კონსტანტინოპოლის 394 წლის ადგილობრივი კრება


 დასახელებული კრება მოიწვიეს ერთი კონკრეტული სადავო საკითხის გამო, რაც დასახელებულია კრების სათაურშივე – ორი ეპისკოპოსის – აღაპისა და ვაღადის ცილობა ქ. ბოსტრიის სამიტროპოლიტო კათედრაზე. ამ კათედრაზე ხელდასხმული იყო ვაღადი. მის ადგილზე არყოფნის დროს მისმა ორმა ხელქვეითმა ეპისკოპოსმა იგი განკვეთა ეკლესიიდან რაღაც დანაშაულისათვის ისე, რომ არ მოისმინეს ვაღადის თავისმართლება და მის ადგილზე დაადგინეს აღაპი. ვაღადიმ საჩივრით მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქს – ნექტარს. პატრიარქის ბრძანებით 394 წ. სექტემბერში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც 17 ეპისკოპოსის მონაწილეობით (რომელთა შორის იყვნენ: გრიგოლ ნოსელი, ამფილოქე იკონიელი, თეოფილე ალექსანდრიელი და სხვ.) ნიკეის I მსოფლიო კრების მეოთხე და მოციქულთა 74-ე კანონების საფუძველზე მიიღო დადგენილება, რომ ეპისკოპოსის განკვეთა შეუძლია მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებას და არა ორს ან სამ ეპისკოპოსს. 691 წლის ტრულის კრებამ თავისი მე-2 კანონით დასახელებული კანონი დაამტკიცა ქრისტიანული ეკლესიისათვის სავალდებულო საეკლესიო კანონთა რიცხვში. ეს ვრცელი ამონაწერი კრების აქტებიდან შეტანილია „დიდ სჯულისკანონშიც“ (გვ. 363-365).