o

წმინდა და დიდი კრება

სულთმოფენობა 2016

„მოუწოდა ყოველთა ერთობად“

მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს

საერთო მართლმადიდებლური კრების დოკუმენტი, რომელიც მიღებულ იქნა შამბეზში, საერთო მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელ სხდომაზე, 2015 წლის 10-17 ოქტომებრს.

გამოქვეყნებულია შამბეზში შეკრებილ ყველა ადგილობრივი ეკლესიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. 21-28 იანვვარი, 2016 წელი.

  • მარხვა – ღმრთის მცნება (შეს. 2, 16-17). წმ. ბასილი დიდის თანახმად, მარხვა და კაცობრიობა თანადროულნი არიან, რადგან იგი ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა (მარხვის შესახებ 1,3). მარხვა გახლავთ უდიდესი სულიერი გმირობა და მართლმადიდებლური ასკეტიკის იდეალის პირველი გამოხატვა. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ურყევად ხელმძღვანელობს მოციქულთა სწავლებებით, კრებების კანონებით და წმიდა მამათა გარდამოცემით, ყოველთვის მიგვითითებდა მარხვის უდიდეს მნიშნელობაზე, რომ მარხვა აუცილებელია ადამიანის სულიერი ცხოვრებისათვის და მისი გადარჩენისათვის. მთელი წლის განმავლობაში აღსრულებულ ღვთისმსახურებაში მკვეთრად არის ასახული წმიდა მამათა გარდამოცემა მარხვის შესახებ და სწავლება მარადის მხნედ ყოფნაზე და სულიერი გმირობების წარმატებაზე. ტრიოდიონში მარხვას ხოტბას ვასხავთ, როგორც ნათელს მადლისას, როგორც უძლეველ იარაღს, როგორც სულიერი გმირობების დასაწყისს, როგორც ბრწყინვალე გზას კეთილი საქმეების აღმსრულებელთათავის, როგორც გულის საკვებს, როგორც ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობის წყაროსს, როგორც უხრწნელად მყოფობის და ანგელოზებრივი ცხოვრების მიბაძვის წყაროს, როგორც ყოველგვარი მადლის და სიკეთის დედას და როგორც მომავალი ცხოვრების ხატს.
  • მარხვის დადგენა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოხდა (II რჯ. 9,18; ის. 58, 4-10; იოელ. 2,15; იონა. 3, 5-7) და მისი დამოწმება უკვე ახალ აღთქმაში ხდება. თავად უფალიც მარხულობდა ორმოცი დღის განმავლობაში, სანამ სამოღვაწეო ასპარესზე გავიდოდა (ლკ. 4,1-2) და მან მოგვცა რჩევა-დარიგება იმის შესახებ, თუ როგორი სახით უნდა ვიხელმძღვანელოთ მარხვის დროს (მთ. 6, 16-18). მთელს ახალ აღთქმაში მარხვა წარმოდგენილია, როგორც სინანულის, თავშეკავების და სულიერი ზრდის სახსარი (მკ. 1,6; საქმე. 13,3; 14,23; რომ. 14,21). ჯერ კიდევ სამოციქულო ეპოქიდან, ეკლესია მიუთითებდა მარხვის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ და სამარხვო დღეებად, ოთხშაბათი და პარასკევი განსაზღვრა (დიდაქე 8,1). ასევე ეკლესიამ მარხვა დაადგინა აღდგომის წინა დღეებში (ირინეოს ლიონელის სიტყვა, ევსევი კესარიელის საეკლესიო ისტორია 5,24). საეკლესიო პრაქტიკაში, დროთა განმავლობაში არსებობდა სხვადასხვაგვარი დაგენილება, არამხოლოდ დიდი მარხვის ხანგრძლივობის შესახებ, (წმ. დიონისე ალექსანდრიელი, ეპისტოლე ვასილიდესადმი, PG 10, 1278), არამედ სხვა მარხვების პერიოდების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ, რომელნიც სხვადასხვა ფაქტების გავლენის ქვეშ ფორმულირდებოდა, უპირველეს ყოვლისა ლიტურგიკული და სამონაზვნო ტრადიციით, რომლის მიზანიც ის გახლდათ, რომ ადამიანები მომზადებულიყვნენ დიდ დღესასწაულებთან შესახვედრად. ასეთი სახით, ურღვევი კავშირი, რომელიც არსებობს მარხვასა და ღვთისმსახურებას შორის, მიგვითითებს მარხვის საზომზე და დანიშნულებაზე და ხაზს უსვამს მარხვის სულიერ ხასიათს. სწორედ ამისაკენ არიან მოწოდებულნი ყოველნი მორწმუნენი, ყოველი თავისი შესაძლებლობისამებრ და ძალისამებრ, რათა ადამიანს აბუჩად არ აეგდო საღვთო განჩინება: გაფრთხილდი, რათა ამ სწავლების გზიდან არავინ გადაგახვევინოს… რადგან თუკი შენ შესძლებ ღვთის უღლის ტვირთვას, შენ იქნები სრულყოფილი; თუკი ვერ შესძლებ, რაც შეგიძლია ის გააკეთე (დიდაქე 6. 1-3).
  • როგორც სულიერი გმირობა, ჭეშმარიტი მარხვა დაკავშირებულია მოუკლებელ ლოცვასთან და გულწრფელ სინანულთან. სინანული მარხვის გარეშე უშედეგოა (წმ.ბასილი დიდი, მარხვის შესახებ 1,3); ასევე მარხვაც, კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში, როდესაც სიმდიდრის უთანასწორო და უსამართლო განაწილება სხვადასხვა ერებს არსობის პურსაც კი ართმევს. ძმანო, ვინც ვმარხულობთ, ხორციელად და სულიერად ვიმარხულოთ: „არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე – იტყვის უფალი, არამედ განხსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღვიენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოი განხეთქე. დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა…. (დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ოთხშაბათს, მწუხრსა ზედა; ის. 58, 6-7). მხოლოდ განსაზღვრული საკვებისაგან თავშეკავებით, მარხვა არ ამოიწურება. თუმცა დიდი მარხვისათვის, მხოლოდ საკვებისაგან თავშეკავება საკმარისი არ არის; მაგრამ მოდით ვიმარხულოთ – სასიამოვნო და ღვთივსათნო მარხვით (ფლპ. 4,18). ჭეშმარიტი მარხვა მაშინ აღესრულება, როდესაც ადამიანი ბოროტებისაგან განთავისუფლდება, ენას მოთოკავს, საკუთარი თავში დააცხრობს შფოთს, ვნებებს, ბილწსიტყვაობას და ამოძირკვავს ტყუილს . ამ ყველაფრისაგან თავშეკავება გახლავთ ჭეშმარიტი მარხვა. ასეთი მარხვა – მშვენიერი საქმეა. (წმ. ბასილი დიდი. მარხვის შესახებ 2,7). მარხვის დროს განსაზღვრული საკვებისაგან თავშეკავება და ზომიერების დაცვა არა მხოლოდ არჩევანში, არამედ მიღებული საჭმლის რაოდენობაში, შეადგენენ სულიერი სიმამაცის ხელშესახებ მხარეს. მარხვა გახლავთ საკვებისაგან თავშეკავება; თუმცა საკვები ჩვენ არც მართლებად გვხდის და არც არამართლებად. საიდუმლოებრივი თვასაზრისით სიტყვა „მარხვა“ ნიშნავს, რომ როგორც ყველასათვის და ყველას სიცოცხლე საკვებისაგან წარმოიქმნება, ხოლო უჭმელობისაგან – სიკვდილი, ასევე ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი მიწიერისაგან, რათა ჩვენ მოვკვდეთ ამ სოფლისათვის, ხოლო შემდეგ ვეზიაროთ საღვთო საკვებს და დავიწყოთ უფლისათვის ცხოვრება (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ეკლოგი. PG 9, 704-705). ასეთი სახით, ჭეშმარიტი მარხვა ყველა მორწმუნის ცხოვრებას განეკუთვნება და გვირგვინდება, ღვთისმსახურებაში ამ მორწმუნეთა თანამონაწილეობით, განსაკუთრებით წმიდა ზიარების საიდუმლოში.
  • მაცხოვრის 40 დღიანი მარხვა გახლავთ სახე ყველა მორწმუნის მარხვისა, რომელიც უფლის მორჩილებას გვაზიარებს, რათა მარხვის დაცვით ის დავიბრუნოთ, რაც მარხვის დარღვევით დავკარგეთ (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი, 45-ე სიტყვა მაცხოვრის აღდგომის შესახებ, 28). სულიერი მარხვის ქრისტოცენტრული გაგება, განსაკუთრებით წმიდა ორმეოცში, დამახასიათებელია მთელი წმიდა მამებისეული გარდამოცემისათვის, განსაკუთრებით წმ. გრიგოლ პალამასათვის: თუკი შენ მარხვას ასეთი სახით დაიცავ, მაშინ შენ არა მხოლოდ მაცხოვრის ვნების და სიკვდილის თანამონაწილე გახდები, არამედ მასთან ერთად აღსდგები და ქრისტესთან ერთად იქნები მარადიულ სიცოცხლეში: რადგან ასეთი სახის მარხვის მეშვეობით, გახდები რა მისი სიკვდილის თანამონაწილე, შენ იქნები მისი მკვდრეთით აღდგომის თანამონაწილე და მემკვიდრე მასში ცხოვრებისა (წმ. გრიგოლ პალამა, ჰომილია 13, დიდი მარხვის მეხუთე კვირა. PG 151, 161).
  • მართლმადიდებლური გარდამოცემის თანახმად, სულიერი სრულყოფილების საზომი – გახლავთ „ქრისტეს სრული ასაკის“ საზომი (ეფ. 4,13) და ყველამ, ვისაც უნდა რომ ამას მიაღწიოს, შესაბამისად მას უნდა ჩაეჭიდოს და აღიზარდოს. სწორედ ამიტომ ასკეზას და სულიერ გმირობას, ისევე როგორც სრულყოფილთა სრულყოფილებას, ჭეშმარიტ ცხოვრებაში სასრული არ გააჩნიათ. ყველა ადამიანი მოწოდებულია, რომ მისი ძალებისამებრ დააკმაყოფილოს მართლმადიდებლური კრიტერიუმების მაღალი მოთხოვნები, რათა შემდეგ, უფლის მადლით განიღმრთოს, ანუ გახდეს მადლისმიერი ღმერთი. როდესაც ადამიანები ამას მიაღწევენ, მართალია ისინი შეასრულებენ ყოველივე მათდამი ნაბრძანებს და არასდროს არ განდიდდებიან, მაგრამ აღიარებენ, რომ ისინი უხმარნი მონანი არიან, რადგან ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ (ლკ. 17,10).
  • მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც მოსიყვარულე დედამ, განსაზღვრა ყოველივე ის, რაც აუცილებელია ცხონებისათვის და დაადგინა მარხვის დღეები, როგორც ღვთისგან ბოძებული თავდაცვის საშუალება, რომელიც იცავს მორწმუნეებს ყოველივე ბოროტებისაგან. წმიდა მამათა კვალზე, როგორც ადრე, იგი ახლაც ინახავს მოციქულებრივ განსაზღვრებებს, კრებების დადგენილებებს და წმიდა გარდამოცემას. იგი ყოველთვის გვთავაზობს წმიდა მარხვებს, როგორც სულიერი სრულყოფილების და მორწმუნეთა გადარჩენის უმჯობეს ასკეტურ გზას და აცხადებს, რომ ამ მორწმუნეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები: წმიდა ორმოცის, ოთხშაბათის და პარასკევის, რომელნიც დამოწმებულნი არიან წმიდა კრებების მიერ დადგენილ კანონებში, ზუსტად ისე, როგორც მაცხოვრის შობის, წმიდა მოციქულთა, ღვთისმშობლის მიძინების, ჯვართამაღლების და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის მარხვები. ასევე არსებობს მარხვები, რომელთაც მოძღვრები უნიშნავენ მრევლს გარკვეული მიზეზების გამო.
  • ამასთან ერთად, წმინდა მამათა მსჯელობის საფუძველზე, რომელიც მარხვას უკავშირდება, ეკლესიამ განსაზღვრა იკონომია. ამიტომაც ხორციელი უძლურებისა და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპატის მამობრივი მზრუნველობის თანახმად, ეკლესია მიმართავს იკონომიის პრინციპს.
  • ფაქტი ის არის, რომ დღესდღეობით ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არ იცავს ყველა დადგენილ მარხვას. თუმცა დაწესებული მარხვების არ დაცვის ყოველი შემთხვევა, ატარებენ ისინი შედარებით იშვიათ, თუ ხშირ ხასიათს, ეკლესიის მიერ მიღებულ უნდა იქნეს სამოძღვრო პასუხისმგებლობით, რადგან ღმერთს არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი (ეზ. 33,11). ამასთან ერთად არ უნდა დაკნინდეს მარხვის მნიშვნელობა. ამიტომაც, განსაზღვრული მარხვების, სხვადასხვა ინდივიდუალურ მიზეზთა გამო, (ავადმყოფობა, ჯარში მსახურება, შრომის პირობები და ა.შ.) ან საერთო მიზეზთა გამო (კლიმატური პირობები, ან ზოგიერთი ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკური პირობები, მაგ სამარხო პროდუქტობის არ ქონა) არ დაცვის შემთვევებთან დაკავშირებით, მართლმადიდებლური ადგილობრივი ეკლესიები განსჯის საგნად ტოვებენ, იკონომიის და შეწყალების განსაზღვრების საზომს. ამ განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ადამიანებს საღვთო მარხვების „ტვირთი“ უმსუბუქდებათ. ამის გამო მარხვების შესახებ არსებული განსაზღვრებები არანაირად არ კნინდება. ეს ლმობიერი შეწყნარება, დიდი დაკვირვების შედეგად უნდა იყოს ეკლესიის მიერ შემოთავაზებული და რა თქმა უნდა, დიდი შემწყნარებლობით იმ მარხვებთან მიმართებაში, რომლებთან დაკავშირებითაც, ეკლესიის ტრადიციას და პრაქტიკას ყოველთვის ერთი და იგივე აზრი არ გააჩნია. კარგია, რომ ყოველ დღე ვიმარხულოთ, მაგრამ „არამჭამელი მჭამელსა მას, ნუ განიკითხავს“. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო არც კანონების დადგენა, არც ძალადობა, არც იძულებითი მოქცევა შენს სამწყსოსთან მიმართებით, არამედ უნდა გამოვიყენოთ მტკიცებულება, ლმობიერება და სიტყვა. (წმ.იოანე დამასკელი,წმიდა მარხვების შესახებ 7).
  • გარდა ამისა, ეკლესიის ყოველმა წარმომადგენელმა, წმიდა ზიარებასთან მიახლების წინ, რომელიც გახლავთ ეკლესიის მთავარი არსი, უნდა დაიცვას მარხვა და შუაღამის შემდეგ, თავი უნდა შეიკავოს საკვების მიღებისაგან. მორწმუნეს ასევე შეშვენის, რომ მარხვა დაიცვას სინანულის ნიშნად, ამა თუ იმ საღვთო მიზნის მისაღწევად დადებული აღთქმის შესრულებისას, საცდურების დროს, ნათლობის წინ, ( როდესაც ზრდასრული ადამიანი აპირებს ნათლობას), ქიროტონიის წინ, ეპიტიმიის შემდეგ, მომლოცველობისა და სხვა ამგვარ გარემოებათა დროს.

2015 წლის 16 ოქტომბერი, შამბეზი, შვეიცარია

 

მთარგმნელი – იოანე შოშიაშვილი

 

სტატია აღებულია საიტიდან OrthodoxTheology.ge