ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება


მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია კიდევ ერთხელ შეაშფოთა ახალი მწვალებლობის – მონოფიზიტობის გამოჩენამ, რომელიც სწრაფად გავრცელდა V ს. პირველი ნახევრიდან და რომლის იდეოლოგი იყო ფრიგიის ქალაქ დორილეის მონასტრის არქიმანდრიტი ევტიქი. მისი მოძღვრება (იესო ქრისტეს ერთი – ღვთაებრივი ბუნების შესახებ) ცნობილი გახდა კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი ადგილობრივი კრების მიმდინარეობის დროს V ს. შუა წლებში, როდესაც ეპისკოპოსმა ევსები დორიელმა კრებას და მის თავმჯდომარეს – ფლაბიანე კონსტანტინოპოლის პატრიარქს აცნობა მის ეპარქიაში ახალი მწვალებლობის გავრცელების შესახებ. კრებამ ევტიქი მოიწვია, რათა პირველწყაროდან შეეტყოთ ამ მოძღვრების არსი, მაგრამ კრებას ეწვია აბრამ არქიმანდრიტი, რომელიც შეეცადა ევტიქის იდეების დაცვას. კრების დაჟინებული მოთხოვნით ევტიქი იძულებული იყო კრებას დასწრებოდა, მანამდე კი იზრუნა იმპერატორთან დაახლოებული პირების მფარველობის მოეპოვებაზე. კრებამ მაინც განკვეთა ევტიხი და აუკრძალა ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ევტიქის საჩივარი, რომ მისი განკვეთა, ფლაბიანე კონსტანტინოპოლელის პირადი მტრობის შედეგია, იმპერატორმა თეოდოსი II-მ ყურად იღო და მსოფლიო კრების მოწვევა ბრძანა. 449 წელს ეფესოში შედგა საეკლესიო კრება, მაგრამ თავისი ძალმომრეობისა და უკანონობის გამო „ყაჩაღური“ კრების სახელით შევიდა ეკლესიის ისტორიაში. ევტიქის მფარველობა დიოსკორე ალექსანდრიელმა, კირილე ალექსანდრიელის მემკვიდრემ ალექსანდრიის კათედრაზე, შეიარაღებული მეომრებისა და ევტიქის მომხრეთა დახმარებით კრების მონაწილეებს ხელი მოაწერინეს სუფთა პერგამენტზე, რომელზედაც შემდეგ ევტიქის გამართლება და ფლაბიანე კონსტანტინოპოლელის განკვეთა შეიტანეს. ბორკილდადებულ ფლაბიანეს დიოსკორემ ცემით სული ამოხადა. რომის პაპისა და საეკლესიო წრეების აღშფოთების მიუხედავად, თეოდოსი იმპერატორმა ოფიციალური ედიქტით დაადასტურა ფლაბიანესათვის გამოტანილი განაჩენი და ეფესოს „ყაჩაღური“ კრება ნიკეის მსოფლიო კრების თანასწორად გამოაცხადა.
თეოდოსის გარდაცვალების შემდეგ მარკიანე იმპერატორის მხარდაჭერით და რომის პაპის – ლეონ დიდის თაოსნობით მოწვეული იქნა ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრება, რომელმაც განიხილა ზემონახსენები ვითარება და, რაც მთავარია, ევტიქის მწვალებლური მოძღვრება. კრებამ გაიხსენა 451 წ. 8 ოქტომბერს ანატოლი კონსტანტინოპოლელის თავმჯდომარეობით და 630 ეპისკოპოსის მონაწილეობით ჩატარებული კრება. ქალკედონის კრებამ გამოააშკარავა ევტიქის მონოფიზიტური მოძღვრება და ის მის მფარველ დიოსკორე ალექსანდრიელთან ერთად ეკლესიიდან განკვეთა.
ქალკედონის კრებამ უმთავრესი საზრუნავის დამთავრების შემდეგ მრავალი კერძო და საორგანიზაციო საკითხი გადაჭრა, რაც ამ კრების აქტებშია აღწერილი. ამ საკითხებს შორის უმნიშვნელოვანესი იყო 27 საეკლესიო დისციპლინარული კანონი. კრების მე-15 სხდომა სპეციალურად საეკლესიო კანონმდებლობას მიეძღვნა. ანტიოქიის კრების ეს 27 კანონი შეტანილია იოანე სქოლასტიკოსის მიერ VI ს-ში შედგენილ 50-ტიტლოვან ნომოკანონში. 14-ტიტლოვანი კრებულის I რედაქციაში კრების აქტებიდან 28-ე კანონი დაემატა, რომელიც აღრმავებს II მსოფლიო კრების მესამე კანონს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კათედრის რომის ეკლესიასთან გათანაბრებული უფლებების შესახებ. 14-ტიტლოვანი ნომოკანონის საბოლოო რედაქციაში კი ამ კრების კანონებს კიდევ ორი ამონაწერი დაუმატა (ნუმერაციის გარეშე) კრების მეოთხე სხდომის აქტებიდან. ზოგ ნუსხებში (მათ შორის „დიდ სჯულისკანონში“) ეს ორი დანამატი 29-ე და 30-ე კანონებად არის დანომრილი.