ანტიოქიის ადგილობრივი საეკლესიო კრება


ანტიოქიის ადგილობრივი საეკლესიო კრება გაიმართა 341 წელს, რომლის მთავარი მიზანი ახლად დამთავრებული ეკლესიის კურთხევა იყო. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო კონსტანტინე დიდმა, ხოლო დაასრულა მისმა მემკვიდრემ კონსტანციმ. როგორც წყაროები მოწმობს, მას 100-მდე ეპისკოპოსი დაესწრო. კრებას თავმჯდომარეობდა ანტიოქიის ეპისკოპოსი პლაკეტი. კრების ისტორიული მნიშვნელობა იმ 25 დისციპლინარულმა კანონმა განსაზღვრა, რომლებიც კრებამ დაადგინა ძირითადი მისიის (ეკლესიის კურთხევის) შემდეგ. ანტიოქიის ამ კრებაზე მოხდა ფაქტი, რომელიც მის კანონმდებლობაში არ არის ასახული – ამ კრებამ მიიღო დადგენილება ათანასე ალექსანდრიელის (+373 წ.) ეპისკოპოსობის ხარისხიდან განკვეთის შესახებ. მას არ შეუშლია ხელი, რომ ანტიოქიის კრების კანონებისათვის „წმიდა მამათა კანონები“ ეწოდებინათ და შეეტანათ კანონიკურ კრებულში მსოფლიო კრებათა კანონების სწორ-ფარდად (ათანასეს საკითხის ასახსნელად ვრცელი ლიტერატურა არსებობს – იხ. ჰეფელე, I, Coucilengeschichte, I, პ. 81-93; Заозерский Н., Исторические обозрения источников права, с. 188 და სხვ.).