კონსტანტინოპოლი: კრება შედგება და მისი გადაწყვეტილებები იქნება სავალდებულო

Bildschirmfoto 2016-06-10 um 21.17.19კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის მრჩეველი და არქიდიაკონი, იოანე ხრისავაგისი გამოცემა cruxnow.com-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუხედავად ბულგარეთის, ანტიოქიის, სერბეთისა და საქართველოს ეკლესიების გადაწყვეტილებისა, არ წავიდნენ კუნძულ კრეტაზე, 16-26 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე, ის მაინც შედგება. ასეთია მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილება.

“თუ ერთი ან რამდენიმე ეკლესია არ იქნება წარმოდგენილი, ან უარს იტყვის მონაწილეობაზე, ან არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას – კრების მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას მაინც ექნება ძალა და იქნება სავალდებულო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის… დიდი კრება მაღლა დგას ნებისმიერ სინოდსა და ადგილობრივ ეკლესიაზე და ის ასეთად დარჩება, მიუხედავად ზოგიერთი ეკლესიის გადაწყვეტილებისა.

ცხადია, თუ რომელიმე კრებაზე არ მოვა, ჩვენ ვიგრძნობთ ერთგვარ ვაკუუმს და ძალიან, ძალიან დავმწუხრდებით. ვფიქრობ, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ კრებაზე, არამედ იმ ეკლესიაზეც, ვინც უარს ამბობს კრებაში მონაწილეობაზე. თუ ეკლესია ასეთ გადაწყვეტილებას იღებს… ის თავის თავის მარგინალიზებას ეწევა”, – განაცხადა ხრისავაგისმა.

დღეს, 10 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას, 16-26 ივნისს, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ, დიდ და წმიდა კრებაში მონაწილეობაზე.

14 მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ამ დროისთვის კრებაში მონაწილეობაზე უარი ოთხმა ეკლესიამ თქვა. შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს.
წყარო: Tabula.ge