კანონიკური კრებულები


ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ იმ წყაროებზე, რომლებმაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა ძირითადი კანონიკური კოდექსის შედგენილობა და შინაარსი, ე.ი. რა ოდენობით და რა ფორმებით წარმოჩინდა ეს წყაროები დასახელებულ კრებულში და მის ქართულ თარგმანში – „დიდ სჯულისკანონში“. მაგრამ ნათელია, რომ კანონიკური კრებულები დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა და აერთიანებდა უკვე არსებულ კოდიფიცირებულ კანონებს და ივსებოდა იმ კანონიკური მასალით, რომელიც იქმნებოდა საეკლესიო კრებების კანონმდებლობით და წმიდა მამათა კანონებით. ძირითადი კანონიკური კოდექსის საბოლოო, 883 წლის რედაქციის ჩამოყალიბებასა და უძველეს, დაახლოებით III საუკუნეში შექმნილ პირველ კანონიკურ კრებულებს ექვს საუკუნეზე მეტი აშორებს. მათ შორის მრავალი კრებული შეიქმნა. ნათლად ჩანს მათ შორის ევოლუციური კავშირი და მემკვიდრეობითობა, კანონიკური მასალის სისტემატიზაციის თანდათან პროგრესირებადი განვითარების სურათი.

კანონიკური სამართლის ჩამოყალიბების დასაწყისი გულისხმობს ქრისტიანული ეკლესიის სიმწიფის გარკვეულ დონეს, ამიტომ ბიზანტიის საეკლესიო მწერლობაში კანონიკური კრებულების შედგენა ქრისტიანობის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ხდება და მისი პირველი ნიმუში უნდა იყოს ნიკეის მსოფლიო კრებისა (325 წ.) კანონებთან წინა და მომდევნო პერიოდის ადგილობრივ საეკლესიო კრებათა (ანკვირიის 314 წ., ნეოკესარიის 314-319 წწ., ღანგრის 3402.) კანონებში ერთ კრებულში გაერთიანებით მოხდა და მას „პონტოს კრებული“ ეწოდა, რადგან ყველა ჩამოთვლილი კრება ბიზანტიის იმპერიის პონტოს დიოცეზში შეიკრიბა.

ქალკედონის IV მსოფლიო კრება (450 წ.) ხელმძღვანელობდა სპეციალური „კანონთა წიგნით“, რომელიც კანონთა უწყვეტი სათვალავით შეიცავდა „პონტოს კრებულს“ და ანტიოქიის (341 წ.), ლაოდიკიის (343 წ.) ადგილობრივ კრებათა და კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების (381 წ.) კანონებს, რაც აღნიშნულია ქალკედონის კრების აქტებში. ჩვენამდე არ მოუღწევია ისევე როგორც დასახელებულ ორ კრებულს, რაც ე.წ. 60-ტიტლოვან (ნაწილიანი) კანონიკურ კრებულს, რომლის შემადგენლობა ქალკედონის კრების „კანონთა წიგნთან“ შედარებით გამდიდრებული იყო მოციქულთა, სარდიკიის (343 წ.), ეფესოს III (431 წ.) და ქალკედონის (450 წ.) IV მსოფლიო კრებათა კანონებით. ამ კრებულს დაახლ. 535 წელს შედგენილად მიიჩნევდნენ. ეს იყო პირველი სისტემური ხასიათის კანონიკური კრებული, სადაც საეკლესიო კრებათა კანონები დაჯგუფებული იყო 60 ნაწილად, 60 საეკლესიო საკითხის შესაბამისად, ხოლო თვით კანონთა ტექსტები წარმოდგენილი იყო კრებულის ძირითად ნაწილში. ფიქრობენ, რომ კრებულის ბოლოს, დამატების ფორმით დართული იყო სამოქალაქო კანონმდებლობიდან მოკრებილ იმ კანონთა კრებული, რომლებიც საეკლესიო საკითხების შესახებ იყო გამოტანილი (Collectio XXV capitalorum). ცნობები ამ კრებულის შესახებ დაცულია იოანე სქოლასტიკოსის მიერ შედგენილ 50-ტიტლოვან სისტემატურ კრებულში, რომლის შესავალი თარგმნილია ქართულადაც – „დიდი სჯულისკანონის“ შესავალ ნაწილში. პირველი კანონიკური კრებული, რომელიც შეიქმნა ბიზანტიაში და ჩვენამდე სრული სახით მოაღწია, არის იოანე სქოლასტიკოსის 50-ტიტლოვანი სისტემური კანონიკური კრებული, შედგენილი 566 წლამდე. ამ კრებულში 60-ტიტლოვან კანონიკურ კრებულთან შედარებით დამატებით არის შეტანილი ბასილი დიდის ამფილოქესადმი გაგზავნილი II და III ეპისტოლეების საფუძველზე შედგენილი 68 საეკლესიო კანონი. სისტემური ნაწილი დაყოფილია 50 თავად იმ 50 საეკლესიო საკითხის მიხედვით, რომელთა ტექსტები წარმოდგენილია კრებულის ძირითად ნაწილში. ამ კრებულს ბოლოში ერთვის სამოქალაქო კანონების კრებული, გამოკრებილი იუსტინიანეს ნოველებიდან ეკლესიის შესახებ (Collectio 87 capitalorum), რომელიც შეუდგენია იოანეს 565-578 წწ. ამ ორი კრებულის გაერთიანებით უცნობ რედაქტორს დაახ. 582-602 წწ. შეუდგენია ფორმით და შინაარსით ახალი კანონიკური კრებული – 50-ტიტლოვანი ნომოკანონი (ნომოს – სამოქალაქო, ხოლო კანონის – საეკლესიო კანონები), ასეთი პრინციპით: თითოეული ტიტლოსის (ნაწილის) სახელწოდებას, წარწერილს დასმული საეკლესიო საკითხის მიხედვით, ქვეშ მიწერილი აქვს, თუ რომელი კანონები პასუხობენ ამ საკითხს (ტექსტის გარეშე), ხოლო მას მოყვება საკანონმდებლო წიგნებიდან ამოკრებილი კანონების სრული ტექსტი. შემდეგ კრებულის ძირითად ნაწილში წარმოდგენილია საეკლესიო კანონების სრული ტექსტი. კრებულს ბოლოში ერთვის სამოქალაქო კანონების 22 თავი, რომლებიც რედაქტორ-სისტემატორს ტიტლოსებში ვერ გაუნაწილებია.
50-ტიტლოვანმა ნომოკანონმა მისაბაძი მაგალითი მისცა ძირითადი კანონიკური კოდექსის პროტოტიპს – 14-ტიტლოვანი ნომოკანონის კრებულის შექმნას VII ს. ამ კრებულში ტიტლოსები დაყვანილია 14-ზე, ე.ი. შედგენილია 14 ნაწილი საეკლესიო საკითხებისა და კანონიკური მასალის სისტემატიზაციის პრინციპი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც 50-ტიტლოვან ნომოკანონში, ოღონდ შევსებულია: 419 წლის კართაგენის ადგილობრივი კრების 138 კანონით, ბასილი დიდის 23 კანონით ამფილოქესადმი გაგზავნილი I ეპისტოლის მიხედვით, გრიგოლ ნეოკესარიელის, გრიგოლ ნოსელის, ტიმოთე, თეოფილე და კირილე ალექსანდრიელების ეპისტოლარული კანონმდებლობით. გენადი კონსტანტინოპოლელის ეპისტოლით და ეპისტოლით მარტვირი ალექსანდრიელისადმი. ამ კრებულის შემდგენელის დამსახურებად ითვლება ახლად შეტანილი ვრცელი მასალისათვის ანალიტიკური საძიებლების სისტემის ჩამოყალიბება, რაც უცვლელად გადავიდა ძირითად კანონიკურ კოდექსშიც. ამ კრებულის შინაარსობრივი შევსების გზით 883 წელს ჩამოყალიბდა 14-ტიტლოვანი ნომოკანონის საბოლოო რედაქცია, რომელშიც წინა კრებულთან შედარებით შეიტანეს: ტრულის (VI კრება) კრების 102 კანონი, ნიკეის მსოფლიო VII კრების 22 კანონი, კონსტანტინოპოლის 861 და 879 წლების ადგილობრივ კრებათა კანონები, აგრეთვე ათანასე ალექსანდრიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის კანონიკური ეპისტოლეები. კრებულის შემდგენელს ახლადშეტანილი მასალა გაუნაწილებია ტიტლოსებში, გადაუსინჯავს ტიტლოსებში წარმოდგენილი სამოქალაქო კანონმდებლობა, მოძველებული ამოუღია და შეუცვლია ახლით. სწორედ ნომოკანონის ეს ბოლო რედაქცია თარგმნა არსენ იყალთოელმა „დიდი სჯულისკანონის“ სახელით.