მოციქულთა კანონები ანუ „კანონნი წმიდათა მოციქულთანი“


 კანონონიკური სამართლისა და ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთი ძირითადი ძეგლი ბიზანტიური 14 ტიტლოვანი (ნაწილიანი) ნომოკანონის საბოლოო (883 წ.) რედაქციაში, რომელიც ითვლება კანონიკური სამართლის ძირითად კოდექსად და რომლის ქართულ თარგმანში – „დიდ სჯულისკანონში“ მოციქულთა კანონები შეტანილია პირველ ადგილზე, რითაც ხაზგასმულია, რომ ის არის საეკლესიო კანონმდებლობის უძველესი კრებული.

სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ მოციქულთა კანონები ჩაწერილია იმ ჩვეულებით, გადმოცემით არსებული დაუწერელი სჯულიდან, რომელიც შეიქმნა მოციქულთა მიერ ქრისტიანობის დასაწყისშივე და რომლის მიხედვით ამ კანონების კრებული შეადგინა კლიმენტი რომაელმა (+101 წ.). თუმცა არის მეორე აზრიც, რომ თავდაპირველად მათი რიცხვი – 85, როგორც ეს ზემომოხსენებულ კოდექსშია დღეს, არ ყოფილა. კანონების შინაარსისა და მათში გათვალისწინებული ეპოქის ტრადიციათა მიხედვით, მოციქულთა კანონები სხვადასხვა დროს ეკუთვნის. უძველესი უნდა იყოს ის კანონები, რომლებიც ზუსტ შესატყვისობაშია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებთან, ანდა მთლიანად ეყრდნობიან ამ წიგნებს. შედარებით მოგვიანო პერიოდში უნდა შეედგინათ კანონთა ის წყება, რომლებიც გამოხატავენ II საუკუნის და III ს. I ნახევრის საეკლესიო მოღვაწეთა თხზულებებში დადასტურებულ მოვლენებსა და ურთიერთობებს. მოციქულთა კანონების დიდი ნაწილი უნდა ეკუთვნოდეს III ს. II ნახევარს. მთლიანად მოციქულთა კანონები ნიკეის I მსოფლიო კრებამდე (325 წ.) უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც ძირითადად აღიარებულია კანონიკური სამართლის ისტორიაში. (ე. გაბიძაშვილი, კანონიკური სამართლის წყაროები – მოციქულთა კანონები. შრომები, I, თბილისი, 2010, გვ. 323-327).

მოციქულთა კანონების ჩამოყალიბების გეოგრაფიაც მრავალფეროვანი უნდა იყოს, რაზეც ზოგიერთ კანონში დადასტურებული ფაქტები მიანიშნებენ: მაგალითად, მე-7 კანონი აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ გამოხატავს დასავლეთის, კერძოდ, რომის ეკლესიის ჩვეულებას, რომელიც II ს. Bბოლოს იქნა მიღებულ აღმოსავლეთის ბევრ ეკლესიაში (Евсевий Кесарийский, Церковная история, V, 22); 37-ე კანონი საეკლესიო კრების ყოველწლიურად მოწვევის შესახებ სირიული წარმომავლობის უნდა იყოს, რადგან ამ კანონში შემორჩენილია თვის სირიული სახელწოდება (ბერძნულ დედანში – υπερβερέται); 46-ე კანონი ერეტიკოსთა მონათვლის შესახებ გვიჩვენებს კართაგენის ეკლესიის კრიტიკას.; 70, 71 კანონები რომლებიც კრძალავენ ებრაელებთან ურთიერთობას, პალესტინური წარმოშობისა უნდა იყოს; 51-ე, 53-ე და 64-ე კანონები, რომლებიც კიცხავენ ზოგი ქრისტიანის ზიზღს ქორწინებისა და ხორციანი საჭმელებისადმი, აგრეთვე მიმართულია თვითდასაჭურისების წინააღმდეგ, ალექსანდრიული და, ნაწილობრივ, სირიული წარმოშობისა უნდა იყოს, რადგან მიმართულია გნოსტიკოსთა (ენკრატიტების, მარკიონეტთა და მონტანისტთა) წინააღმდეგ და ებრძვის ისეთ უკიდურეს მიმდინარეობებს, რომლებიც გავრცელებული იყო ალექსანდრიულ და სირიულ მწვალებლობებში და სხვ.

ქრისტიანული საეკლესიო კანონმდებლობა პირველ სამ საუკუნეში რომ ძირითადად მოციქულთა კანონებზე იყო დამყარებული, ჩანს იქიდანაც, რომ ამ პერიოდის საეკლესიო პრაქტიკა სრულ შესატყვისობაშია მოციქულთა კანონებში წერილობით ჩამოყალიბებულ კანონმდებლობასთან. IV ს. საეკლესიო მოღვაწეები, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებები პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიუთითებენ მოციქულთა ზოგიერთ კანონზე, როგორც სახელმძღვანელო ნორმაზე. მართალია, ეს მითითებები უშუალოდ მოციქულთა კანონებს არ ასახელებენ, მაგრამ გამოთქმები, რომელთაც ნიკეის I მსოფლიო კრების კანონებში ვხვდებით, უნდა გულისხმობდეს არა ძველ საეკლესიო პრაქტიკას, როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, არამედ წერილობით ჩამოყალიბებულ მოციქულთა კანონებს, რაც ნათელია იმითაც, რომ ყოველი ასეთი მითითება შესატყვისს პოულობს მოციქულთა კონკრეტულ კანონში: „მღდელობად მოიყვანებს კანონი“ (ნიკეის I კან.); „დაიცვებოდედ მათთჳს წესი კანონისაჲ“ (მე-5 კან.); „ძველნივე წესი იპყრობოდედ“ (მე-6 კან.); „ამას არა შეუთქს კანონი საეკლესიოჲ“ (მე-10 კან.); „ძველნივე და კანონებრივი სჯული დამარხულ იყავნ აწცა“ (მე-13 კან.). დამოწმებული ადგილების „კანონი“ არ შეიძლება გულისხმობდეს ნიკეის კრებაზე ადრინდელი ადილობრივ კრებათა დადგენილებებს, რადგან ასეთი კრებების დადგენილებები ეხებოდა რომელიმე გარკვეულ პროვინციის ან ქრისტიანული ქვეყნის ეკლესიის მხოლოდ კერძო, ადგილობრივ საკითხებს და პრეტენზია არ ჰქონდათ ზოგად ქრისტიანული ისეთი სავალდებულო ნორმისა, რომელსაც თავისთავად გულისხმობს ტერმინი „კანონი“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკეის მე-15 კანონის ზოგიერთი ბერძნული ტექსტი პირდაპირ ასახელებს მოციქულთა კანონს – Παρά τòν Αποστολικον κανονα – ათენის სინტაგმა, II.

აქვე ვაჩვენებთ ნიკეის I მსოფლიო კრების ზოგიერთი კანონის შესატყვისებს მოციქულთა კანონებში – ნიკეის I -მოციქულთა 21-23; II – 80; 5-32 და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ანტიოქიის 341 წლის ადგილობრივი კრების კანონები ასევე მიუთითებს მოციქულთა კანონებზე და ხშირად სიტყვა-სიტყვით იმეორებენ, ავრცობენ და კომენტარს უკეთებენ შესაბამის მოციქულთა კანონს (Н. Заозерский, Никейский кодекс, Учение в обществе любителей духовного просвещения, 1882, I, с. 597). ასეთი პარალელები უფრო მეტია გვიანდელ საეკლესიო კრებათა კანონმდებლობაში (ლანგრის 340 წ. ადგ. კრება; კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრება და სხვ.). საკანონმდებლო კრებულებიდან იოანე სქოლასტიკოსის 50 ტიტლოვან (ნაწილიან) VI ს-ის კრებულში პირველადაა შეტანილი მოციქულთა კანონების სრული რაოდენობა – 85 კანონი, რაც კრებულის შემდგენელს ჩვენამდე არმოღწეული 60-ტიტლოვანი კრებულიდან აუღია. ასეთი რაოდენობით მოციქულთა კანონები დაამტკიცა კონსტანტინოპოლის ე.წ. ტრულის (ქართული თარგმანით „გუმბდსა შინა სამეუფოჲსა პალატისასა“) 692 წლის საეკლესიო კრებამ (რომელსაც ხშირად VI მსოფლიო კრებასაც უწოდებენ), რამაც ბოლო მოუღო ყოველგვარ ეჭვს და გაურკვევლობას ამ კანონთა კანონიკურობის აღიარებაში. ეს კანონები შედგენილია 14-ტიტლოვანი ნომოკანონის ყველა რედაქციაში და, რა თქმა უნდა, ნომოკანონის ქართულ თარგმანში.

მოციქულთა კანონების მრავალრიცხოვან ბერძნულ გამოცემათაგან საუკეთესოდ ითვლება კარდინალ Pitra-ს გამოცემა, რომელშიც გათვალისწინებულია ამ ძეგლის შემცველი ბერძნული ხელნაწერების უმრავლესობა (Pitra, luris ecclesiastici graecorum historia et monumenta, I, 1864).
ერთ-ერთ ბერძნულ კანონიკურ კრებულში, სახელდობრ, ძირითად კანონიკურ კოდექსის საფუძველზე შედგენილ ე.წ. „კანონთა სინოპსისში“, რომელიც კანონთა შემოკლებულ ტექსტებს შეიცავს, მოციქულთა კანონების გვერდით შეტანილია 17 კანონი, წარწერილი პავლე მოციქულის სახელით, 17 კანონი – პეტრე და პავლე მოციქულების ერთობლივ შემოქმედებად მიჩნეულ და 2 კანონი – ყველა მოციქულის შემოქმედებად გამოცხადებული. ამ 36 კანონის წყარო „მოციქულთა დადგენილებების“ ის 8 წიგნეულია, რომელიც 691 წლის „ტრულის“ კრებამ შემდეგდროინდელ ერეტიკულ გადაკეთება-ჩამატებათა გამო არაკანონიკურად მიიჩნია და აკრძალა (მე-2 კანონი). მართალია, ეს კანონები 14-ტიტლოვან ნომოკანონის ბერძნული ტექსტის გამოცემებში არ გვხვდება, მაგრამ ამ ფაქტის აღნიშვნა საჭიროდ ვცანით იმიტომ, რომ დასახელებული 36 კანონიდან პირველი 34 ქართული „დიდი სჯულისკანონის“ XIII-XIV სს. ზოგიერთ ნუსხაში (და არა არსენ იყალთოელისეული) თარგმანით არის წარმოდგენილი, ე.ი. გვიანდელ დანამატს წარმოადგენს.