კონსტანტინოპოლის ე.წ. „პირველ-მეორე“ კრება


861 წლის კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრების მოწვევის ძირითადი მიზეზი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საეკლესიო განხეთქილება და ხატთმებრძოლეობის მწვალებლობის აღორძინება და გაძლიერება გახდა. ამ კრებას წინ უძღოდა დაძაბული ვითარება: თანდათან იკვეთებოდა აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიებს შორის განხეთქილება და მათი დაშორების აუცილებლობა. 857 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქობიდან ეგნატეს გადაყენებამ და მის ადგილზე სამეფო კარის დიდებულის – ფოტის დადგენამ საბაბი მისცა რომის პაპს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის საშინაო საქმეებში ჩარეულიყო. პატრიარქმა ფოტიმ მოიწვია საეკლესიო კრება და რომის პაპსაც – ნიკოლოზ I-ს მოწვევა გაუგზავნა. მან კრებაზე თავისი ლეგატები გამოგზავნა. კრება, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც მსოფლიო კრება, შედგა 861წ. მოციქულთა სახელობის ეკლესიაში, რომელსაც 308 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრებამ სამართლიანად სცნო ეგნატეს გადაყენება და იგი განკვეთა ეკლესიიდან, ამასთანავე ფოტი სცნო კონსტანტინოპოლის პატრიარქად, დაგმო ხატთმებრძოლეობა და დაადგინა 17 დისციპლინარული კანონი. აზრთა სხვადასხვაობაა კრების „პირველ-მეორე“ სახელწოდების ირგვლივ: ერთნი ფიქრობენ, რომ კრება ორი განყოფილებისაგან შედგებოდა: I ეგნატეს შესახებ, მეორე – ხატთმებრძოლთა წინააღმდეგ. მეორენი – რომ ეს კრება იყო გაგრძელება 858 წლის კრებისა. ზონასა და ბალზამონის კომენტარებით – კრება შეწყვეტილი იყო არამართლმადიდებელთა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად და მეორედ შეიკრიბა დაწყებული საქმიანობის დასამთავრებლად (ათენის სინტაგმა, II, გვ. 647-648).
861 წლის კრების დადგენილებებით უკმაყოფილო ეგნატეს მომხრეებმა საჩივრით მიმართეს რომის პაპს. პაპმა რომში მოწვეულ კრებაზე 862 წ., ხოლო შემდეგ 863 წლის კრებებზე დაგმო ფოტის მიერ 861 წელს მიღებული დადგენილებები, განკვეთა ფოტი და გაამართლა ეგნატე. ეს გადაწყვეტილება მან ბიზანტიის იმპერატორს გაუგზავნა, რაზედაც იმპერატორმა მიხელმა მკვახე პასუხი გასცა (М. Остроумов, Введение в правосл…, Харьков, 1893, с. 222-227).
ფოტიმ 867 წელს მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც საზეიმო ვითარებაში დაგმო ლათინური ეკლესიის მიერ შემოტანილი ლიტურგიკული და დოგმატური სიახლენი და ნიკოლოზ რომის პაპი ეკლესიიდან განკვეთა და ანათემა გამოუცხადა მას.
ბასილი მაკედონელის სამეფო ტახტზე ასვლისთანავე ფოტი პატრიარქი გადააყენეს და კათედრაზე ისევ ეგნატე აიყვანეს. ახალმა იმპერატორმა და პატრიარქმა კრება მოიწვიეს 869 წელს, სოფიის ტაძარში, მოიწვიეს პაპი ანდრიანე II, რომელმაც ლეგატები გამოგზავნა, კრებამ, რომელსაც თავიდან 12 ეპისკოპოსი ესწრებოდა, ხოლო ბოლო სხდომაზე მათმა რიცხვმა 109-ს მიაღწია, ფოტი განკვეთა, ხოლო 861 და 867 წლის კრებათა დადგენილებები დაწვეს. კრებამ ერთხელ კიდევ შეაჩვენა ხატთმებრძოლეობა და ყველა წინანდელი წვალება. კრებამ რომის პაპი სულიწმიდის იარაღად გამოაცხადა და სცნო პაპის ხელშეუხებლობა მსოფლიო კრების მიერაც კი (კრების აქტების ლათინური თარგმანი – Migne, I, 129). კონსტანტინოპოლის 869 წლის კრება დასავლეთში VIII მსოფლიო კრებად არის მიჩნეული მაშინ, როდესაც მას აღმოსავლეთში თითქმის არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. კანონიკურ კრებულებში და „დიდ სჯულისკანონში“ ამ ადგილობრივი კრების 17 კანონია შეტანილი (გვ. 447-448).