კონსტანტინოპოლის მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება


ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მიერ განკვეთილი ევტიქის მწვალებლური მოძღვრება მონოფიზიტობის შესახებ წყარო გახდა ახალი მწვალებლობის – მონოთელიტობის წარმოშობისათვის. ეს მოძღვრება იყო მცდელობა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგებისა. მონოთელიტობა მონოფიზიტების საწინააღმდეგოდ და დიოფიზიტების მსგავსად ქრისტეში განხორციელების შემდეგ ორი ბუნების არსებობას აღიარებდა, ხოლო მონოფიზიტების მსგავსად და დიოფიზიტების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქრისტეში ერთი ნებისა და ენერგიის არსებობას ქადაგებდა. ეს მოძღვრება საეკლესიო განხეთქილების აღმოფხვრასთან ერთად სახელმწიფოს ერთიანობის და სიმტკიცის მიზნებსაც ეყრდნობოდა. ბიზანტიის იმპერატორთა ერთი წყება (დაწყებული ჰერაკლეთი კონსტანტინე პოგონატის მეფობის დაწყებამდე – 622-680 წწ.) ამ მოძღვრებას უჭერდა მხარს.
ქალკედონის კრებამ მიზანს ვერ მიაღწია. ევტიქის მწვალებლური მოძღვრება – მონოფიზიტობა ვერ აღმოფხვრა. პირიქით, ქრისიტანული სამყარო ორ უზარმაზარ ბანაკად გაიყო და მათ ერთმანეთში გააფთრებული ბრძოლა გააჩაღეს. მონოფიზიტობამ მტკიცედ მოიკდა ფეხი ეგვიპტეში, სირიაში, სომხეთში და ბიზანტიის იმპერიის სხვა აღმოსავლურ პროვინციებში და სრულებით არ ჰგავდა სასიკვდილოდ განწირულ მოძღვრებას. საჭირო გახდა იმპერიაში უნიონალური პოლიტიკის გატარება როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური კუთხით.
ჰერაკლე იმპერატორმა მონოთელიტური მოძღვრების ერთ-ერთი მედროშე, ფაზისის მიტროპოლიტი კიროსი (ქართულში კვიროსი) ალექსანდრიის პატრიარქად და ეგვიპტის პოლიტიკურ განმგებლად დანიშნა. მონოთელიტური მოძღვრების მამამთავრად თეოდორე ფარანელი – მონოფიზიტი ეპისკოპოსი ითვლება, ხოლო მის აქტიურ მხარდამჭერებად კი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი სერგი, იაკობიტთა წრეში აღზრდილი სირიელი და კიროს ალექსანდრიის პატრიარქი – ფაზისელყოფილი (რომელსაც ეკუთვნის 9 პუნქტისაგან შედგენილი ანათემა სარწმუნოების საკითხებზე). მათ ებრძოდა სოფრონი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ბერი იყო, მან ეპისტოლეებით მიმართა სერგი კონსტანტინოპოლელს და კიროს ალექსანდრიელს, ხოლო როდესაც იგი იერუსალიმის პატრიარქი გახდა, მოიწვია ეპისკოპოსთა კრება, რომელმაც გამოააშკარავა მონოთელიტობის არსი და შეაჩვენა ეს მოძღვრება და მისი მქადაგებლები. სერგი პატრიარქმა იჩივლა რომის პაპ ჰონორიუსთან და სოფრონ იერუსალიმელს ახალი ერეტიკული მოძღვრების ქადაგება დააბრალა, რაც ქრისტეში ორი ნებისა და ორი მოქმედებების არსებობაში გამოიხატებოდა. პაპის გულგრილმა პასუხმა, რომ შეეწყვიტათ კამათი ამ საკითხებზე, მონოფიზიტები შეაგულიანა, რომ ჰონორიუსი მათი მოძღვრების დამცველად მიეჩნიათ. სერგის მემკვიდრეები კონსტანტინოპოლის კათედრაზე – პიროსი, პავლე, პეტრე ისევე, როგორც ჰერაკლეს მემკვიდრეები – შვილი კონსტანტინე და შემდეგ შვილიშვილი კონსტანტი მონოთელიტობის ერთგულნი დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპმა მარტინემ და მოწვეულმა ლატერნის კრებამ ერეტიკოსებად გამოაცხადა უკვე გარდაცვლილები: თეოდორე ფარანელი, კიროს ალექსანდრიელი, სერგი და პიროს კონსტანტინოპოლელები, აგრეთვე ცოცხალი პავლე კონსტანტინოპოლელი და აღიარა ქრისტეში ორი ნება და ორი მოქმედება. კონსტანტი იმპერატორი სასტიკად გაუსწორდა მონოთელიტობის წინააღმდეგ ბრძოლაში პაპის მოკავშირეს და დამხმარეს მაქსიმე აღმსარებელს და მის მოწაფეებს, ხოლო პაპი დააპატიმრა და გადაასახლა ხერსონში, სადაც ის ხანგრძლივ და შევიწროებულ ცხოვრებაში გარდაიცვალა.

კონსტანტის მოკვლის შემდეგ ტახტზე ასულმა კონსტანტინე პაგონატი თავისი წინაპრების საწინააღმდეგო მოქმედებას შეუდგა: ჯერ პაპ დომინთან, ხოლო შემდეგ მის მემკვიდრესთან – აგათონთან დაიწყო მოლაპარაკება მონოთელიტთა გასანადგურებლად მსოფლიო კრების მოწვევის საკითხებზე.