ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონმდებლობა


 ადგილობრივი საეკლესიო კრებების მოწვევის ტრადიცია წინ უსწრებს მსოფლიო საკელესიო კრებებს. ეს ფაქტი ადვილი ასახსნელია: მსოფლიო კრებათა მოწვევა შესაძლებელი გახდა ქრისტიანული სარწმუნოების ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად აღიარების შედეგად, ე.ი. მხოლოდ IV ს. I მეოთხედის შემდეგ, ხოლო მანამდე, 3 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობა სანახევროდ არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქრისტიანულმა ეკლესიამ თითქმის საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი იურიდიულ-ორგანიზაციული სახე, რაშიც გარკვეული როლი ამ პერიოდის ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონმდებლობასაც მიუძღვის.
მსოფლიო საეკლესიო კრებათაგან განსხვავებით, ადგილობრივი საეკლესიო კრება ბიზანტიის სხვადასხვა პროვინციაში ქრისტიანული ეკლსიის მუდმივმოქმედი პერიოდული ორგანო იყო. თითოეულ ეპარქიაში, არსებული ტრადიციით, წელიწადში ორჯერ (უკიდურეს შემთხვევაში – ერთხელ მაინც) უნდა ჩატარებულიყო ეპსკოპოსთა კრება, რომელსაც ეპარქიის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ საეკლესიო კანონები უნდა დაედგინა.
მოციქულთა კანონებში და ნიკეის I მსოფლიო კრების კანონებში ნათლად ჩანს ეს ტრადიცია. მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა შორის განსხვავება საკანონმდებლო კომპეტენციაში მნიშვნელოვანია: მსოფლიო კრებათა კანონმდებლობა სავალდებულო ნორმა იყო მთელი ქრისტიანულ-მართლმადიდებელი სამყაროსათვის, მხოლოდ მას ჰქონდა უფლებამოსილება, ჩამოეყალიბებინა ძირითადი საეკლესიო დოგმატის ფორმულა, რისი უფლებაც ადგილობრივ კრებას არ ჰქონდა. განსხვავება იყო მათ შორის დისციპლინარული კანონების ჩამოყალიბებაშიც: მსოფლიო კრება ადგენდა ყველასთვის სავალდებულო ნორმას, ხოლო ადგილობრივს მხოლოდ ვიწრო ეპარქიალური მნიშვნელობის კანონების დადგენა შეეძლო. მთელ კანონიკურ კოდექსში ადგილობრივ საეკლესიო კრებათა უთვალავი რაოდენობიდან, მხოლოდ 10 ადგილობრივი კრება არის შეტანილი და მათ კანონმდებლობას საყოველთაო საკანონმდებლო ნორმის მნიშვნელობა მას შემდეგ მიენიჭა, რაც VI მსოფლიო (ე.წ. „ტრულის“) კრებამ ეს კრებები შეარჩია და მათი კანონშემოქმედების აუცილებელი საჭიროება დაამტკიცა (მე-2 კანონი). ამასთანავე, ადგილობრივი კრების კანონთა მოქმედების ხანგრძლივობა და მოქმედების სფერო გაცილებით შეზღუდულია, რადგან რომელიმე კონკრეტული კანონი შეიძლება შეასწოროს ან გააუქმოს ამავე ეპარქიის მომდევნო ადგილობრივმა კრებამ.
ადგილობრივ კრებათა კანონმდებლობას ზოგი ძველი კანონისტი მეცნიერები იწყებენ მოციქულთა კრებით, რომელიც, მათი ვარაუდით, 46 წელს შედგა და შეადგინა საეკლესიო კანონები. სხვა ცნობები I-II ს-ის. საეკლესიო კანონმდებლობის ისტორიაში ცნობილი არ არის. როგორც ფიქრობენ, I-II საუკუნეებში ეკლესია კმაყოფილდებოდა უძველესი დროიდან მომდინარე ტრადიციული, ანუ ჩვეულებითი კანონმდებლობით – „სჯულით“ (ზაოზერსკი).
პირველი ადგილობრივი კრება, რომელმაც 2 კანონი დაადგინა, არის კართაგენის კრება მოწვეული ეპისკოპოს აგრიპინეს თავმჯდომარეობით 218-222 წწ. (ჰეფელე, I, გვ. 94), თუმცა უცნობია კრების მონაწილეთა რაოდენობა და კრების წერილობითი საქმიანობა. ამ კრების შესახებ ცნობილია მხოლოდ კვიპრიანე კართაგენელის ეპისტოლიდან კვინტის მიმართ. უფრო მეტი ცნობებია დაცული ადგილობრივი კრებების შესახებ თვით კვიპრიანე კართაგენელის მოღვაწეობის პერიოდიდან (I ს-ის. ბოლო – 258 წლამდე). ეს ცნობები ძირითადად მის წერილებშია დაცული. 251 წლის კართაგენის კრება, რომელიც იხილავდა ქრისტიანობის დევნის პერიოდში სხვადასხვა ცოდვით დაცემულ ქრისტიანთა საკითხს, ერთ-ერთი ხალხმრავალი კრება ყოფილა. ამ კრებას გამოუტანია დადგენილებები, რომლებიც გრაგნილის სახით დაეგზავნა კართაგენის ეკლესიის ეპარქიებს. ამ გრაგნილს ჩვენამდე არ მოუღწევია (ჰეფელე, I, 94). 255 წლის, ისევ კვიპრიანეს თავმჯდომარეობით მოწვეული კართაგენის კრების კანონების არსებობა დადასტურებულია VI კრების მე-2 კანონში: „მერმეცა კჳპრიანე მთავარებისკოპოსისა აფრიკელთა სოფლისა და მოწამისა და მისთანაჲსა კრებისა მიერ დასხმულნი კანონნი, რომელთა განწესებაჲ მხოლოდ მის სამთავროჲსა ადგილთა შინა ოდენ ჩუეულებად დამტკიცებულ არს“. ცნობილია აგრეთვე კართაგენის 256 წ. ორი კრების შესახებ, რომელთაგან ერთს 71 ეპისკოპოსი ესწრებოდა, ხოლო მეორეს – 87. საეკლესიო საკითხებში გასარკევად რეკომენდებული იყო მიემართათ იმ უძველესი ეკლესიის პრაქტიკისათვის, რომელიც მოციქულთა მიერ დაარსებულად ითვლებოდა. კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსი კვიპრიანეს მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში აღნიშნავს: „განვიხილეთ რა ეს საკითხი მთელი გულმოდგინებით და სისრულით იკონიის კრებაზე, დავადგინეთ, ავკრძალოთ ყოველგვარი ნათლისცემა, რომელიც ეკლესიის გარეთ ხდება“. (Творение св. Киприана, стр. 308). თავის „საეკლესიო კრებათა ისტორიაში“ ჰეფელე, I-ს IV ს-დან VI-ს I ნახევრამდე, იმპერატორ იუსტინიანე I-ის გამეფებამდე, დასახელებული აქვს 58 ადგილობრივი კრება, რომლებსაც საერთო ჯამში 1129 კანონი შეუმუშავებია. ბოლოს, იმ IV-VIII სს-ის აბდგილობრივი კრებების შესახებ, რომლებიც შესულია ძირითად კანონიკურ კოდექსში და „დიდი სჯულისკანონის“ შემადგენლობაში.