კრებას შეუძლია დახმარების გაწევა, რათა გადაილახოს მართლმადიდებელი სამყაროს განყოფა

hqdefaultპროტოპრესვიტერი ვალენტინ ასმუსი (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია)

„კრებას შეუძლია დახმარების გაწევა, რათა გადაილახოს მართლმადიდებელი სამყაროს განყოფა“.

პროტოპრესვიტერი ვალენტინ ასმუსი– რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საუწყებათაშორისო  დაწესებულების წევრი,  ღვთისმეტყველების დოქტორი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის დოცენტი, წმიდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მოსკოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

კითხვა: როგორია თქვენი მოლოდინი მომავალ კრებასთან დაკავშირებით, თუკი გაქვთ ეს მოლოდინი? ხოლო თუკი არა, მაშინ გვითხარით რატომ?

პასუხი: ორი სიტყვით ამის შესახებ. მე მომავალ კრებასთან დაკავშირებით დადებითად ვარ განწყობილი. ძალიან დიდი დროის შემდეგ, ეს იქნება დიდი მაშტაბების მქონე პირველი შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შორის. რა თქმა უნდა, უკანასკნელ წლებში ხდებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის წარნმომადგენელთა შორის შეხვედრები, მაგრამ მაინც არ არსებობდა, არ არსებობდა ასეთი კრება, სადაც მონაწილეობას მიიღებდა 25 ეპისკოპოსი, ყოველი ადგილობრივი ეკლესიიდან.

ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მართლმადიდებელ სამყაროს გააჩნია პრობლემები, რომელნიც სწორედ მის დანაწევრებაში მდგომარეობს. XIX საუკუნეში ყოველი ადგილობრივი ეკლესია თავის თავს თითქმის თვითკმარად მიიჩნევდა და ამიტომ მართლმადიდებლობის წარმოჩენა, როგორც ერთმთლიანისა, საკმაოდ პრობლემატური იყო და ადამიანები, რომელნიც არ იყვნენ მართლმადიდებლები და უნდოდათ, რომ მართლმადიდებლობაზე მოქცეულიყვნენ, ხანდახან ამის გამო საშინლად დაბნეულნი იყვნენ.

არსებობს ცნობილი ისტორია ერთ ანგლიკანზე, რომელიც დარწმუნდა, რომ რუსეთის და კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიებს გააჩნიათ აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი წარმოდგენები ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა არამართლმადიდებლების მართლმადიდებლობაზე მოქცევის საკითხი. თავიდან მართალია ძალიან უნდოდა მას, რომ მართლმადიდებელი გამხდარიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში კათოლიკე გახდა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა იგრძნოს თავისი ერთიანობა და უნდა განახორიელოს ეს ერთიანობა სხვადასხვა საერთო დადგენილებებში.

მე ვთვლი, რომ მომავალი კრება ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, როგორც პირველი ასეთი შეხვედრა, სწორედ როგორც პრეცენდენტი. მე არ მგონია, რომ კრება უცებ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, რაც არსებობს მართლმადიდებელ სამყაროში, მაგრამ მინიმუმ დასაბამი დაედება ასეთ ერთობლივ საკრებო, ფართო, საკმარისად ფართო განხილვას ამ პრობლემებისა.

 

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

წყარო

სტატია აღებული საიტიდან OrthodoxTheology.ge