ეპისტოლე 1263 წლის საეკლესიო კრებისა დავით ულუსადმი


უფრო ზუსტად „ულტიმატუმი“ („საქართველოჲსა ეკლესიათა დავჰბეჭდავთ, ხუცესთა დავაყენებთ წირვისა და ნათლვისა და სამკუდროთა ზიარებისაგან“) იმდენად არის კანონიკური სამართლის ძეგლი, რამდენადაც კრება მოუწვევიათ და ეს გადაწყვეტილება დაუწერიათ აღმოსავლეთ საქართველოს მეფის ულუ-დავითის (1247-1270 წწ.) მიერ საეკლესიო საკუთრების კანონმდებლობის ხელყოფის მიზეზით, რაც საეკლესიო მიწების გაყიდვა-გასაჩუქრებაში გამოიხატებოდა. აგრეთვე პროტესტის მიზეზი იყო ეკლესიის მიერ ზოგიერთი საერო და სასულიერო პირისათვის დადებული სასჯელის სამეფო კარზე გასაჩივრების შემდეგ მეფისაგან მათი გაუქმება და, საერთოდ, მეფის ეკლესიისადმი მესაკუთრული დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი ბოლონაკლული უნდა იყოს, რადგან ტექსტი თითქოს დასრულებულია, მაგრამ კრების მონაწილეთა ხელმოწერები არ ჩანს. არადა პატრიარქისა და მასთან შეკრებილი აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიათა მწყემსმთავართა დასტური მათი ხელრთვებით უნდა დამტკიცებულიყო. (ცენტ. საარქ. სამართ. არქივი ფონდი 1448, საბუთი #6501, დედანი, ე.ი. 1263 წ. გამოცემულია ხუთჯერ თ.ჟორდანია, ქრონიკები II, 163-166; გ. გოზალიშვილი, საისტორიო მოამბე, I, 1925, 220-223; ივ.ჯავახიშვილი, შრომები; ი.დოლიძე, სამართლის ძეგლები, III, გვ. 161-164; ქართული სიტორიული საბუთების კორპუსი, I, გამოსცეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილიმა, თბილისი, 1984).