვილობასა და სულიერ მისიას.

ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის დროში და ისტორიაში განგრძობადობის ქრისტეცენტრული არსი (ონტოლოგია), დასტურდება სულიწმიდის მოქმედებით და გამოვლინდება მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სულთმოფენობის უწყვეტ გამოცდილებით (ემპირიულ) განცდას (ცხოვრებას, βίωσις).

მსოფლიო კრებას მუდამ წარმოადგენდნენ მოციქულების კანონიკური მემკვიდრეები და საეპისკოპოსო მოქმედების სისრულის და სავსების ჭეშმარიტი გამგრძელებლები. ეპისკოპოსები მონაწილეობენ მსოფლიო ან თუნდაც სხვა სახის კრებებში არა მხოლოდ როგორც მატარებელნი სამღვდელო ხარისხის სისრულისა, არამედ როგორც ხილული თავები და იმავდროულად თავმდებნი საღვთო ევქარისტიის ავთენტურობისა ყოველ ადგილობრივ ეკლესიაში. სწორედ, ამიტომაც, მათი თანამონაწილეობა მსოფლიო კრებაზე არ არის მხოლოდ ერთი უბრალო გამოხატულება საეპისკოპოსო ხარისხის მატარებელთა ერთობლივი პასუხისმგებლობისა, არამედ ადგილობრივი ეკლესიების მთელი სხეულის ცოცხალი წარმომადგენლობითობა მათი ხილული თავების მიერ, ანუ ეპისკოპოსები წარმოადგენენ მსოფლიო საეკლესიო კრებას არა როგორც ეკლესიის სხეულისაგან დამოუკიდებელ ან ავტონომიურ ორგანოს, არამედ როგორც მათდამი დაქვემდებარებული  ეკლესიების ხილულ თავებს, რომელთა მიერაც გამოხატულ უნდა იქნეს მათი ადგილობრივი ეკლესიების შეხედულებები.

ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ის პრინციპი, რომ მსოფლიო კრებაზე მონაწილეობს ყველა ეპისკოპოსი. მიუხედავად ამისა, შვიდ მსოფლიო კრებაზე სხვადასხვა მიზეზების გამო ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობა შეუძლებელი იყო. ეს მიზეზები შესაძლოა ყოფილიყო: სამოძღვრო, ჯანმრთელობის, მოხუცებულობის, მანძილის და სხვა. მართლაც, მსოფლიო კრებაზე ყველა ეპისკოპოსის თანამონაწილეობის ეკლესიოლოგიური კრიტერიუმი განისაზღვრა კანონიკური გზით (რეგულირებით) ყოველი ეპარქიისათვის შესაბამისი წინაპირობებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, და იმავდროულად მთელი საეკლესიო შეგნებულობის მმართველობითი პრინციპის შესაბამისად. პირველი საუკუნეებიდან დამკვიდრებული საეკლესიო კრებების სხვადასხვა ფორმები გარკვეულწილად შეამზადებდნენ მსოფლიო კრებების მოქმედების პრინციპს და იმავდროულად გავლენას ახდენდნენ მსოფლიო კრების მოწვევის მომზადებაზე.                                                   ადგილობრივი კრებები ყოველთვის მუშაობდნენ მსოფლიო გამიზნულობით, თუმცა ეს გამიზნულობა მხოლოდ მსოფლიო კრებების ინსტიტუტის დამკვიდრების შემდეგ გაძლიერდა.

პირველ საუკუნეებში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის კრებების ურთიერთდამტევნებლობას და თანხმიერ თანაარსებობას. თუმცა ეს ყველაფერი მოქცეული იყო საეკლესიო სავსების სინოდური მოქმედების ერთიან ჩარჩოში. ეპარქიული ან საპატრიარქო კრებები თავს ართმევდნენ მხოლოდ ადგილობრივ განზომილებაში წარმოჩენილ საეკლესიო პრობლემებს. ისინი წინაშეამზადებდნენ საეკლესიო  შეგნებულობას მსოფლიო კრების მოსაწვევად. იმავდროულად კი განსაზღვრავდნენ ეპარქიების წარმომადგენლებს, რომელთაც დაევალებოდათ მომავალ მსოფლიო კრებაზე თითოეული ადგილობრივი ეკლესიის შეხედულებების წარმოჩენა. საზოგადოდ, ამ შეხედულებებს ისინი გამოხატავდნენ სინოდურ ეპისტოლეებში, რომელთა მეშვეობითაც უწყებულ იყო მთელი საეკლესიო სავსების კონკრეტული გადაწყვეტილებისა თუ პრობლემის შესახებ.

საეკლესიო მმართველობითი ფორმების განვითარება და ცვლილება გარკვეულწილად გავლენას ახდენდა მსოფლიო კრებების მოწვევის პრინციპზე იმ საეკლესიო წინაპირობებისადმი მიმართებაში, რომელზეც დამოკიდებული იყო ყველა ადგილობრივი ეკლესიის თავის მონაწილეობა მსოფლიო საეკლესიო კრებაში (ეს იგივდებოდა აბსოლუტურად ყველა მოქმედებაში მყოფი ეპისკოპოსის მონაწილეობასთან).

ყველა მოქმედებაში მყოფი ეპისკოპოსის მონაწილეობა მსოფლიო საეკლესიო კრებაში, როგორც ეკლესიოლოგიური კრიტერიუმი, მხოლოდ პირველი მსოფლიო კრების დროს იქნა შესაძლებელი. პირველმა კრებამ განსაზღვრა სამთავროების მიხედვით სამიტროპოლიტო სისტემა და დაადგინა წინაპირობები თითოეულ სამთავროში ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლობითობის შესახებ. თუკი პირველი მსოფლიო კრებისას მოწვეულ იქნა ყველა მოქმედებაში მყოფი ეპისკოპოსი, ამ კრების შემდეგ ეს პრინციპი შეიცვალა. მსოფლიო კრებაში ადგილობრივი ეკლესიების ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობის პრინციპიდან წარმომადგენლობითი მონაწილეობის პრინციპზე გადასვლამ განაპირობა საეკლესიო შეგნებულობის ახლებური მოქმედება, რადგან თითოეული ადგილობრივი ეკლესიის ან ეპარქიის მიერ წარგზავნილ წარმომადგენელს შეეძლო გადაეჭარბებინა ან გადაეხვია მისი ადგილობრივი ეკლესიის შეხედულებებისაგან მსოფლიო კრების მუშაობის დროს.              ეს წარმომადგენლები, როგორც წესი იღებდნენ ზეპირ ან წერილობით მითითებებს და მინდობილობას მათი პოზიციისათვის, კონკრეტული პრობლემის გადაჭრის დროს. მაგრამ ძირითადად მათ ეძლეოდათ სინოდური ეპისტოლეები, რომლებშიც წერილობითად გამოთქმული           იყო რომელიმე სამთავროს ეკლესიის ან საპატრიარქოს შეხედულება, მაგ: რომის პაპის მითითებები მისი წარმომადგენლების მიმართ წესისამებრ იყო წერილობითი, ე.წ. მემორანდუმი (μνημόνειο, commonitoria), რომლებიც შეიცავდნენ პაპისა და დასავლეთის ეპისკოპოსებთან შეთანხმებულ დასავლეთის ეკლესიების შეხედულებების მკაცრ მითითებებს. რა თქმა უნდა ამ მითითებებიდან გადახვევა მეტად უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა ამ წარმომადგენლებს, რომლებიც ვალდებული იყვნენ კრებაზე წარდგენისას ემცნოთ კრებისათვის პაპის ეპისტოლეების შინაარსი.

ამგვარი პრინციპით იქნა წაკითხული მესამე მსოფლიოკრებაზე პაპ კელესტინოსის ეპისტოლე., პაპ ლეონის ეპისტოლე მეოთხე მსოფლიო კრებაზე, პაპ ვიგილიესისმეხუთე მსოფლიო კრებაზე, პაპ აგათონისა მეექვსა მსოფლიო კრებაზე, აღმოსავლეთის ეკლესიების პატრიარქებისა მეშვიდე მსოფლიო კრებაზე.

ზოგჯერ, რომელიმე მსოფლიო კრების მისიის ჩარჩოებიდან გადაცდენა ან გადასვლა, რაც კარგად ჩანს იმპერატორების ან კონსტანტინოპოლის პატრიარქის საკრებში (წერილებში), უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს, რომლებიც არ იყვნენ უწყებულნი შესაბამისი თემების შესახებ. მაგ: პაპის წარმომადგენლებმა დიდი პროტესტი გამოთქვეს მეოთხე კრებაზე 28–ე კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლებამოსილებებს, რადგან მათ წინასწარ არ მიიღეს შეტყობინება ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით. ამ გაგებით მსოფლიო კრებაც არ უნდა გადასულიყო წინასწარ გამოცხადებულ თემატოლოგიას, ისევე, როგორც არ შეეძლო უგულებელეყო ხუთივე პატრიარქის სინოდური ეპისტოლეები. მაგ: ქვაბავაზაკთა კრებაზე ეფესოში (449წ) ალექსანდრიის არქიეპისკოპოსმა დიოსკორემ აკრძალა პაპის ლეგატების ეპისტოლის წაკითხვა (სავარაუდოდ იერუსალიმის იუბენალიოსისა დაკაპპადოკიის კესარიის თალასიოსის მხარდაჭერით). ეს აკრძალვა განსჯილ იქნა მე–4 მსოფლიო კრებაზე და მის საფუძველზე განსჯილ იქნა დიოსკორე.

ამრიგად, მსოფლიო კრებაზე აუცილებელი იყო ყველა საკითხის შესახებ სრული ინფორმირება, რომელნიც გამოხატავდნენ ყველა საპატრიარქოს შეხედულებას, რადგან აუცილებელი და საჭირო იყო ხუთივე პატრიარქის თანხმობა სარწმუნოებრივი საკითხების შესახებ; ხუთი პატრიარქიდან ერთ-ერთის უთანხმოება რა თქმა უნდა ვერ მოახდენდა გავლენას კრების გადაწყვეტილების არსებით ძალმოსილებაზე, მაგრამ გარკვეულწილად აზიანებდა საეკლესიო საგარეო ურთიერთობას. მაგ: ამგვარად მოხდა მესამე მსოფლიო კრებაზე (ნესტორიანელების წარმოშობა), მეოთხე მსოფლიო კრებაზე დიოსკორეს გამო (ანტიქალკედონელების და მონოფიზიტების წარმოშობა), და მეექვსე მსოფლიო კრებაზე ანტიოქიის მაკარიოსის გამო (მარონიტების თემა).

მსოფლიო კრებების ავთენტურობა ან უტყუარობა ორ სპექტრში წარმოჩინდებოდა:    ა) კრების დადგენილებების მიღება მსოფლიო საეკლესიო სავსების მიერ, და ბ) კრების მითვლა წინა მსოფლიო კრებების რიგში. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ა) მთელი საეკლესიო სავსების მიერ რომელიმე მსოფლიო კრების დადგენილებების მიღება დაიწყო თავად მსოფლიო კრების ინიციატივით, რომელიც სინოდური ეპისტოლეების მეშვეობით ამცნობდა კრების დადგენილებებს ყველა სამიტროპოლიტოსა და საპატრიარქო საყდრებს, და მოუწოდებდა მთელ სასულიერო და საერო ერთობას მიეღოთ ეს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხებოდა სარწმუნოებრივ საკითხებს. ამ დადგენილების მიღების პროცედურა არ იქნებოდა საჭირო, თუკი კრებაზე მონაწილეობას მიიღებდა ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი, როგორც ეს მოხდა პირველ მსოფლიო კრებაზე.

დადგენილებების მიღების პროცედურა აუცილებელი გახდა პირველი მსოფლიო კრების შემდეგ კრებებზე, როცა მუშაობას იწყებს წარმომადგენლობითი სისტემა. ამგვარად ხდება უკვე პირველი მსოფლიო კრების შემდეგ.

ბ) მსოფლიო საეკლესიო სავსების მიერ რომელიმე კრების მსოფლიოდ მიღების ან არ მიღების საკითხი იყო აბსოლუტური კრიტერიუმი და გამოიხატებოდა მრავალგვარი ფორმით ( ადგილობრივი კრებები, თეოლოგიური ნაშრომები, კლერიკოსების, მონაზვნების და საერო პირების რეაქცია). მაგალითად: 1) მესამე მსოფლიო კრების ძალმოსილებისადმი მონაზვნების დადებითმა ქმედებებმა და განწყობილებამ გაანეიტრალა ამ კრების მოწინააღმდეგე წრეების მოქმედება, ხოლო იგივე მესამე კრების გადაწყვეტილებების არ მიღებამ აღმოსავლეთის დიოცეზის (ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფთა) იერარქიის მხრიდან, გარკვეულწილად განაპირობა მისი დადგენილების ზომიერ ფორმაში გადასვლა – დაზავების ოროსი ( Ὅρος τῶν Διαλλαγῶν). 2) მე–4 მსოფლიო კრების დადგენილებებისადმი ეგვიპტის მონაზვნებისა და სასულიერო პირების უარყოფითმა განწყობილებამ  განაპირობა ხანგრძლივი დავები მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის. ამ პროცესს ვერც მე–4 მსოფლიო კრების ნეოქალკედონურმა განმარტებამ უშველა. საბოლოოდ კი ეს დავები ანტიქალკედონიზმის წარმოშობით დასრულდა.

საეკლესიო სავსების კანონიკური უფლებამოსილება რომ ერთმანეთისგან გაერჩია ( ან გაარჩიოს) ნებისმიერი კრების ავთენტური ან ფსევდო სწავლებები, თანდათან აყალიბებდა საეკლესიო სხეულის მოღვაწეობის ფორმას, რაც იმავდროულად საეკლესიო ცნობიერების მატარებელიც იყო. სწორედ ყოველივე ამის მიხედვით იქნა უარყოფილი ეფესოს 449 წლის და ჰიერიის 754 წლის კრებები – არა მხოლოდ მცდარი თეოლოგიური გადწყვეტილებების გამო, არამედ სინოდური მოქმედების უგულებელყოფის გამო („ავაზაკთა“ კრებაზე დაირღვა თავმჯდომარეობის წესი, კონსტანტინოპოლის ჩამოქვეითება, ევტიქის აღდგენა. ჰიერიის კრებაზე იმპერატორის სურვილი, რომ ყოფილიყო თეოლოგიური საკითხების დაყენების ინიციატორი, ხდება სინოდური სისტემის დაკნინება, იმპერატორის როლის აწევა და ა.შ.).

პირველი მსოფლიო კრება იყო ერთგვარი ზღვარი ორი პერიოდისა, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა მსოფლიო კრებების მოწვევისა და მუშაობის პრინციპები. მართლაც, პირველ კრებაზე მოწვეულ იქნა ყველა ეპისკოპოსი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ყველა ვერ ჩავიდა. ეს რა თქმა უნდა არ აკნინებდა მის მსოფლიოობას, რადგან მასში მონაწილეობა არ მიიღო ყველა დიოცეზისა და სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსმა.  კონსტანტინე დიდი წერს: „ყოველი ერიდან მოწვეული ეპისკოპოსი“.ყოველ ერებში იგულისხმება ყველა ის დიდი სამთავრო, რომელიც შედიოდა რომის იმპერიის შემადგენლობში. ამ სამთავროების საზღვრებში მოიაზრებოდა ადგილობრივი ეკლესიების ერთიანობა, ხოლო კრებაში მონაწილე ეპისკოპოსები მოიაზრებოდნენ არა მხოლოდ როგორც ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები, არამედ ამ ეპარქიების და სამთავროების ადგილობრივი ეკლესიების შეხედულებების წარმომჩენნი, იმ ეპისკოპოსების ნაცვლად, რომელნიც არ მონაწილეობდნენ ამ კრებაზე.

ყველა ეპისკოპოსის არ მონაწილეობა არ განაპირობებდა ახალი რამ კრიტერიუმის შემუშავებას კრების მოწვევისათვის. მართლაც, პირველ მსოფლიო კრებაში ყველა ეპისკოპოსის არ მონაწილეობამ თვით არიანელ ეპისკოპოსებშიც არ გამოიწვია წინააღმდეგობა და არც კრების გადაწყვეტილების ავტორიტეტულობაში შეიტანეს ეჭვი. როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო კრების კანონიკური გადაწყვეტილებით დადგინდა სამიტროპოლიტო სისტემა. მაგრამ ამ სისტემის შემოღებით უმალ არ გაუქმებულა აუცილებლობა ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობისა. თუმცა, თანდათანობით ეს პრინციპი იცვლება სხვა პრინციპით, ანუ ყველა ეპარქიიდან წარმომადგენლობითი წარმოჩენისა, ადგილობრივი ეკლესიების პირდაპირი კავშირი მსოფლიო კრებებთან იცვლება წარმომდგენლობითი სქემით თითოეული სამთავროდან. მეორე არ აუქმებს პირველს, რადგან წრმომადგენლობა მიიჩნეოდა ადგილობრივი ეკლესიების შეხედულებების თანაზიარ მატარებლად.                      ამრიგად, ადგილობრივი ეკლესიების შეხედულებები წარმოჩნდება  ამ ეკლესიებიდან გამორჩეულ წარმომდგენლებში. მსოფლიო კრების მოწვევის დროს უკვე აღარ იყო საჭირო პიროვნული მოწვევა ყოველი ეპისკოპოსისა. ეს საკითხი უკვე გადაიჭრებოდა ამ სამთავროების მიტროპოლიტების მოწვევით, ამიტომაც მეორე მსოფლიო კრებაზე მოწვეულ იქნენ მხოლოდ მიტროპოლიტები და მათ მიერ გამორჩეული წარმომადგენლები. ამგვარი წარმომადგენლობის პრინციპი უმალ იქნა მიღებული საეკლესიო სავსების მიერ.

მნიშვნელოვან დამოწმებებს გვაძლევს მესამე მსოფლიო კრების ოქმები. ეს კრებაც მოწვეულ იქნა ასევე სამიტროპოლიტო სისტემის მიხედვით. მართლაც, თეოდოსიოსის მეორის ბრძანებაში და ვალენტინიანეს საკრაში კირილე ალექსანდრიელისადმი მოუწოდებენ მას რათა აირჩიოს ეპისკოპოსები, თუმცა მას არ სთხოვდნენ რაოდენობის მკაცრ ნორმას, რის გამოც ერთგვარი უკმაყოფილება გამოთქვა  ნესტორმა იმპერატორისადმი. ეგვიპტის ეკლესია 382 წლიდან არ წარმოადგენდა ერთ უბრალო სამთავროს, არამედ დიოცეზს უამრავი სამთავროებით. მართლაც, მესამე მსოფლიო კრებაზე მონაწილეობა უნდა მიეღოთ მხოლოდ ოფიციალურად მოწვეულ ეპისკოპოსებს, ამიტომაც ისინი ვალდებულ იყვნენ წარმოედგინათ სამეფო წერილები. საინტერესოა, რომ მესამე მსოფლიო კრებაზე შემოწმებულ იქნა თითოეული წარმომადგენლის ყველა მონაცემი. შემოწმებულ იქნა ამ მონაცემების სიზუსტე, ძირითადად სამეფო წერილების წარმოდგენით. ნესტორის ბრალდებაც სწორედ იმ ფაქტს შეეხებოდა, რომ მესამე კრებაზე მონაწილეობდნენ არაკანონიკურდ მოწვეული ეპისკოპოსებიც, რომელთაც არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობის და მოუწოდებდა იმპერატორს დაეცვათ დადგენილი წესი. ნესტორი აშკარად მიანიშნებს თითო სამთავროდან სამზე მეტი ეპისკოპოსის მონაწილეობაზე და ამით ამხელს ეგვიპტის ეკლესიის მხრიდან  არაკანონიკური რაოდენობის არსებობას ( ნესტორს ჰყავდა 16 ეპისკოპოსი, კირილეს 50). მაშ, როგორ უნდა მომხდარიყო თითოეული ეპარქიიდან წარმომადგენლების შემადგენლობა? თეოდოსიოს მეორის საკრაში კირილეს ეძლევა სრული თავისუფლება  წარმომადგენლების რაოდენობით გამორჩევაში. კირილეს წესისამებრ უნდა მოეწვია სამთავროს კრება, სადაც მოხდებოდა წარმომადგენლების გამორჩევა, რადგან კირილესაგან თვითნებური გამორჩევა წინააღმდეგობაში მოდიოდა ეკლესიის კანონიკურ წყობასთან. საპირისპიროდ, ანტიოქიის ეკლესიაში მოხდა სამ–სამი წარმომადგენლის გამორჩევა, რომელნიც შეიკრიბნენ ანტიოქიაში და იქიდან გადავიდნენ ეფესოში. წარმომადგენლების გამორჩევის კანონიკური უპირატესობა ჰქონდა სამთავროს კრებას და არა მიტროპოლიტს.

ეს საკითხი დადგა მეხუთე მსოფლიო კრაბაზეც, როდესაც რომის ვიგილიუსი წინ აღუდგა კონსტანტინოპოლში მყოფი აღმოსავლეთისა და დასვლეთის ეპისკოპოსების მონაწილეობას.

საზოგადოდ, საეკლესიო მმართველობის კანონიკურმა ფორმირებამ გარკვეულწილად შეცვალა დამოკიდებულება ეპისკოპოსებისა მსოფლიო კრებისადმი. მსოფლიო კრებაში მონაწილე ეპისკოპოსები მიიჩნეოდნენ არა მხოლოდ თავიანთი ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებად, არამედ კონკრეტული საეკლესიო დიოცეზის შეხედულების მატარებლად. ამრიგად, არაკანონიკური გზით  ჩასული ეპისკოპოსები, ანუ ის ეპისკოპოსები, რომელნიც არ იყვნენ გამორჩეულნი ადგილობრივ კრებაზე, ვერ იქნებოდნენ მატარებელნი თავიანთი ადგილობრივი ეკლესიების შეხედულებისა, ვერ იქნებოდნენ იმგვარი ძალმოსილების მქონენი, როგორც  კანონიკურად გამორჩეული ეპისკოპოსები. მესამე მსოფლიო კრებაზე არც ერთი ეპისკოპოსი არ იყო პიროვნულად მიწვეული. გამონაკლისი შემთხვევა იყო ნეტარი ავგუსტინესი, რაც განპირობებული იყო მისი ავტორიტეტით. რა თქმა უნდა, არაკანონიკურად წარმოდგენილ ეპისკოპოსებს ჰქონდათ უფლება კრებაზე დასწრების, მაგრამ იმყოფებოდნენ აშკარად დამცრობილ მდგომარეობაში კანონიკურად წარმოდგენილი ეპისკოპოსების წინშე. ეს პრობლემა, ანუ პრობლემა არ მოწვეული ეპისკოპოსებისა იყო მესამე მსოფლიო კრებაზე. ამან განაპირობა ანტიოქიის იოანესა და მისი აღმოსავლელი ეპისკოპოსების   წასვლა კრებიდან. მის „მიმართვაში“ მინიშნებულია კირილეს ეპისკოპოსების ურიცხვი რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანი იყო დამოკიდებულება გამორჩეული ეპისკოპოსებისა მისი მეთაურის მიმართ, ანუ იყო ფაქტები, როდესაც ერთი სამიტროპოლიტოს წარმომადგენლები შეიძლება წინააღმდეგობაში მოხვედრილიყვნენ მათ მეთაურთან. მესამე კრებამ მიიღო კანონები, რომელიც ძალადაკარგულად თვლიდა მიტროპოლიტების სასჯელს მათი ეპისკოპოსებისადმი კონკრეტულ შემთხვევებში (1–ლი კანონი).

მეხუთე მსოფლიო კრება უკვე პენდარქიის პრინციპით იქნა მოწვეული. კრების თავმჯდომრეობა წესით უნდა გაეწია ვიგილიუსს, თუ ის მონაწილეობას მიიღებდა სხდომებში. მაგრამ მისმა იქ არ ყოფნამ განაპირობა პატივის უპირატესობის მიხედვით მეორე საყდრის, კონსტანტინოპოლის (ევტიქიოსის) თავმჯდომარეობა, მაგრამ პასუხისმგებლობა და ავტორიტეტულობა ეკუთვნოდა ყველა პატრიარქს. ვიგილიუსის შეხედულება წარმოჩნდა მისი პირველი და მეორე დადგენილებებით.  მოსაზრება, რომ თითქოს კრების თავმჯდომარეობა მოხდა იქ მყოფი სამი პატრიარქის (კონსტანტინოპოლის ევტიქის, ალექსანდრიის აპოლინარიოსის და ანტიოქიის დომნის) და იერუსალიმის პატრიარქის წარმოგზავნილების მიერ, გაგებული იყო შეცდომით. ანუ თითქოს თავმჯდომარეობა მიმდინარეობდა მონაცვლეობით სამივე პატრიარქისაგან.

მსგავსად იქნა მოწვეული მეექვსე მსოფლიო კრებაც, პენდარქიის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ არაბთა ბატონობის გამო შეუძლებელი გახდა ალექსანდრიისა და იერუსალიმის საყდრების წარმომადგენელთა მონაწილეობა კრებაში. დროდადრო შეუძლებელი ხდებოდა არაბების მიერ დაპყრობილი ადგილების საპატრიარქოების  (ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი) მონაწილეობა კრებაზე.

ეს საკითხი დადგა მეშვიდე კრების წინაშეც. კრებამ ანტიკანონიკურად სცნო ჰიერიის 754 წლის კრება, რომელზეც ვერ დაესწრო სრული წრმომდგენლობა და წარმოაჩინა ახალი კრიტერიუმები საეკლესიო შეგნებულობისა მსოფლიო კრებების მოწვევისათვის, რაც მდგომარეობდა შემდეგში: როგორც მეხუთე კრებისას ვიგილიუსისა და მისი წარმომადგენლების ვერ დასწრება ან არ ყოფნა შევსებული პაპის შეხედულებების წარმოდგენით, მსგავსად სხვა საპატრიარქოების არ მონაწილეობის შემთხვევაში (ნებისმიერი მიზეზით) აუცილებელი იყო თანხმობის გამოცხადება კრების დადგენილებების მიმართ. მეშვიდე მსოფლიო კრების მსოფლიოობის განსაზღვრისათვის წარმოჩნდა აუცილებლობა ხუთი პატრიარქის თანხმობისა. მაგრამ ამ დროისთვის უკვე შკარაა ახალი განსაზღვრებების წარმოშობის უცილებლობა _ „თანაშემწეობა“ და „თანამოაზრეობა“. იმისათვის, რომ კრებამ განაცხადოს პრეტენზია მსოფლიოობაზე აუცილებელია „ჰყავდეს თანაშემწე  რომის პაპი“ და „თანამოაზრენი“ აღმოსავლეთის  (ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის) პატრიარქები. (V. Peri, La synergie entre le pape et le Concile oecumenique, irenikon 56, 1983, 170) V. Peri -მ არასწორად გაიგო მეშვიდე კრების ტექსტის შინაარსი, რომელშიც ნაგულისხმევი იყო პაპისა და მსოფლიო პატრიარქის ურთიერთ კავშირი. მართლაც, „თანაშემწესა“ და „თანამოაზრეებს“ შორის დაიკარგა კონსტანტინოპოლის საყდარი, რომელიც  Peri -მ მიაკუთვნა აღმოსავლეთის პატრიარქების ერთობას («Πατριάρχας τῆς Ἕω»), მიუხედავად იმისა, რომ „აღმოსავლეთის“ საყდრებში იგულისხმებიან და ჩამოთვლილია ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საყდრები. ამ მეცნიერმა ვერ გათვალა ის, რომ კანონიკური აკრიბიით ხუთივე პატრიარქი უნდა იყოს „თანაშემწე“, მაგრამ არაბთა ბატონობის ობიექტურმა მიზეზებმა სამი საყდრისათვის შეუძლებელი გახადა „თანაშემწეობის“ განხორციელება. ამიტომაც, აუცილებელი გახდა რომის და კონსტანტინოპოლის „თანაშემწეობა“ რათა მოწვეულიყო მსოფლიო კრება. აქედან გამომდინრე, რომის და კონსტანტინოპოლის „თანაშემწეობა“ არ შეიძლება ყოფილიყო უგულებელყოფილი, ისევე, როგორც არ შეიძლება ყოფილიყო უგულებელყოფილი „თანამოაზრეობა“ აღმოსავლეთის პატრიარქებისა. ეს დასტურდება ჰიერიის კრების გაკიცხვაშიც, სადაც მინიშნებულია, რომ შეუძლებელია ეს კრება მიჩნეულიყო მსოფლიოდ, მაშინ, როცა არ არსებობდა თანხმობა ხუთი პატრიარქისა.

მასასადამე, კრების მსოფლიოდ აღიარებისათვის აუცილებელია,ერთის მხრივ, დადასტურება სარწმუნოებრივი წეშმარიტებისა, და მეორეს მხრივ, განგრძობადობა წინა მსოფლიო კრებების სინდისისა. მეშვიდე მსოფლიო კრებას ჰქონდა ყველა კრიტერიუმი მსოფლიოობისა: ა) მოწვეულ იქნა ყველა კანონიკური კრიტერიუმის დაცვით – მოწვეულ იქნა ხუთივე პატრიარქი, რომელთა შეხედულებებიც უკვე გამოთქმულ იყო კრების მოწვევამდე; ბ) მისი დადგენილებები იყო გაგრძელება წინა მსოფლიო კრებებისა, დადასტურებულ იქნა თანხმობა წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემისადმი. გ) კრების დადგენილებები ენთუზიაზმით იქნა მიღებული საეკლესიო ერთობის მიერ.

თუმცა დასავლეთში ერთგვარი შეფერხებებით მოხდა მეშვიდე კრების აღიარება ერთის მხრივ, ფრანკისტი სამღვდელოების     სიფრთხილის გამო, და მეორეს მხრივ, კრების ოქმების ცუდი ლათინური თარგმანის გამო. გარკვეული მიზეზების გამო ეს პროცესი აღმოსავლეთშიც დაგვიანდა, უპირველესად კი 815 წლის ხატმებრძოლ კრებას და ხატმებრძოლეობის მეორე პერიოდის გამო.

მოგვიანებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფოტიოსმა (858–867, 877–886) თავის ენციკლიკში 867 წელს მიმართა აღმოსავლეთის პატრიარქებს. ის მოითხოვდა მეშვიდე კრების აღიარებას მსოფლიო კრებად (იხ.  102, 740–741)

ა) ანათემირებული ერესი არაფრით არ იყო ნაკლები დანრჩენ სხვა ადრეულ კრებებზე ანათემირებული ერესებისგან;

ბ) არაღიარება საბაბს მისცემდა ხატმებრძოლებს ეთქვათ, რომ მათი განკვეთა არ მოხდა მსოფლიო კრების მიერ;

გ) მისი არ მითვლა მსოფლიო კრებათა რიგებში იქნებოდა უსამართლობა ქრისტეს ეკლესიის სავსებისათვის, რაც გამოიწვევდა საეკლესიო ერთობის დარღვევას;

დ) მეშვიდე კრების მითვლა მსოფლიო კრებების რიგებში ადასტურებს ეკლესიის რწმენის ავთენტურ განგრძობადობას საეკლესიო კრებების ინსტიტუტის მოქმედებაში.

 

ბერძნულიდან თარგმნა გოჩა ბარნოვმა

 

სტატია აღებულია საიტიდან orthodoxtheology.ge