მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონმდებლობა


მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ გამოტანლი კანონები საეკლესიო სამართლის ძირითადი ნაწილია, რადგან კანონიკურ კოდექსში არამარტო მათ მიერ გამოტანილი კანონები შედის, არამედ მის მიერ შერჩეული და დამტკიცებული სხვა იურიდიული ნორმებიც – ადგილობრივ საეკლესიო კრებათა (გამორჩევით) კანონები და ეკლესიის უდიდეს მამათა მიერ თავიანთ ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში გამოთქმული საეკლესიო ნორმები (პასუხები საეკლესიო პირთა მიერ გამოგზავნილ კანონიკურ შეკითხვებზე). ამრიგად, მსოფლიო საეკლესიო კრება საეკლესიო კანონმდებლობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა. ამ კრებებზე გამოტანილი საეკლესიო კანონები კანონიკური სამართლის ერთ-ერთი ძირითადი კონკრეტული წყაროა. მსოფლიო საეკლესიო კრებას, შესაძლებლობის ფარგლებში, ქრისტიანული მართლმადიდებელი სამყაროს ყველა კუთხის უმაღლესი იერარქიის საეკლესიო პირი (ან მისი წარმომადგენელი) ესწრებოდა. ამ კრებებზე გამოტანილი დადგენილებები (კანონები) სავალდებულო იყო მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის.

მსოფლიო საეკლესიო კრება არ იყო მუდმივად მოქმედი, გარკვეული პერიოდულობით მოწვეული საკანონმდებლო ორგანო (როგორიც იყო ადგილობრივი საეკლესიო კრებები). ის წარმოადგენდა საგანგებო კანონმდებლობით ორგანოს, რომლის მიერ გამოტანილ დადგენილებებს ჰქონდა არამარტო საეკლესიო, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც, რადგან მსოფლიო კრების კანონები სამოქალაქო კანონმდებლობის უფლებებსაც იძენდა. საეკლესიო კანონები, გამოტანილი ან დამტკიცებული მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, თავიანთი მნიშვნელობით სცილდებოდნენ ეკლესიის ფარგლებს და სახელმწიფო-სამოქალაქო კანონმდებლობის ძალას იძენდნენ. იუსტინიანე დიდის საკანონმდებლო წიგნში აღნიშნულია, რომ საეკლესიო კანონებს გარკვეული უპირატესობა აქვთ ამავე საკითხების შესახებ გამოტანილ სამოქალაქო კანონებთან შედარებით: ყოველგვარი სახელმწიფო-სამოქალაქო კანონი კარგავს ძალას, თუკი ის წინააღმდეგობაშია შესაბამის საეკლესიო კანონებთან (ათენის სინტაგმა, I, 36).

მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევას ყოველთვის დოგმატური საფუძველი ჰქონდა. ძირითადი მიზეზი ყოველთვის ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში რომელიმე მწვალებლობის აღმოცენება იყო, ხოლო მიზანი – მათი აღმოფხვრა და მათ მიმდევართა ეკლესიისგან ჩამოცილება. მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრების კომპეტენციაში შედიოდა სარწმუნოების დოგმატის განსაზღვრა, რომელიც სრულ თანხმობაში იქნებოდა „საღმრთო წერილსა“ და უძველეს საეკლესიო ტრადიციებთან და რომელიც მათი რწმენის სიმბოლოს ფორმით ჩამოყალიბდა. შვიდივე მსოფილო კრების საქმიანობა ამ მიზანს ადასტურებს. მსოფლიო საეკლესიო კრებები ამ მთავარ საქმიანობასთან ერთად, რაც მათ მიერ გამოტანილ კანონებშიც აისახა, ხოლო უფრო სრულად წარმოდგენილია ამ კრების აქტებში (კრების მიმდინარეობის სტენოგრაფიულ ოქმებში), მსოფლიო კრების მეორე მნიშვნელოვანი შემოქმედება მის მიერ დადგენილი ე.წ. დისციპლინარული კანონებიც იყო, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა ერთი მსოფლიო კრებიდან მომდევნო კრებამდე ზოგადქრისტიანულ ეკლესიაში დაგროვილი საეკლესიო ორგანიზაციის, მმართველობის სტრუქტურისა და საეკლესიო პირთა და მრევლის ურთიერთობაში წარმოქმნილი სადავო საკითხებისათვის.

მსოფლიო კრების მოწვევის ორგანიზატორი ეკლესიასთან ერთად საერო ხელისუფლებაც იყო. უფრო მეტიც, მსოფლიო კრების მოწვევა მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის სანქციით შეიძლებოდა (შვიდივე მსოფლიო კრება ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში იქნა მოწვეული). მართალია, ფორმალურად იმპერატორი არ ერეოდა კრების სხდომების საქმიანობაში, მაგრამ მსოფლიო კრებათა ისტორიის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ კრების საბოლოო შედეგებზე იმპერატორს ხშირად გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა. ფორმალურად სამოქალაქო ხელისუფლების მთავარ საზრუნავს კრების ფინანსური მხარისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის უზრუნველყოფა შეადგენდა, მაგრამ ხშირი იყო მათი ძალისმიერი ჩარევა ეკლესიის იერარქიულ-ორგანიზაციულ და სარწმუნოებრივ საქმეებშიც. იმპერატორის უფლებას შეადგენდა აგრეთვე მსოფლიო კრების მოწვევის დროისა და ადგილის განსაზღვრა. კონსტანტინე დიდმა თავის თავს ეკლესიის საგარეო საქმეთა ეპისკოპოსი უწოდა (Evsebios, Vita Constantini, IV, 24), ხოლო იმპერატორმა იუსტინიანე II-მ „ტრულის“ აქტებს ხელი ასე მოაწერა: „გავეცანი და თანახმა ვარ“ და არა „დავამტკიცეო“, როგორც ჩვეულებრივ აწერდა ხელს კრებაზე დამსწრე ყველა ეპისკოპოსი, რადგან კრებაზე გადამწყვეტი ხმის უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს ან მათი სახელით კრებაზე დამსწრე უფრო დაბალი იერარქიის საეკლესიო პირებს ჰქონდათ და ეს უფლება ფორმალურად იმპერატორს არ გააჩნდა.

მსოფლიო საეკლესიო კრება სახელმწიფოსა და ეკლესიის მშვიდობიანი თანამშრომლობის შედეგია. ამიტომ ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად აღიარებამდე ასეთი კრების მოწვევა შეუძლებელი იყო. ეს შესაძლებლობა 313 წლიდან გაჩნდა (313 წლის მილანის ედიქტით ქრისტიანობა ნებადართულ ორგანიზაციად აღიარეს). I მსოფლიო კრება ნიკეაში 325 წელს მოიწვიეს კონსტანტინე დიდის (+337 წ.) ინიციატივით.

მსოფლიო საეკლესიო კრების თავმჯდომარის საპატიო უფლება ეკუთვნოდა იმ ეპისკოპოსს, რომლის კათედრასაც მსოფლიო ეკლესიის დანარჩენ კათედრებს შორის პრივილეგიური მდგომარეობა ეჭირა (თუკი ასეთი ეპისკოპოსი თვითონ არ იყო კრების მსჯელობის საგანი – მაგ. ეფესოს III მსოფლიო კრებას თავმჯდომარეობდა კირილე ალექსანდრიელი, რადგან კრებაზე იდგა კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქის, ნესტორის განკვეთის საკითხი). თუ კრებას ესწრებოდა ბიზანტიის იმპერატორი, მას კრების საპატიო თავმჯდომარის პატივი ჰქონდა მინიჭებული. მართალია, რომის პაპი, ჩვეულებრივ, მსოფლიო კრებებს არ ესწრებოდა, მაგრამ ზოგჯერ მისი წარმომადგენლები (ლეგატები) მისი სახელით თავმჯდომარეობდნენ.

ჩვენამდე მოღწეულმა ხუთი მსოფლიო კრების (III, IV, V, VI, VII) აქტებმა (ოქმებმა) თავისთავად დასვა საკითხი მათი წარმოშობის მიზეზების შესახებ. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, უნდა ვირწმუნოთ, რომ ნიკეის I და კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებებზე ასეთი აქტები არ შეუდგენიათ, რადგან მათი კვალი არ ჩანს. უფრო სარწმუნოა, რომ აქტების შედგენის ტრადიციას საფუძველი ეფესოს III მსოფლიო კრებამ ჩაუყარა. საქმე ისაა, რომ ეფესოს კრება დაიწყო და მიმდინარეობდა განხეთქილების პირობებში. ფაქტობრივად მიმდინარეობდა ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული კრება. პირველი – კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით და მიზნად ისახავდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ნესტორის განკვეთას მისი მწვალებლური სწავლების გამო, ხოლო მეორე – ნესტორის დამცველთა კრება იოანე ანტიოქიელის თავმჯდომარეობით. ორივე მხარე ცდილობდა მოწინაღმდეგის დამარცხებას და იმპერატორ თეოდოსო II-ის მხარდაჭერის მოპოვებას (თეოდოსი II-მ ერთ-ერთი მონასტრის ბერი, ნესტორი კონსტანტინოპოლის პატრიარქად დასვა). ამიტომ ორივე კრება აწარმოებდა თავისი კრების მიმდინარეობის ჩაწერას და აგზავნიდა კონსტანტინოპოლში, იმპერატორის სამსჯავროზე. ეფესოს მსოფლიო კრების მიერ განსაკუთრებული ვითარების გამო შედგენილმა აქტებმა უდიდესი სამსახური გაუწია საეკლესიო ისტორიას – საფუძველი დაუდო მომდევნო კრებათა აქტების შედგენას.

(მსოფლიო კრებათა აქტების შვიდი ტომი, თარგმნილი ლათინურიდან, გამოცემულია ყაზანის უნივერსიტეტის მიერ: Деяния Вселенских соборов, т. I-VII, Казань, 1859г. იხ. აგრეთვე, Лебедев А. П., О происхождении актов Вселенских соборов, Москва, 1904 г).