წმინდა კრებამ საბერძნეთის ეკლესიას უარი უთხრა ცვლილებების შეტანაზე

13406703_1757568297790405_6665144933460660610_nწმინდა და დიდი კრების გუშინდელი ნაშუადღევის სხდომა დაძაბული კამათების ფონზე მიმდინარეობდა, მან სწორედ გუშინ, 20 ივნისს დაიწყო თავისი სამუშაოები კოლიმბარში, კრეტის მართლმადიდებლურ აკადემიაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომის მიმდინარეობისას, როდესაც მიმდინარეობდა საბერძნეთის ეკლესიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების განხილვა, ნავპაკტის მიტროპოლიტ იეროთეოსსა (ვლახოსი) და პერღამოს მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს  შორის წარმოიშვა უთანხმოება.

„ცვლით ეკლესიის თეოლოგიას“ – განაცხადა ნავპაკტის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა პერღამოს მიტროპოლიტის მისამართით, ამ უკანასკნელმა მას თავშეკავებული პასუხი გასცა.

აღსანიშნავია, რომ დაძაბულობა განმუხტა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, რომელმაც ორივე იერარქი შეაქო მათი საღვთისმეტყველო ცოდნის გამო.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პერისტერის მიტროპოლიტი ხრიზოსტომოსი (საბერძნეთის ეკლესიის დელეგატი – თ. მ.) არ მიემხრო საბერძნეთის ეკლესიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიღებას.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ეკლესიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები შეეხებოდა დოკუმენტს – „ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“, საბოლოოდ, წმინდა და დიდი კრების პლენუმმა ცვლილებები არ მიიღო.

კამათი დაასრულა ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა, რომელმაც დაამტკიცა თავისი ტიტულის – მსოფლიო მსაჯულის – მართებულობა და აღნიშნა, რომ „წმინდა და დიდი კრების წევრები არ არიან სტუდენტები, ახლა რომ სწავლობდნენ თეოლოგიას.  დაკავებულები უნდა ვიყოთ აქტუალური სოციალური საკითხებით.“

დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ პაპისა და პატრიარქ თეოდორე მეორიე ეს რეპლიკა ხანგრძლივი ტაშით იქნა მიღებული.

ნაწყვეტი საბერძნეთის ეკლესიის წერილიდან ქრისტიანული მრევლისადმი, ტექსტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

„საბერძნეთის ეკლესიის იერარქია , წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მამათა სწავლებისადმი აბსოლუტური რწმენითა და მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი სისტემისადმი პატივისცემით, დეტალურად შეისწავლა მუდმივმოქმედი სინოდის წინადადებები და ერთსულოვნებისა და პასუხისმგებლობის სულითა და საკითხისადმი სერიოზული მიდგომით, უმეტეს პუნქტებთან დაკავშირებით ერთხმად, ხოლო ზოგიერთ პუნქტებთან დაკავშირებით ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, შეასწორა შემოთავაზებული ტექსტები და სადაც საჭირო იყო, გააკეთა ჩამატებები. ესაა ჩვენი ეკლესიის საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტექსტებთან დაკავშირებით.

ეს არსებითი შესწორებები ცვლილებები, რომელნიც თანხმობაშია ეკლესიის ხანგრძლივ გამოცდილებასა და გარდამოცემასთან, წარედგინება კრეტის წმინდა და დიდი კრების საერთომართლმადიდებლურ სამდივნოს და მათ მხარს დაუჭერს ათენისა და სრულიად ელადის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი იერონიმე, რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მიერ უკვე შემუშავებული ტექსტები და ამგვარად, თანამედროვე მსოფლიოს მიეცეს რწმენისა და ერთობის საეკლესიო დამოწმება, რომელიც თანხმობაში იქნება მთელს საეკლესიო გარდამოცემასთან.“

წყარო: Romfea.gr

მოამზადა თორნიკე მამნიაშვილმა