რუის-ურბნისის კრების „ძეგლისწერა“


პირველი საეკლესიო კრება საქართველოში, რომლის კანონმდებლობამ სრულად მოაღწია ჩვენამდე „ძეგლისწერის“ სახით, მოწვეული იყო დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ბრძანებით („რომელ მოსწრაფებით შემოკრებაჲ უბრძანე შენ“) 1105 წ. რუისისა და ურბნისის ეპარქიების მომიჯნავე ტერიტორიაზე „მახლობლად საეპისკოპოსთა – რუისისა და ურბნისისა“, ამიტომ იგი ცნობილია რუის-ურბნისის კრების სახელით. ამ კრების მიერ დადგენილი კანონები დავით აღმაშენებლის სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ფართომასშტაბიანი რეფორმების ერთი ნაწილია, რომელსაც საფუძველი უნდა დაედო არა მარტო ეკლესიის სრულყოფილად ორგანიზაციისათვის, არამედ ერის ეთიკურ-მორალური აღორძინებისათვის, რაც სახელმწიფოს პოლიტიკური ძლიერების საწინდარი იქნებოდა.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება არ იყო რიგითი ადგილობრივი კრება, ის „საგანგებო და განსაკუთრებული ყრილობა ყოფილა“ (ივ. ჯავახიშვილი, შრომები, VI, თბილისი, 1982, გვ. 54), ამიტომ საორგანიზაციო საითხებში მრავალ დეტალში ემსგავსება მსოფლიო კრებაებს (ე. გაბიძაშვილი, რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბილისი, 1978, გვ. 20-28), რაც ჩანს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ამ კრების „ძეგლისწერის“ შეფასებაშიც: „ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა“ (ქართლის ცხოვრება I თბილისი, 1955, გვ. 328).

„ძეგლისწერის“ ავტორის საკითხის დასმა უხერხულიც კი არის, რადგან ნებისმიერი საეკლესიო კრების მიერ (მსოფლიო იქნება ის თუ ადგილობრივი) შემუშავებული კანონმდებლობა კოლექტიური, კრებაზე დამსწრე მამების განსჯის შედეგია და მათ არ შეიძლება კონკრეტული ავტორი ჰყავდეს (არავის უძებნია, მაგალითად, ნიკეის I მსოფლიო კრებაზე დადგენილი 20 კანონის ტექსტის ავტორი), მაგრამ ჩვენს შემთხვევაში გვაქვს არასტანდარტული ვითარება: „ძეგლისწერა“ არის კანონიკური ძეგლი, რომელიც აერთიანებს ოთხ ნაწილს: 1. საკმაოდ ვრცელი შესავალი წარმოადგენს ერთგვარ ტრაქტატს თეოლოგიურ-ფილოსოფიური თვალით დანახული სამყაროს, ადამიანისა და ქრისტიანული სარწმუნოების წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორიის შესახებ. 2. კანონთა ტექსტებს. 3. ქებას ანუ შესხმას ცალკე გამოყოფილი სათაურით „მეფესა დავითს მონაზონი არსენი“ 4. სინოდიკონს ანუ მოსახსენებლებს: „მრავალჟამიერი“ ცოცხალ, კრებაზე დამსწრე სამეფო ოჯახის წევრთა და სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებისა და „საუკუნო ჴსენება“ გარდაცვლილთა. როგორც ვხედავთ, შესავალი ნაწილი და „შესხმა“ ინდივიდუალური შემოქმედების ნაყოფია, ხოლო კანონთა ტექსტები და სინოდიკონი კი – კოლექტიური სჯა-ბაასისა, მაგრამ მათი აზრობრივ-ფრაზეოლოგიური ფორმულირება შესავლისა და „შესხმის“ ავტორსავე უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ვინ არის ეს პირი, ჩანს „შესხმის“ სათაურში – „მონაზონი არსენი“. კონკრეტულად რომელი არსენი იგულისხმება აქ, დღემდე საკამათო გახდა – არსენ იყალთოელი, არსენ ვაჩესძე, არსენ ბერი, არსენ კალიპოსელი. ჩვენი აზრით, ეს არის სჯულიერი მოღვაწე „არსენ მონაზონი, კალიპოსელი“, როგორც ეს მან თავისი ხელით ჩაწერა „ძეგლისწერის“ სინოდიკონში, იგივე არსენ იყალთოელი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო სირიაში, ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავი მთის ქართული მონასტრის, კალიპოსის წევრი და რომელმაც თარგმნა „დიდი სჯულისკანონი“ – „ძეგლისწერის“ კანონების დებულებათა ძირითადი წყარო (დაწვრილებით ამის შესახებ იხ. ე.გაბიძაშვილი, რუის-ურბნისის კრების „ძეგლისწერა“, თბილისი, 1978 წ. გვ. 29-72).

„ძეგლისწერის“ შემადგენელი ნაწილები ერთმანეთთან ლოგიკურად არის დაკავშირებული და ერთიდან მეორეზე გადასვლა ორიგინალური და ოსტატურია. თხზულების შესავალში მოთხრობილი ძველი და ახალი აღთქმის წიგნების მოკლე შინაარსი, ქრისტიანობის დამკვიდრების ისტორია ბიზანტიასა და საქართველოში და მის მიერ შემუშავებული საეკლესიო კანონმდებლობის ძირითადი კოდექსის შინაარსის სრული ჩამონათვალი, რუის-ურბნისის კრების მოწვევის მიზეზებისა და მიზნების წარმოჩენა ემსახურება „ძეგლისწერაში“ წარმოდგენილი კანონმდებლობის იურიდიულ საფუძვლების ჩვენებას და იმის ნათელყოფას, რომ იურიდიული ნორმები აუცილებელია საზოგადოების გასაჯანსაღებლად. თხზულების შესავალში დასმულ საკითხთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვეჩვენება შემდეგი საკითხები: 1. აქ პირველად არის წამოჭრილი დავით აღმაშენებლის „განღმრთობის“ ანუ თეოზისის იდეა: „კეთილად ებაძვა შურსა ჩუენიცა ესე გჳრგჳნოსანი მრჩობილ-მარჯუენე და შეყუარებული გჳრგჳნი თავისაჲ და სასურველი ძე დავით“ (გვ. 183), რაც „შესხმაში“ უფრო ნათლადაა წარმოჩენილი: „ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის“ (გვ. 194, 18). 2. ნინო განმანათლებელთან დაკავშირებული დეტალები. 3. ქართველთა სარწმუნოებრივი სიწმიდის თეზისი („გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაÁმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ“). „ძეგლისწერის“ ძირითადი ნაწილი უჭირავს კრების მიერ დადგენილ კანონმდებლობის ტექსტებს, რომელიც კანონებად არ არის დაყოფილი არც ერთ ხელნაწერში და ამიტომ მათი გამოყოფა და კანონთა რიცხვის დადგენა მკვლევართა შორის უთანხმოების საგანია. ამ ძეგლის პირველ (დ. ბაქრაძის 1863 წ.) და მეორე (თ. ჟორდანიას 1882 წ.) გამოცემებში ტექსტი კანონებად დაყოფილი არ არის. ზოგიერთი 15 კანონს გამოყოფს, ზოგიერთი 16-ს ან 17-ს. უკანასკნელ გამოცემაში ტექსტის შინაარსობრივი დანაწილების საფუძველზე გამოყოფილია 19 კანონი (ე. გაბიძაშვილი, დასახელებული ნაშრომი გვ. 89-91). კანონთა შინაარსი მრავალფეროვანია, მაგრამ ორიგინალობით გამოირჩევა პირველი კანონი, რომელსაც კანონის ფორმა არა გვაქვს და, ფაქტობრივად, საქართველოს ეკლესიაში ჩატარებული მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილების შესახებ რეზიუმეს მსგავსი მოკლე თხრობაა: 1. „და პირველად ეპისკოპოსნი ვინმე ვერ ღირსებით შემოსრულნი პატივსა მღდელთმთავრობისასა და უღირსნი … განვკუეთენით … და ნაცვალად მათდა სხუანი დავადგინენით“ („ძეგლისწერა“ გვ. 94). ე.ი. არ ჩანს დასკვნითი, სასჯელის ნაწილი. დანარჩენ კანონებში მოცემულია შესრულებისათვის აუცილებელი დებულებები და მათი დარღვევისათვის შესაბამისი სასჯელის ზომები ასეთი თანმიმდევრობით: 2. სასულიერო იერარქიის ყოველ საფეხურზე ხელდასხმისათვის საჭირო ასაკი, 3. ერთი პირისათვის თითოეულ თანამდებობაზე დანიშვნებს შორის აუცილებელი განსაზღვრული დრო. 4. ხელდასმის წესის აღსრულება აუცილებელია გიორგი მთაწმიდელის „დიდი კურთხევანის“ მიხედვით. 5. ხელდასხმისათვის ქრთამისა და „საფასის“ აღების ანუ „სიმონიის“ დაგმობა. 6. სამღდელო ჭურჭელთა ხელშეუხებლობა. 7. ეკლესიის საკურთხევლის გარეთ ნათლისცემის, ქორწინებისა და მონაზონის სქემის კურთხევათა აკრძალვა. 8. გვირგვინთა კურთხევის დღესვე აუცილებლად ზიარების საიდუმლოს აღსრულება. 9. მეორე ქორწინების ანუ „მეორეთა გჳრგჳნთა მაკურთხეველ“ ხუცესს ეკრძალება ქორწილის სუფრაზე („სამხრად“) მისვლა. 10. ქალის საქორწინო ასაკის (12 წელი) განსაზღვრა, მანმადე კი, თუ იგი მცირეასაკოვანია, დაწინდვის რიტუალის შესრულება, თუ კი მშობლებს ეს სურთ. 11. ხორებისკოპოსის კანდიდატის მღვდელთა ან დიაკონთაგან გამორჩევა კათალიკოსისა და ეპისკოპოსების უფლებამოსილებაა. 12. მონასტრებში მოძღვართა რიცხვის განსაზღვრა. 13. „კრებულთა დასხდომისა“ (ე.ი. სუფრის გაშლის) და სავაჭრო ფარდულების ეკლესია-მონასტრების ეზოებში აკრძალვების შესახებ. 14. ერთდროულად სულთა რამდენიმე შესაწირავის, „წინადაგების“ აკრძალვა ერთ საკურთხეველში რამდენიმე მღვდლის შესრულებით. 15. სომეხ მონოფიზიტთა („ხაჩეცართაჲ“) მართმადიდებლურად მონათვლის რიტუალის აღსრულება (რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი ჰქონდა), 16. ქრისტიანის სხვა რელიგიის წევრთან ან მწვალებელთან ქორწინების აკრძალვა (თუ ისინი მართლმადიდებელნი არ გახდებიან), 17. წარმომადგენლობითი („კიდეს-კიდე“) ქორწინების (როცა ჯვარისწერაზე საქმროს ან საპატარძლოს მაგივრად მისი წარმომადგენელია) აკრძალვა. 18. სოდომური ცოდვის, მამათმავლობის დასჯის უკიდურესი ზომის დადგენა („ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელი რისხვაჲ“), 19. ხატთმებრძოლეობის წვალების დაგმობა.