ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება


ეფესოს III მსოფლიო კრება მოწვეული იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ნესტორის მწვალებლური მოძღვრების აღსაკვეთად, კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების მოწვევიდან 50 წლის შემდეგ, 431 წელს. კონსტანტინოპოლის კათედრაზე ნესტორის ხელდასხმას (428-431 წწ.) მოსახლეობა სიხარულით შეხვდა, რადგან იგი ანტიოქიის ერთ-ერთი მონასტრიდან გამოარჩია იმპერატორმა თეოდოსი II-მ, ხოლო მოსახლეობას ახსოვდა ანტიოქიიდან ამ კათედრაზე იოანე ოქროპირის მოსვლა. ქრისტიანული ეკლესიის ამ ერთ-ერთი უდიდეს ეპარქიის მწყემსმთავრობამ ნესტორს საშუალება მისცა თავისი მოძღვრება მორწმუნეების ფართო საზოგადოების წინაშე ექადაგა. (თავიდან ნესტორმა ეს საქმე ანასტასი მღვდელს მიანდო, რომელიც ნესტორმა ანტიოქიიდან მოიყვანა), რამაც სულ მალე ქრისტიანული სამყაროს შეშფოთება გამოიწვია. კრების მოწვევის ინიციატორი და ნესტორიანობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთაური ალექსანდრიის პატრიარქი კირილე ალექსანდრიელი (+444 წ.) იყო.

ნესტორის მოძღვრებით იესო არის მხოლოდ კაცი, რომელშიც სულიწმიდის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა ღვთისა (ლოგოსი). ამიტომ ღვთისმშობელს („თეოტოკოს“) უნდა ეწოდოს „კაცისმშობელი“ („ანთროპოტოკოს“) ან ქრისტესმშობელი („ქრისტოტოკოს“). კაცი იესო, დაბადებული მარიამისგან, იყო მხოლოდ ღვთაების საყუდარი; კაცი და ღმერთი იესოში ერთ არსებად არ გადაქცეულა; ეს კაცი, სულიწმიდის მადლით, გადაიქცა ქრისტედ, ე.ი. ცხებულად, და სიტყვა – ღმერთი იყო მასთან. ასეთმა განცხადებებმა მართლმადიდებელ მწყემსმთავართა აღშფოთება გამოიწვია. კირილე ალექსანდრიელმა და რომის პაპმა კელესტინემ სცადეს, ნესტორი დაეყოლიებინათ თავისი მოძღვრების ნებაყოფლობით უარყოფაზე, მაგრამ ამაოდ.
თეოდოსი იმპერატორის ბრძანებით III მსოფლიო საეკლესიო კრება 431 წლის 22 ივნისს გაიხსნა ეფესოში, ღვთისმშობლის ტაძარში. მას 200-ზე მეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა. მისი ბოლო სხდომა (მეშვიდე) გაიმართა იმავე წლის 31 ივლისს. კრებას თავმჯდომარეობდა კირილე ალექსანდრიელი. კრებამ პირველსავე სხდომაზე სამჯერ გაუგზავნა მოწვევა ნესტორს, რომელიც საგანგებო დაცვით იყო ჩამოსული ეფესოში, მაგრამ მან მოსვლა არ ინება. კრებამ პირველსავე სხდომაზე დაგმო ნესტორის მოძღვრება და ერესიარხი ეკლესიიდან განკვეთა. ნესტორის განკვეთიდან 5 დღის შემდეგ ეფესოში ჩამოვიდა იოანე ანტიოქიელი მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსების დიდი ამალით, კერძო სახლში გახსნა დამოუკიდებელი კრება, რომელსაც მისი მომხრე 43 ეპისკოპოსი ესწრებოდა. ამ კრებამ უარყო კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით მოწვეული კრების კანონიერება, კირილეს და ეფესოს ეპისკოპოს მემნონს აპოლინარული მწვალებლობის ქადაგება დასწამა და ისინი ეკლესიისაგან განკვეთა.
კირილესა და მის მომხრეთა დასაცავად რომიდან პაპის 3 ლეგატი ჩამოვიდა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ნესტორის განკვეთის დადგენილებას. იოანე ანტიოქიელს სამჯერ გაეგზავნა მოწვევა, რომ მას კირილესა და მემნონისადმი წაყენებული ბრალდება კრების წინაშე დაემტკიცებინა, მაგრამ იოანემ განაცხადა, რომ ის მონაწილეობას არ მიიღებდა შეთქმულთა კრებაში. კრებამ თავის მეხუთე სხდომაზე (17 ივლისს) იოანე ანტიოქიელი და მისი მომხრე ეპისკოპოსები ეკლესიიდან განკვეთა.
ასეთ არეულობაში გასარკვევად და მოწინააღმდეგე მხარეების მორიგების მიზნით, იმპერატორმა ეფესოში დიდებული იოანე მოავლინა. შერიგება არ მოხერხდა და იოანემ პატიმრობაში აიყვანა კირილე, მემნონი და ნესტორი. კირილეს და მემნონის დასაცავად იმპერატორს მრავალი ეპისტოლე გაუგზავნეს. მათ შორის იყო კონსტანტინოპოლის სამონაზვნო ცხოვრების გამოჩენილი ავტორიტეტი დოლმატიც, რომელიც 48 წლის განმავლობაში პირველად გამოვიდა თავის სამყოფელიდან და ამალით გაემართა იმპერატორის სამეფო კარისაკენ. იმპერატორმა გამოიწვია ეფესოდან 8-8 დელეგატი თითოეული ბანაკიდან და გადაწყვიტა, თვითონ მოეგვარებინა ეს საკითხი. შეხვედრა ქალკედონში შედგა. მან ხუთჯერ მოუსმინა ორივე მხარეს და დარწმუნდა კირილეს მომხრეთა კრების სიმართლეში. იმპერატორმა კირილე ალექსანდრიელი და მის მიერ მოწვეულ კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლში მიიწვია და მათ მონაწილეობა მიიღეს კონსტანტინოპოლის ახალი პატრიარქის – მაქსიმეს არჩევაში, ხოლო ნესტორი იმავე მონასტერში დააბრუნეს, საიდანაც გამოიწვია იგი იმპერატორმა. იოანე ანტიოქიელმა აღიარა თავისი დანაშაული და კირილეს შეურიგდა.
ეფესოს III მსოფლიო კრების მნიშვნელობა დიდია იმითაც, რომ მან საფუძველი დაუდო მსოფლიო კრებათა აქტების შედგენის ტრადიციას. ეფესოს კრება (აგრეთვე იოანე ანტიოქიელის კრებაც) იმოერატორს უგზავნიდა კრების თითოეული სხდომის სტენოგრაფიულ ჩანაწერებს, რათა იგი საქმის კურსში ყოფილიყო. ყველა მომდევნო მსოფლიო კრება ადგენდა ასეთ აქტებს (IV, V, VI და VII). I და II მსოფლიო კრებას ასეთი რამ არ უწარმოებია.
აღმოსავლური ეკლესიის კანონიკურ კრებულებში ეფესოს მსოფლიო კრების 8 კანონია შეტანილი. პირველი ექვსი ეხება არა დისციპლინარულ საკითხებს, არამედ სარწმუნოების დოგმის საკითხებს ნესტორის მოძღვრების დაგმობასთან დაკავშირებით.
პირველი კანონი გამოტანილია კრების I სხდომაზე, ხოლო დანარჩენი – კრების ბოლო (მეშვიდე) სხდომაზე. დასავლური ეკლესიის კანონიკურ კრებულებში, რომლებიც ბერძნულიდან არის თარგმნილი, შეტანილია ეფესოს კრების მხოლოდ ექვსი კანონი (VII და VIII კანონები არ არის შეტანილი, ალბათ იმიტომ, რომ ისინი კერძო საკითხებს ეხება). ძირითად კანონიკურ კრებულში და მის ქართულ თარგმანში – „დიდ სჯულისკანონში“ ეფესოს კრების 8 კანონს მოსდევს „ეპისტოლე პამფილის კრებისადმი“ პამფილიის ყოფილი მიტროპოლიტის, ევსტათის შესახებ, რომელიც არ შედის კანონთა სათვალავში, ხოლო ზოგიერთ მოგვიანო კანონიკურ კრებულთა თარგმანებში (სლავურ „Кормчая книга“ და სხვ.) ის მე-9 კანონად არის წარმოდგენილი.
ეფესოს კრების კანონები („დიდი სჯულისკანონის“ მიხედვით) წარმოადგენს იმ ეპისტოლის შემადგენელ ნაწილს, რომელიც კრებამ გაუგზავნა „თითოეულის სამთავროჲსა და ქალაქისა ეპისკოპოსთა, ხუცესთა და დიაკონთა და ყოველსა ერსა“.