ანკვირიის ადგილობრივი საეკლესიო კრება


314 წელს ანკვირიაში (გალატელთა პროვინცია) მოიწვიეს კრება, რომელსაც 18 ეპისკოპოსი ესწრებოდა და თავმჯდომარეობდა ვიტალი ანტიოქიელი (ჰეფელე, I). კრების მოწვევის საბაბი, გარდა მისი პერიოდულობისა, იყო საკითხი, მიეღოთ თუ არა ქრისტიანულ ეკლესიაში ის მორწმუნეები, რომლებიც მაქსიმიანე იმპერატორის (დეოკლეტიანეს თანამმართველი) დროს ქრისტიანთა დევნის პერიოდში შიშისა და ძალდატანების გამო განუდგნენ ქრისტიანობას და შედარებით მშვიდობიანობის დადგომის შემდეგ იხვეწებოდნენ ეკლესიაში მიღებას. ეს საკითხები კრების მიერ შემუშავებულ 25 კანონში აისახა. ამათგან პირველ-მეცხრე და მეთორმეტე კანონები ზემოაღნიშნულ საკითხებს ეხება, ხოლო დანარჩენი – საეკლესიო დისციპლინის ზოგად საკითხებს. ანკვირიის კრების მე-10 კანონი „ტრულის“ კრებამ თავისი მე-6 კანონით გააუქმა (სასულიერო პირთა ქორწინების შესახებ).