ღანგრის საეკლესიო კრება


IV ს. შუა წლებში, დაახლოებით 340წ. ღანგრაში (პაფლაღონიის პროვინციის მთავარ ქალაქში) მოწვეულმა კრებამ, რომელსაც ესწრებოდა ეპარქიის 13 ეპისკოპოსი, ხოლო თავმჯდომარეობდა ევსები ნიკომიდიელი, განიხილა სევასტიის (სომხეთში) ნახევრად არიანელი ეპისკოპოსის, ევსტათის და მის მიმდევართა მწვალებლური მოძღვრება სრული ასკეტიზმის სასარგებლოდ. ისინი ქადაგებდნენ, რომ აბსოლუტურად უარეყოთ ქორწინება, ხორციანი საჭმელი, განეკიცხათ მდიდრები, რომლებიც მთელ თავის ქონებას ეკლესიას არ შესწირავდნენ. ასეთმა მოძღვრებამ ეკლესიასა და მრევლში დიდი არეულობა გამოიწვია (მრავალი ცოლი განეშორა ქმარს, ქმარი – ცოლს, ხოლო შემდეგ ვერ დაითმინეს ხორციელი ვნება და მრუშობას მიჰყვეს ხელი. მრავალმა მამაკაცმა თავი დაისაჭურისა და სხვ.). კრებამ სომხეთის ეპისკოპოსებს (ჩამოთვლილია 14 სახელი) გაუგზავნა ეპისტოლე (რადგან ევსტათი სომხეთის ერთ-ერთი პროვინციის ეპისკოპოსი იყო), რომელშიც მითითებული იყო ევსტათის მოძღვრების ცთომილებანი, ერთვოდა 21 კანონი, რომელიც კრებამ გამოიტანა. ამათგან 20 კანონი ევსტათიანელების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო 21-ე დისციპლინარული კანონების ერთგვარ რეზიუმეს წარმოადგენს. ზოგიერთ კანონიკურ კრებულში 21-ე კანონი ეპისტოლის ბოლო ნაწილად არის გაგებული და ამოღებული ეპისტოლესთან ერთად (გ. ვოელისა და იუსტელის გამოცემაში; „Кормчая книга“ და სხვ.). „დიდ სჯულისკანონში“ ღანგრის კრების 21 კანონია შესული.