საქართველოში XVIII საუკუნეში მოწვეულ საეკლესიო კრებათა კანონმდებლობა


1. 1702 წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს ევდემოზთან შემოკრებილი ეპისკოპოსების საეკლესიო კრებას სამონასტრო წესისა და რიგის თაობაზე რამდენიმე კანონი (5) დაუდგენია. კანონები, ძირითადად, დავით-გარეჯის მონასტრების ბერთა სხვა მონასტრებში გადასვლას გმობს. მონასტრიდან გამოსვლა მხოლოდ მონაზონის ეპისკოპოსად ხელდასხმის ან წინამძღვრად დანიშვნასა და მსგავს შემთხვევებშია დასაშვები. ასევე აკრძალულია დასჯილი და „გამოვარდნილი“ ბერის შეწყნარება.

2. 1748 წელს თბილისში სამეფო პალატში ერეკლე II-ის ინიციატივით მოწვეულმა საეკლესიო კრებამ ანტონ I-ის თავკაცობით აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ეკლესიისათვის სახელმძღვანელო 27 კანონი დაადგინა („დაამტკიცნეს და დაწერეს კანუნი ესე კ˜ზ (27) თავთავეონად“). თუმცა ტექსტში კანონების ნუმერაცია არ არის წარმოდგენილი და კანონების გამოყოფა აბზაცების მიხედვით ხერხდება. კანონები. ძირითადად, ეკლესიის შინაგანაწესს, ღვთისმსახურების რიტუალისათვის საჭირო ჭურჭელთა და ნივთთა რეგლამენტაციას, დისციპლინას, ეკლესიის შიდა მოწყობას, საეკლესიო სამოსს, სასულიერო პირთა ქორწინებასა და მსგავს საკითხებს ეხება. კრებამ აკრძალა, აგრეთვე, საეკლესიო მიწების მისაკუთრება, ეკლესიაში სისხლიანი შესაწირავი.

საინტერესოა ერთი დეტალი: კრება კრძალავს მეოთხე და მეხუთე ქორწინებებს, მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართლით აკრძალულია მესამე ქორწინება და მეოთხე, მეხუთე ქორწინებაზე საერთოდ არ არის საუბარი. აქ კი აკრძალვა მეოთხედან იწყება. საეკლესიო დადგენილებებს ბოლოს ერთვის ხელმოწერები: ერეკლე წერს: „წარვწერენ“, ხოლო ანტონ I და ეპისკოპოსები „განვსაზღვრენ (ე.ი. დავამტკიცე) და წარვწერენ“.

3. 1762 წ. ერეკლე II-ისა და იოსებ კათალიკოსის მიერ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ პუნქტობრივი დადგენილებები დაუგზავნა აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიებს. დადგენილებები ორიგინალურია და შინაარსობრივადაც „შინაურული“.

„ესე რომ ეპისკოპოსმან თავის სამწყსოში უაღსარებო არავინ დააგდოს, მეორედ, ესე: საუფლოსა დღესასწაულს და კვირას წირვის მოუსმენლად ნურავის გაუშვებთ… მესამედ: თუ წმიდათ ეპისკოპოზთ თქვენთა სამწყსოთა შინა ურჩნი ვინმე გყვანდესთ, ჩვენ მოგვაჴსენოთ და ეგევითართა ჩუენ დავსჯით…“ და ა.შ. ამ სტილში გრძელდება საუბრები იმის შესახებ, რომ ეკლესიაში დაძველებული, დამწვარი ან დანგრეული უნდა განახლდეს, ტრაპეზს ჩასაცმელი უნდა ჰქონდეს, ბარძიმ-ფეშხუმად გატეხილი ხის ჭურჭლის ხმარება არ შეიძლება, თუ მოხუცებული მღვდელს ტრაპეზის მსახურება არ შეუძლია, მის ბედზე ეპისკოპოსმან იზრუნოს, უცოდინარის მღვდლობა არ შეიძლება… „მეათედ: რომელიც რომ ჩვენ ვერ მოვიგონეთ, ეპისკოპოსთ მართებსთ მარადის მღვიძარე ყოფაჲ“. და ბოლოს ეპისკოპოსმა თავის „სამწყსოსა წმიდას ეკლესიაში შესლვა, დგომა და პირს ჯვარის დაწერა ასწავლოს“ (გამოცემულია: ი. დოლიძე, ქართ. სამართლის ძეგლები, III, გვ. 848-850; ხელნ. Ad 856, დედანი, 1762 წ.).