ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება


ქ. ნიკეაში 325 წელს მოწვეული პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება წარმოადგენს უმაგალითო და უდიდეს მოვლენას ქრისტიანულ საეკლესიო ცხოვრებაში. პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანული სარწმუნოების დევნის გამო ადგილობრივ ეკლესიათა გათიშულობის ეპოქაში ნიკეის კრება იქცა ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანულ ეკლესიათა გამაერთიანებელ, შემაკავშირებელ ფაქტორად. ნიკეის კრებამ, როგორც პირველმა უმაღლესმა საეკლესიო საკანონმდებლო ორგანომ, გადასინჯა საუკუნეების განმავლობაში ფაქტობრივად იზოლირებულ ადგილობრივ ეკლესიებში ჩამოყალიბებული ტრადიციები, თავისი უფლებამოსილებით დაამტკიცა მისაღები ჩვეულებები, ხოლო ქრისტიანული სარწმუნოებისათვის შეუთავსებელი ადათ-წესები უკუაგდო, ნათელი გახადა ზოგიერთი დისციპლინარული და რიტუალური ბუნდოვანებანი.
ნიკეის I მსოფლიო კრება მოწვეული იყო კონსტანტინე დიდის ბრძანებით, რაც ემყარებოდა მართლმადიდებელი მსოფლიოს ეპისკოპოსთა თხოვნას კრების მოწვევის შესახებ, რადგან ამ დროს მძვინვარებდა არიანული მწვალებლობა, რომელმაც შეარყია მართლმადიდებელი ეკლესიის საფუძველი.
ნიკეის მსოფლიო კრებამ, რომელსაც გადმოცემით 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა (როგორც ეს კრების კანონების სათაურშია დაფიქსირებული; კრების მონაწილეთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. კრების მონაწილეები – ევსები კესარიელი (ისტორია, III, თ. 8) ამბობს დაახლეობით 250-ს; ევსტათი ანტიოქიელი (თეოდორიტე, საეკლ. ისტორია) – დაახლ. 270-ს; ათანასე ალექსანდრიელი (შრომები, ნაწ. II, გვ. 313, მინის პატროლ. თ. 25, გვ. 428), დაახლ. 300-ს.) არიოზი და მისი მომხრეები, რომელთაც არ აღიარეს დანაშაული, განკვეთა ეკლესიიდან. ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამ შეადგინა ქრისტიანული სარწმუნოების პირველი რწმენის სიმბოლო – წმიდა სამების დოგმატი, რომელიც საფუძვლად დაედო ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას სარწმუნოების დოგმატს. უმთავრესი საკითხის გარდა, კრებამ საბოლოოდ დაადგინა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ყველა ქრისტიანისათვის სავალდებულო დღეც. აგრეთვე გაარკვია ეგვიპტელი ეპისკოპოსის, მელიტის განდგომილების საკითხი და კანონგარეშე გამოაცხადა იგი. (მელიტე არ ცნობდა პეტრე ალექსანდრიელის მემკვიდრეებს ალექსანდრიის საეკლესიო კათედრაზე და თავი პროვინციის მთავარ ეპისკოპოსად გამოაცხადა.) ეჭვი არ არის, რომ ნიკეის I მსოფლიო კრებამ 20 საეკლესიო კანონი დაადგინა, თუმცა არიანობის, აღდგომისა და მელიტეს შესახებ კანონებში არ არის ასახული, მაგრამ ცნობილია სარწმუნო წყაროებით – ნიკეის კრების თანამედროვე ავტორთა შრომებით.
ნიკეის კრების დადგენილებანი და საეკლესიო კანონები, რომლებიც ძირითადად მოციქულთა კანონებს უნდა ეყრდნობოდეს, სახელმძღვანელო და მისაბაძი ნორმა გახდა შემდეგდროინდელ მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა საქმიანობისათვის.
ნიკეის კრების შესახებ მრავალი წყარო არსებობს, მაგრამ არ შეიძლება მათ ერთნაირი მნიშვნელობა მიენიჭოს კრების ისტორიის გასათვალისწინებლად. ბევრი რამ დაიწერა არა ისტორიული, არამედ პრაქტიკული, უმეტესად პოლემიკური მიზნით, რაც გავლენას ახდენდა თხრობის სისრულეზე და ობიექტურობაზე

(Смирнов К., Обозрение источников истории первого вселенского Никейского собора, Ярославль, 1888).