კართაგენის კრება, ანუ აფრიკული ეკლესიის კანონთა კოდექსი


ძირითად კანონიკურ კოდექსში და მის ქართულ თარგმანში – „დიდი სჯულისკანონი“ შეტანილია 138 საეკლესიო კანონი, რომელიც 419 წლის კართაგენის ადგილობრივ საეკლესიო კრებას მიეწერება. სინამდვილეში ამ კრებაზე შედგა აფრიკული ეკლესიების სხვადასხვა დროს გამოტანილი კანონების ერთ კრებულად ჩამოყალიბება. კრებულში შეტანილია კართაგენის პროვინციაში 345-419 წლების განმავლობაში ჩატარებული 15 ადგილობრივი კრებების მიერ გამოტანილი 138 კანონი, შეჯამებული სახით წარმოდგენილი ამ კრებათაგან ბოლო – 419 წლის კართაგენის ადგილობრივ კრებაზე, რომელმაც გადასინჯა წინა კრებების მიერ გამოტანილი ყველა კანონი და აფრიკეთის ეკლესიისათვის სავალდებულოდ ცნო და დაამტკიცა შემდეგი 15 კრების კანონები: კართაგენის 345-348 წწ. (კართაგენის 419 წ. მე-5 კანონად შეტანილია 345 წლის კრების მე-10 და კართაგენის 348 წლის კრების მე-13 კანონების შეერთებით შედგენილი კანონი); კართაგენის 390 წ. (ამ კრების 9 კანონიდან გაკეთებულია 11 (2-13 კანონები); იპონის 393 წ. (30 კანონიდან გაკეთებულია 24 (14-24, 35-47); კართაგენის 397 წ. (7 კანონიდან გაკეთებულია 11 (34, 47-56); კართაგენის 401 წ. 15 ივნისის (დასახ. კრების 9 კანონი: 57–65); კართაგენის 401 წ. 13 სექტ. (19 კანონიდან შედგენილია 23 კანონი (25-27, 66-86); მილევითის 402 წ. (4 კან-დან შედგ. 5 (87-91); კართაგენის 403 წ. (2-დან 3 (91-93); კართაგენის 404 წ. (=კართ. 91 კან.); კართაგ. 405 წ. (12-ე =94-108კან.); კართ. 407 წ., კართ. 409 წ., კართაგენის 410 წ. =კართაგ. 107 კანონს; კართაგ. 418 წ. (18 კან. =108-127 კან.). კართაგენის 419 წლის კრებამ თავის მხრივ 12 კანონი დაუმატა – 29-33 და 128-133. (აფრიკული ეკლესიის კრებათა საქმიანობისა და ისტორიის საკითხები დამუშავებული აქვს Maassen-ს: Geschichre der Quellen und Literatur der kanonishen Recht in Abendeande bis rum Ausgene des Mittelalters, Gtarz, 1870 და B.T. Hefele-ს, Conciliengeschichte, ტ. I-XII, Freiburg, 1873-1887.).
ჩამოთვლილ კრებათა კანონებმა შეადგინა ის კრებული, რომელსაც აფრიკულ ეკლესიათა კანონების კოდექსი, ანუ როგორც 14-ტიტლოვან ნომოკანონში არის, კართაგენის კრების კანონები ეწოდებოდა.

ამრიგად, კართაგენის 419 წლის კრებამ დაამტკიცა 133 კანონი. ზოგიერთ კანონიკურ კრებულში და, მათ შორის, „დიდ სჯულისკანონში“, გარდა ამ კანონებისა შეტანილია 5 კანონი (134-138), სინამდვილეში კი ეს არის აფრიკულ საეკლესიო მოღვაწეთა ეპისტოლეები და პასუხები, გაცემული კართაგენის კრებისათვის ზოგიერთ საინტერესო საკითხზე.

14-ტიტლოვან სინტაგმაში კართაგენის კრების კანონები პირველად VI ს. ბოლოსა და VII ს. დასაწყისში უნდა შეეტანათ. სინტაგმის შემადგენელმა ეს კანონები პირველად თარგმნა ბერძნულ ენაზე ლათინური ენიდან, რომელზედაც ისინი დაიწერა.
კართაგენის კრების კანონებს აქვთ საეკლესიო კრების აქტების ფორმა (ისევე, როგორც სარდიკიის ადგილობრივი კრების კანონებს), რაც ფორმის თვალსაზრისით განასხვავებს მათ აღმოსავლური კრებების კანონებისაგან.
კართაგენის 419 წლის კრების მოწვევა და მის მიერ აფრიკული ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიებში მანმადე მოწვეული კრებების კანონების გადასინჯვა გამოიწვია ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა: კართაგენის პროვინციის ქ. სიკის ხუცესი აპიაროსი სხვადასხვა დანაშაულისათვის ამ ქალაქის ეპისკოპოსმა ურბანოსმა ეკლესიიდან განკვეთა. ხუცესი რომში ჩავიდა და პაპ ზოსიმეს მიმართა დახმარებისათვის. პაპმა მიიღო მისი საჩივარი და ხუცესის ეკლესიაში დაბრუნება მოითხოვა. ჩრდილო აფრიკის ეკლესიის მესვეურები წინ აღუდგნენ პაპის გადაწყვეტილებას და 418 წელს მოიწვიეს კრება, რომელმაც აკრძალა საეკლესიო პირის (ხუცესის. დიაკონის და ა.შ.) აპელაციით მიმართვა რომის ეკლესიისადმი (მე-17 კანონი). პაპმა რომ გაიგო კართაგენელების უკმაყოფილება, მან ლეგატები გაგზავნა კართაგენში. კართაგენის არქიეპისკოპოსმა ავრელიანემ იმავე, 418 წ. მოიწვია ეპისკოპოსთა კრება, რომელსაც პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ პაპის ინსტრუქციის თანახმად უნდა განხილულიყო: 1. ეპისკოპოსის აპელაციის შესახებ რომში. 2. ეპისკოპოსის ხშირი მიმოსვლის აკრძალვა სასახლის კარზე. 3. ეპისკოპოსის მიერ უსამართლოდ განკვეთილი ხუცესისა და დიაკონის საქმის განხილვა მეზობელი ეპარქიის ეპისკოპოსების მიერ. 4. ეპისკოპოს ურბანოს სივკიელის განკვეთა ეკლესიისაგან, თუკი ის არ შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას ხუცეს აპიარეს მიმართ, ანდა თავის მართლებას რომში. კამათი გამოიწვია I და III პუნქტმა, რომელიც პაპის აზრით, ემყარებოდა ვითომდა ნიკეის I მსოფლიო კრების კანონებს. სინამდვილეში კი ეს სარდიკიის მე-4 და მე-5 კანონები იყო. რა თქმა უნდა, აფრიკელმა ეპისკოპოსებმა ვერ მონახეს ნიკეის კრების კანონებში იმ კანონების მსგავსი, რომლებიც ამ კრებაზე ცეცილიანე კართაგენელმა ჩამოიტანა, ხოლო სარდიკიის კრების კანონებს ისინი არ იცნობდნენ. ზოსიმეს გარდაცვალებამ დროებით შეაჩერა აღნიშნულ საკითხთა კვლევა და ის განახლდა პაპ კელესტინეს მიერ.

419 წელს 25 მაისს კართაგენში შეიკრიბნენ 217 ეპისკოპოსი და პაპის ლეგატები. კრების თავმჯდომარე იყო არქიეპისკოპოსი ავრელიანე. კრებამ გამოიკვლია ნიკეისა და სარდიკიის კრებების კანონმდებლობები, როგორც ზემოთ ვთქვით და ჩაატარა წინა კრებათა კანონების რევიზია, ეპისკოპოს ურბანოსს შეაცვლევინეს გადაწყვეტილება და ხუცესმა აპიარემ პატიება ითხოვა ატეხილი ამბებისათვის. აღადგინეს ხუცესის პატივში, ოღონდ არა სიკის ეკლესიაში, არამედ სხვაგან, სადაც ის აირჩევდა. ნიკეის კრების აქტები გაგზავნეს რომში პაპთან გაირკვა ამ კრებების კანონთა აღრევის საკითხიც (იხ. „დიდი სჯულისკანონი“, გვ. 286-363).