კონსტანტინოპოლის 879 წლის კრება


კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძარში 879 წელს ფოტი პატრიარქის თავმჯდომარეობით შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც სამი კანონი გამოიტანა. ფოტი კონსტანტინოპოლელის პატრიარქად მეორედ დაადგინეს 877 წელს, ეგნატეს გარდაცვალების შემდეგ. ფოტის დაბრუნება ამ კათედრაზე კანონიერად სცნო რომის პაპმა იოანე VIII-მ. ამ კრებას, რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლეთის ეკლესიის ყველა პატრიარქი და 383 ეპისკოპოსი და რომის პაპის ლეგატები, ორი მიზანი ჰქონდა: პირველი, საპატრიარქო კათედრაზე ფოტის აღდგენა და დამტკიცება, რაც თავისთავად გულისხმობდა 869 წლის საეკლესიო კრების საქმიანობის უკანონობის აღიარებას და გაუქმებას, მეორე – რწმენის სიმბოლოში ყოველგვარ ცვლილებათა შეტანის გამორიცხვას. რა თქმა უნდა, კრებას მშედველობაში ჰქონდა დასავლეთის ეკლესიის მიერ სულიწმიდის ძისაგან გამომავლობის დამატება.
886 წელს იმპერატორმა ლეონ V-მ ფოტი ისევ გადააყენა პატრიარქობიდან – უკვე საბოლოოდ. 891 წელს ფოტი გარდაიცვალა.
დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის საეკლესიო დაძაბულობის შესანელებლად 893 წელს კონსტანტინოპოლში შედგა კიდევ ერთი კრება, რომის პაპის, ფორმოზისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ანტონის ინიციატივით, რომელზედაც კანონიერად სცნეს და თავიანთ უფლებებში აღადგინეს ყველა საეკლესიო პირი, რომელიც ხელდასხმული იყო, როგორც ფოტის, ასევე ეგნატეს მიერ. ასე შედგა ფორმალური შერიგება ამ ორ ეკლესიას შორის, მაგრამ შინაგანი ერთიანობა მაინც მიუღწეველი დარჩა.
861 და 879 წლების საეკლესიო კრებათა ავტორიტეტი ბიზანტიურ ეკლესიაში თითქმის მსოფლიო კრებათა თანაბარია. საეკლესიო კრებათა შუა საუკუნეების ცნობილი კომენტატორები ბალზამონი, ზონარა, ბლასტარი და სხვ. კონსტანტინოპოლის „პირველ-მეორე“ კრებას მსოფლიო კრებას უწოდებენ, ხოლო 879 წლის კრება კი თავის თავს მსოფლიო კრებად მოიხსენიებს (იხ. მისი I კანონი). შეიძლება ითქვას, რომ ამ კრებას ბერძნები დღემდე მსოფლიო კრებას უწოდებენ, რაც ჩანს აღმოსავლეთის ეკლესიების პატრიარქთა საყოველთაო (ირგვლივ მოსავლელი) ეპისტოლედან (М. Остроумов-ის დასახ. ნაშრომი, გვ. 228) (იხ. „დიდი სჯულისკანონი“, გვ. 4487-448).