სარდიკიის ადგილობრივი საეკლესიო კრება


ბერძნულ-რომაული იმპერიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაწილების საზღვარზე სარდიკიაში (დღევანდელ სოფიაში), ილირიის პროვინციაში 343 წ. შედგა ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელსაც 300 დასავლეთისა და 76 აღმოსავლეთის ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრების თავმჯდომარე იყო ოსიოს კორდუბელი (ქართული თარგმანით – ეპისკოპოსი ქალაქისა კორდოვისა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ნიკეის I მსოფლიო კრების მონაწილე, ზოგიერთი ვერსიით – თავმჯდომარე).

სარდიკიის კრების მთავარი მიზანი იყო ათანასე ალექსანდრიელის გამართლება, რომელსაც უპირისპირდებოდა აღმოსავლეთის ეკლესიის ნახევრად არიანული ფრთა (ძირითადად ევსები ნიკომიდიელის მიმდევრები – საშუალო არიანელები აღმოსავლეთ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანცის მფარველობით. კრებას მიზნად ჰქონდა არამარტო ათანასის გამართლება, არამედ გასამართლება არამართლმადიდებლებისა, რომლებმაც გაბედეს „მართლმადიდებლობის ბურჯის“ წინააღმდეგ ამხედრება. ეს ამოცანა დავალებული ჰქონდათ დასავლეთის ეპისკოპოსებს რომის პაპის ივლიანეს ხელმძღვანელობით (337-352 წწ.) და დასავლელი იმპერატორის კონსტანტინეს მხარდაჭერით, რადგან აღმოსავლეთის ძირითადი ეკლესიები იმყოფებოდნენ ნიკეის I მსოფლიო კრების მოწინააღმდეგეთა გავლენის ქვეშ. ამიტომ კრების ჩასატარებლად შეარჩიეს სარდიკია, რომელიც ამ დროს რომის პაპის იურისდიქციაში შედიოდა. ამით აიხნსება კრებაზე დამსწრე დასავლელი ეპისკოპოსების დიდი რიცხვი (300) და კრების თავმჯდომარედ ოსიოს კორდუბელის (ესპანეთიდან) არჩევა. აღმოსავლეთის ეკლესიის ეპისკოპოსებმა კრება დატოვეს, როცა გაიგეს, რომ კრებაზე ჩამოვიდა ათანასე, გადავიდნენ ფილიპეპოლში (თრაკიაში), გამართეს იქ თავიანთი კრება, რომელმაც განკვეთა ეკლესიიდან ათანასე და რომის პაპი ივლიანე (Остроумов М., Введение в правосл. церковное право, Харьков 1893, с. 191). სარდიკიაში დარჩენილმა დელეგატებმა გაამართლეს ათანასე ალექსანდრიელი და აღადგინეს თავის უფლებებში. ამასთანავე კრებამ დაადგინა 21 საეკლესიო დისციპლინარული კანონი, რედაქტირებული როგორც ლათინურ, ასევე ბერძნულ ენებზე. მალე დასავლეთში სარდიკიის კრების კანონები შეუერთეს ნიკიის I მსოფლიო კრების კანონებს და ისინი ნიკიის კრების კანონებად საღდებოდა, სანამ ეს შეცდომა არ გამოააშკარავა კართაგენის 419 წ. კრებამ (Maassen, I, 52) (იხ. „დიდი სჯულისკანონი“, გვ. 278-386).