ტერმინი „დოგმა“ – Facebook დისკუსია

7 DOGMATA

თეოლოგიის დოქტორი თეიმურაზ ბუაძე:

„დოგმა და უფლის მცნება არაა სინონიმები. დოგმა მხოლოდ გამოცხადებით ჭეშმარიტებას მიემარტება. ეკლესია არ ახდენს ისეთი ცოდნის დოგმატიზებას, რომლის მიღება რაციონალური განსჯით, მეცნიერებით ან თუნდაც მხოლოდ რელიგიური პრაქტიკით მიიღწევა, სწორედ ამიტომ არ არის ქრისტიანობა “დოგმატური” რელიგია ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით. ის არ ზღუდავს ადამიანის გონებას იქ, სადას ის კომპეტენტურია. მცნებები კი ადამიანის ქცევას, მის ღვთისადმი და ადამიანებისადმი დამოკიდებულებას არეგულირებს. მცნებასაც მიუდგება იკონომიის პრინციპი, დოგმას არა. ჩვენი ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად მრავალფეროვანია ჩვენი ქმედებების მოტივები, ინტენციები და გარემოებები, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების ფორმალურ ეთიკურ სქემებში მთლიანად მოქცევა შეუძლებელია.. მაგალითად “არ კლა”, არ გამორიცხავს სამართლიან ომს. მოსე თავად ლოცულობდა, როცა ისრაელი ამალეკს ებრძოდა. ომში ჯარისკაცებს მტრის მოკვლის უფლება აქვს და ა. შ. ძალიან საშიშია, ცნებების (დოგმა და უფლის მცნება) ერთმანეთში აღრევა. რადგან ტერმინებს თავიანთი ლოგიკა აქვთ. თუ “დოგმატურ აკრძალვას” იმიტომ იხმარ, რომ შენი პოზიცია განამტკიცო, მერე ეს “დოგმატური აკრძალვა” ისეთი ნაბიჯების გადადგმას მოგთხოვს, რომელიც შეიძლება არასასურველი იყოს შენთვისვე.“

კომენტარები:

მღვდელმონაზონი მიქაელ ბრეგვაძე:

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ესაა სიტყვა “დოგმის” თანამედროვე ვერსია. მართლა გასათვალისწინებელია ბუმისის მსჯელობა, რომ დოგმა სწავლების პრინციპულობა უფროა, ვიდრე რაღაც განსაზღვრული ჩარჩო და ძველ მამებში სიტყვა “დოგმა” ასეთი დასაზღვრულობით არ გვხვდება. ყველა სწორი და უცვალებელი სწავლება ღმერთზე და ადამინზე უკვე დოგმაა, სხვა საკითხია რამდენად ისინი სხვადასხვა მიზეზითა და შეხედულებით ერევათ ერთმანეთში…
დოგმაა რომ ადამიანს აქვს სული, დოგმაა რომ ადამიანის სული არ უნდა იყოს მპარავი,ცილისმწამებელი, მეძავი, მკვლელი… ესაა უცვლელი და ესაა დოგმა, რომელსაც ადამიანი უნდა დაუბრუნდეს და მარადიულად მასში დარჩეს…
“მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით”(იოანე 17…) მაცხოვარს მთელი გამომხსნელობითი და გამწმენდელი საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი დაუბრუნოს უცვალებელ ფასეულობებს, იმ დოგმებს – დოგმურ პირველსახეს, რომლის იქით ღვთის ხატება და უფლის შვილობა არ არსებობს: “რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ”…
თავად სახარებას დოგმური პრინციპულობის წიგნია: “ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ”(მათე 28.20).
“უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა”.(მათე 5.19) მხოლოდ უფალშია დოგმა, ამიტომ ყველაფერი მასზე უნდა გსწორდეს და მას დაემსგავსოს, ანუ როგორც უფალია უშეცდომო და ჭეშმარიტების უცვალებელი დოგმა, ისეთივე დოგმები უნდა შეიძინოს ადამიანის სულმა.
“იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს” (მათე 5.48)“

13501587_973561772759198_1294031181183818124_n

 
თეოლოგი თეიმურაზ ბუაძე:
„მამა მიქაელ, მართალია, რომ ტერმინი “დოგმა’ სხვადასხვა აზრით იხმარებოდა, მაგრამ ის არასოდეს დაიყვანებოდა მხოლოდ “სწავლების პრინციპულობაზე”. თქვენს მიერ ბუმისიდან მოტანილი პასაჟი სხვას არაფერს ამტკიცებს გარდა იმისა, რომ საეკლესიო დადგენილებები დოგმების სულს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, მათთან ტანხმობაში უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დადგენილება, რომელიც დოგმებთან არა წინააღმდეგობაში თავადაც დოგმას წარმოადგენს. მაგალითად ჩვენს გვაქვს ქვეყნის კონსტუტუცია. ნებისმიერი კანონი, რომელიც სახელმწიფოში მოქმედი რომელიმე ინსტიტუციის ცხოვრებას არეგულირებს, აუცილებლად უნდა იყოს თანხმობაში კონსტიტუციასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კანონი ავტომატურად შედის კონსტიტუციასი და იგივე ძალა აქვს რაც კონსტიტუციის მუხლებს. როგორიც არ უნდა ყოფილიყო დოგმის გაგება, ეკლესიამ თავიდანვე იცოდა, რომ მისი შეცვლა არ შეიძლება, მათი ჭეშმარიტება აბსოლუტურია. ე.ი. განუპირობებელია და გარემოებებზე არაა დანმოკიდებული. საეკლესიო დადგენილებებს საზოგადოდ არასოდეს ჰქონიათ ასეთი აბსოლუტური სტატუსი. ისინი იცვლებოდნენ და იხვეწებოდნენ ეკლესიის საკრამენტალური, მისიონერული და ა. შ. პრაქტიკის შესაბამისად. დოგმა ყოველთვის იყო, ის რაც უცვალებელია და ღმერთისგან მომდინარეობს. ადრე სანამ დოგმატური ფორმულირებების ეპოქა დაიწყებოდა “დოგმას” ეძახდნენ წმინდა წერილის და ლიტურგიკული ლოცვების იმ ფრაზებს და პასაჟებს, რომლებიც გამოცხადებით ჭეშმარიტებას გადმოსცემდნენ. კერიგმა კი იყო ქადაგება. მოგვიანებით, როცა ეკლესიამ მსოფლიო კრებებზე დოგმების ფორმულირება დაიწყო, სიტყვა “დოგმამ” კონკრეტული მნიშვნელობა შეიძინა. ეკლესიის დოგმები მკაცრად განსაზღვრულია და მათი ჩამოთვლა შეიძლება. ყველა საეკლესიო დადგენილება არაა დოგმა. დადგენილებები, რომლებიც ადმინისტრაციულ, პენიტანციურ, საკრამენტალურ და ა. შ. სფეროს ეხება კანონიკის საკუთრებაა და არა დოგმატიკის. რა საჭიროა ამ საკითხზე ამდენი კამათი? ან რა შუაშია აქ, ის ფაქტი, რომ სიტყვა “დოგმას” სხვადასხვა აზრით ხმარობდნენ ოდესღაც. მთავარი ესაა: გოჩა ბარნოვის პოსტში უამრავი მაგალითია მოყვანილი შერეული ქორწილებისა, რომლებიც ეკლესიის კურთხევით ხდებოდა. თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი “გამონაკლისები”, როცა საქმე სამების ან ქრისტოლოგიურ დოგმებს ეხება? ნუთუ ეს საკმარისი არაა, იმის დასანახავად, რომ დოგმა და კანონიკური დადგენილება ერთი და იგივე არაა და რომ “დოგმა” მხოლოდ “სწავლების პრინციპულობას” არ ნიშნავს? საიდან მოიტანეთ ეს აზრი? სწავლების პრინციპულობა ნებისმიერ დოქტრინას შეიძლება ახასიათებდეს. ეკლესიის საფუძველი სწავლების პრინციპულობა კი არაა, არამედ კონკრეტული ტრიადოლოგიური და ქრიტოლოგიური დოგმები.“