ლაოდეკიის ადგილობრივი საეკლესიო კრება


ფრიგიის მთავარ ქალაქში, ლაოდეკიაში დაახლ. 343 წელს შეიკრიბა მცირე აზიის ეპისკოპოსთა მრავალრიცხოვანი კრება (ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის), რომელმაც დაადგინა საეკლესიო დისციპლინისა და ორგანიზაციის სხვადასხვა საკითხების შესახებ 60 კანონი. მოკლედ ჩამოყალიბებული კანონები (ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა) განსაზღვრავენ სამღვდელო დასის წევრთა მოვალეობებს, ზოგიერთ მწვალებელთა მოქცევის შემდეგ ეკლესიაში მიღების წესს, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდნილ მორწმუნეთა აღსარებისა და სინანულის წესებს, ლიტურგიის სხვადასხვა საკითხებს და ა.შ.
კანონიკური კრებულების ძირითად გამოცემებში ამ კრების კანონთა ზემოთ აღნიშნული რიცხვია შეტანილი, ზოგიერთ კრებულში კი კანონთა რიცხვი 59. მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ მე-60 კანონი შეერთებულია 59-თან, ასე რომ, კანონთა საერთო შინაარსს არაფერი აკლია. მე-60 კანონი არ არის მხოლოდ იოანე სქოლასტიკოსის ბერძნულ კრებულში (50 ტიტლოვანი ნომოკანონი) და მის ლათინურ თარგმანში, რომელიც დიონისე მცირემ შეასრულა. ლაოდეკიის კრების 60 კანონი შეტანილია ძირითადი კოდექსის ქართულ თარგმანში – „დიდი სჯულისკანონი“ (გვ. 254-259).