ეკლესიის კანონები საეკლესიო კრებაში ეპისკოპოსთა თანამონაწილეობის შესახებ

mcire_sjulis_kanoni-Eqvtime-Mtacmindeliლაოდიკიის საეკლესიო კრება, კანონი 40
ეპისკოპოსმა, რომელიც კრებაზეა გამოძახებული, არ უნდა შეურაცხყოს მისი გამომძახებელნი, არამედ უნდა წავიდეს და ეკლესიისა და მისი საქმეების წარსამართავად ან მოწაფე იყოს, ან მასწავლებელი. ვინც არად ჩააგდებს მოწოდებას და კრებაზე არ მივა საპატიო მიზეზის გარეშე, მას თავი თვითონ ბრალდებულ-უყვია.

 

კართაგენის ადგილობრივი კრება, კანინი 76
განვაჩინებთ, რომ ყოველთვის, როცა კრება გაინიშნება, დროულად უნდა მოდიოდეს მასზე ეპისკოპოსები, რომელთაც ხელს არ უშლის არც ხანდაზმულობა, არც ცნეულება, არც სხვა გადაუდებელი აუცილებლობა; და ეუწყოთ პირველ ეპისკოპოსთ, თითოეულ თავის სამთავროში ყველა ეპისკოპოსის შესახებ, – ორ ადგილას დგება მათი კრებები თუ სამ ადგილას, – და თითოეულ ამ კრებაზე დასასწრებად. როცა მოსვლას ვერ შესძლევენ რაღაც მიზეზის გამო, მაშინ, თუკი არ განუმარტავენ თავიანთ უპირატესს მოსვლის ხელშემშლელ მიზეს, მაშინ ესევითარნი უნდა დაკმაყოფილდნენ თანაზიარებით მხოლოდ თავიანთ ეკლესიებში.

(მოც. 37; I მსოფ. 5; IV მსოფ. 19; ტრულ. 8; VII მსოფ. 6; ანტიოქ. 20; ლაოდ. 40; კართ. 18, 73, 77, 95)

 

ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება, კანონი 19
ჩვენს ყურამდე მოაღწია, რომ სამთავროებში კანონებით დადგენილი ეპისკოპოსთა კრებები არ ტარდება, რის გამოც ბევრი საეკლესიო საქმე, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, უგულებელყოფილია. ამიტომ წმინდა კრება განაწესებს: თითოეულ სამთავროში წელიწადში ორგზის შედგეს ეპისკოპოსთა კრება და გადაიჭრას ყველა წარმოჩენილი საკითხი, შეკრების ადგილი მიტროპოლიტმა განსაზღვროს. იმ ეპისკოპოსებს კი, რომლებიც კრებაზე არ გამოცხადდებიან, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის თავიანთ ქალაქებში იქნებიან, სრულიად ჯანმრთელნი და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმეებისაგან თავისუფალნი, ძმური სიყვარულით გულისწყრომა გამოეცხადოთ.

(მოც. 34,37; I მსოფლ. 5; II მსოფლ. 2; ტრულ. 8; VII მსოფლ. 6; ანტიოქ. 20; ლაოდ. 40; კართ. 18,73)

 

ონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრება (ტრული ან სხვაგვარად V-VI), კანონი 8
ჩვენი წმინდა მამების მიერ მიღებული დადგენილებანი ჩვენც გვსურს ყოველმხრივ შევინარჩუნოთ, ამიტომ ვაღორძინებთ IV მსოფლიო კრების მე-19 კანონსაც, რომელიც ბრძანებს, რომ ყოველწლიურად შედგეს თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა კრება იმ ადგილზე, სადაც მიტროპოლიტის ეპისკოპოსი თავისი შეხედულებით საუკეთესოდ მიიჩნევს; მაგრამ რადგანაც ბარბარსოთა შემოსევებისა და სხვა შემთხვევითი დაბრკოლებების გამო, ეკლესიათა წინამძღვრებს არა აქვთ ყოველ წელიწადს ორგზის შეკრების საშუალება, ამიტომ განვაჩინეთ: ყველა სამთავროში, საეკლესიო საკითხების წამოჭრასათან დაკავშირებით, ეპისკოპოსები უნდა შეიკრიბონ წელიწადში ერთგზის ყოველ მიზეზგარეშე წმინდა აღდგომის დღესასწაულიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე იმ ადგილას, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, მიტროპოლიტი აირჩევს. ხოლო ეპისკოპოსებს, რომლებიც არ მოვლენ კრებაზე, თუმც კი იმყოფებიან თავიანთ ქალაქებში და ამასთანავე ჯანსაღნი არიან და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმისაგან თავისუფლანი, ძმური სიყვარულით გამოეცხადოთ გულისწყრომა.

(მოც. 37; I მსოფლ. 5; IV მსოფლ. 19; VII მსოფლ. 6; ანტიოქ. 20; კართ. 95)

 

ნიკეის წმიდა VII მსოფლიო კრება, კანონი 6
ვინაიდან არის კანონი, რომელიც იტყვის: ყოველ სამთავროში საჭიროა წელიწადში ორგზის ეპისკოპოსთა კრების მოწვევა და კანონიკური გამოკვლევის ჩატარება, ხოლო მეექვსე კრების ღირსმა მამებმა ყურად იღეს კრების მოწყობის სიძნელეები და მოგზაურთათვის სახმარის უკმარისობა, და ამიტომაც განაჩინეს: ყოველგვარი თავის არიდებისა და თავის მართლების გარეშე წელიწადში ერთხელ შედგეს ადგილობრივი კრება და არსებული შეცდომები გასწორდეს, ამიტომ ჩვენც ამ კანონს განვაახლებთ, და თუ აღმოჩნდება ვინმე მთავარი, ვინც ამას აკრძალავს, ზიარებიდან განყენებული-იქნეს; თუ ვინმე მიტროპოლიტთაგან უგულებელყოფს ამის შესრულებას არა გაჭირვების ან იძულების გამო, და არცა არავითარი საპატიო მიზეზის გამო, ასეთი კანონებრივ ეპიტემიას ექვემდებარება. ხოლო როცა შედგება კრება კანონიკურ და სახარებისეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ შეკრებილი ეპისკოპოსები გულდასმით უნდა ზრუნავდნენ საღმრთო და ცხოველისმყოფელი ღვთის მცნებათა დასამარხავად, „…რამეთუ მო-ამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ“ (ფს. 18,11), რადგან მცნება არს – „რამეთუ სანთელი – მცნებაჲ, ხოლო სჯული – ნათელი და გზაჲ ცხორებისა – მხილებაჲ და სწავლაჲ“ (იგავ. 6,24) და კიდევ: „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (ფს. 18,8), და ნუმცა მიეცეს მიტროპოლიტს უფლება იმისა, რომ იმისგან, რაც თან მოაქვს ეპისკოპოსს, მოითხოვოს ან პირუტყვი ან სხვა რაიმე სახმარი. თუ მხილებულ იქნეს ამგვარ საქციელში: ოთხმაგად მიაგოს.

(მოც. 37; Iმსოფლ. 5; IVმსოფლ. 19; ტრულ. 8; ანტიოქ. 20; კართ. 95)